ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სიმსივნეების განვითარებაში ინფექციური დაავადებების როლზე საუბრობს.
- რა როლი აქვთ ინფექციურ დაავადებებს სიმსივნეების განვითარებაში?
- მსოფლიოში ყოველწლიურად კიბოს 15 მილიონამდე ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, რომელთა 15%- ზე მეტი ინფეციური დაავადებებით არის გამოწვეული. ინფექციებთან ასოცირებული სიმსივნური დაავადებების ორი მესამედი განვთარებად ქვეყნებზე მოდის.
- რომელი ინფექციური დაავადებებია დაკავშირებული სიმსივნეების განითარებასთან?
- სიმსივნეების რისკ ფაქტორებად შეიძლება მოგვევლინოს როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებები. სადღეისოდ 10- ზე მეტი ინფექციური აგენტია ცნობილი, როგორც დადასტურებული კანცეროგენი (სიმსივნის გამომწვევი) აგენტები. ეს ინფექციებია: Helicobacter pylori, B და C ჰეპატიტის ვირუსები, პაპილომავირუსის მაღალი რისკის ტიპები, ეპშტეინ- ბარის ვირუსი, მე- 8 ტიპის ჰერპესვირუსი, ადამიანის T ლიმფოტროპული ვირუსი 1, შისტოსომა და სხვ.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), რომელიც უშუალოდ ონკოგენურ ინფექციად არ ითვლება, თუმცა ამ ვირუსით ინფიცირება მთელი რიგი სიმსივნური დაავადებების რისკს ზრდის.
- რომელ სიმსივნეებს იწვევს ჩამოთვლილი მიკრობები?
- Helicobacter pylori დაკავშირებულია კუჭის კიბოს განვითარებასთან, B და C ჰეპატიტის ვირუსები ღვიძლის კიბოს მთავარი რისკ- ფაქტორებია, პაპილომავირუსის მაღალი რისკის ტიპები იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს, ეპშტეინ- ბარის ვირუსი ზრდის სხვადასხვა ტიპის ლიმფომის რისკს, მე- 8 ტიპის ჰერპესვირუსი - კაპოშის სარკომას, ადამიანის T ლიმფოტროპული ვირუსი 1 დაკავშირებულია T- უჯრედულ სიმსივნეებთან, შისტოსომა - შარდის ბუშტის კიბოსთან და ა.შ.
- ამ სიმსივნეთაგან რომლის თავიდან აცილებაა შესაძლებელი?
- ზოგადად, ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული სიმსივნეების პრევენცია უფრო მეტად არის შესაძლებელი, ვიდრე სხვა წარმოშობის ონკოლოგიური დაავადებების. ორი მათგანის წინააღმდეგ ვაქცინა არსებობს, რაც პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა და ეს შესაძლებლობა თითოეულმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს. ლაპარაკია პაპილომავირუსზე და B ჰეპატიტის ვირუსზე. რაც შეეხება ჰელოკობაქტერიას, რომელიც კუჭის კიბოს რისკ- ფაქტორია, მისი აღმოჩენა ლაბორატორიული მეთოდებით და განკურნება სადღეისოდ ადვილად არის შესაძლებელი. საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილების კიდევ ერთი საშუალებაა სკრინინგი, რომელიც ითვალისწინებს პაპ- ტესტის ჩატარებას, რაც ჩვენს ქვეყანაში უფასოა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 25- 60 წლის ქალებში.
რაც შეეხება C ჰეპატიტთან დაკავშირებულ ღვიძლის კიბოს, მისი თავიდან აცილება შესაძლებელია დროულად ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობის საშუალებით. მოგეხსენებათ, საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში ამ დაავადების დიაგნისტიკა და მკურნალობა სრულიად უფასოა.