კვება მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ გარკვეული პროდუქტების ხშირი და ზედმეტი რაოდენობით მიღება ბავშვებში საერთო სისუსტესა და მოთენთილობას იწვევს. ამის შესახებ ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია პედიატრთან, თსსუ-ს პროფესორთან, ყარამან ფაღავასთან ერთად გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს:
- უკანასკნელი კვლევებით გაირკვა, რომ სისუსტის, მოთენთილობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა წყლის არასაკმარისი მიწოდება იყოს. როგორ შეიძლება ეს აღმოვაჩინოთ? მაგალითად, სახლში გვაქვს გათბობა, საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე. მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით რომ გადაადგილდება პატარა, როგორც წესი საკმაოდ ცხელა. თუ ცივ გარემოაში აღმოჩნდება და არასაკმარისად მიიღებს წყალს, ეს შეიძლება მის მდგომარეობაზე ისე აისახოს, როგორც მოთენთილობა და სისუსტე.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები, რომლებიც სასარგებლო საკვებით დატვირთეს, ძალიან კარგად იქცეოდნენ, ხოლო ის ბავშვები, რომლებიც ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებით, ტკბილეულით, ნუგბარით უხვად დაიტვირთნენ, ძალიან ცელქობდნენ და საღამოს ძალიან გაუჭირდათ ჩაძინება. თუ ბავშვი ძალიან ბევრ ტკბილეულს მიიღებს, გარკვეულ პერიოდში შეიძლება მოთენთილობა და სისუსტე ჰქონდეს. ამიტომ, მიაქციეთ ყურადღება, იმაზე მეტ ადვილად შეთვისებად ნახშირწყალს ხომ არ იღებს, ვიდრე საჭიროა. ხომ არ არის მის რაციონში ზედმეტად ბევრი ე.წ. ცრუ კალორია. ასევე, მიაქციეთ ყურადღება, ხომ არ არის ბავშვის ულუფა ძალიან დიდი იმიტომ, რომ ე.წ. დანაყრებული, ძღომის ზღვარზე მყოფი ორგანიზმი, მიდრეკილია მოდუნების, მოთენთილობისა და ძილიანობისკენ. თუ ჩვენ ბავშვს სისტემატურად დიდ ულუფას ვაწვდით, ეს არ არის კარგი, განსაკუთრებით მეცადინეობის წინ. სასურველია, რომ მისთვის გათვლილი ულუფა დანაწილებული და მრავალჯერადი იყოს.
დადგენილია ტრანსცხიმები როგორ ცუდ სამსახურს უწევს ჩვენს უჯრედებს, ბავშვების შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია საერთო მდგომარეობაზეც აისახოს. თუ თქვენ პატარას უყვარს მდუღარე ცხიმში მომზადებული სხვადსხვა პროდუქტი და მათი გამოყენების უფლებას სისტემატურად აძლევთ, ეს შეიძლება დიდი პრობლემა იყოს.
თუ თქვენს შვილს ძალიან უყვარს გაზიანი სასმელი და ოჯახშიც ხშირად იყენებთ, შესაძლოა ეს არ იყოს ტკბილი, დაშაქრული ან ენერგეტიკული სასმელი და იყოს მინერალური წყალი, დაგაზვის შემთხვევაში ორგანიზმიდან კალციუმს გამოიტანს იმიტომ, რომ ეს ნახშირორჟანგია, ებმის კალციუმს და ყოველთვის გამორეცხავს ორგანიზმს კალციუმისგან. ასევე, ორგანიზმში ანტიბიოტიკების გამოყენებით კალციუმის დონე ქვეითდება.
თუ ბავშვი ავადმყოფობს ან გამოჯანმრთელების ფაზაშია, განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო. მაყურებლებს უჩნდებათ კითხვა, D ვიტამინის შევსება შესაძლებელია თუ არა პროდუქტებიდან. რა თქმა უნდა, თუ ის რეგულარულად მიიღებს თევზს, რძის ნაწარმს, რომელშიც ასევეა გარკვეული რაოდენობით D ვიტამინი, ამავე დროს, ამ პროდუქტების შეთვისებაში გვეხმარება ომეგა 3, რომელიც არა მხოლოდ თევზშია, არამედ ნიგოზში, თხილში და ასე შემდეგ.
კითხვაზე იოდის შევსება საგანგებოდ სჭირდება თუ არა პატარა ასაკში ბავშვს, პედიატრმა, თსსუ-ს პროფესორმა, ყარამან ფაღავამ განაცხადა:
- საკვებით ყველაფრის რეგულაციაა შესაძლებელი, მაგრამ ძნელად გამოდის, ამიტომაც საყოველთაოდ მიღებულია, მით უმეტეს, იმ რეგიონებში, სადაც იოდის დეფიციტია, იოდირებული მარილის გამოყენება. მე მომხრე ვარ იოდირებული მარილის გამოყენების. სკოლაშიც ზოგჯერ როცა კარგად არ სწავლობენ, არ არის გამორიცხული, იოდის ნაკლებობთ იყოს გამოწვეული. იოდს არ მიირთმევენ საკმარისად, ის კი აუცილებელია გონებრივი განვითარებისთვის.
მარი მალაზონია:
რაც შეეხება თევზეულს, როგორც D ვიტამინის წყაროს, კალმახი მართალია, ძალიან ადვილად შესათვისებელი ცილაა. ძალიან ნაზია, არ აქვს მკაფიო, მძაფრი სუნი და გემო, ამიტომ უფრო მისაღებია ხოლმე პატარებისთვის (თუმცა ფხებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ), მაგრამ, თუ სარგებელზე, D ვიტამინზე, იოდით დატვირთვაზე და ომეგა 3-ზე ვსაუბრობთ, რაც უფრო ღრმა, ცივი წყლისაა თევზი, მით უფრო მაღალია მასში ცხიმის ის ფენა, რომელიც სასარგებლო პროდუქტებს შეიცავს. ამიტომ, რეკომენდაციებში ყოველთვის ხაზგასმულია ზღვის და ოკეანის თევზი, მათ შორის იოდის შემცველობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, როდესაც ციტრუსებზე ვლაპარაკობთ, აღსანიშნავია, რაც უფრო ახლოსაა ზღვასთან მანდარინის, ლიმონის, ფორთოხლის ნარგავები, ამ პროდუქტში მით უფრო მეტი იოდი გროვდება, ამიტომ, ესეც შეიძლება გაითვალისწინოს მშობელმა.
პროდუქტები, რომლებიც ბავშვის ტვინს უფრო "მოქნილს" ხდის - მარი მალაზონიას რჩევები
"განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ გოგონების მშობლებს" - მარი მალაზონია მოზარდების დიეტის შესახებ