ვფიქრობ, მარტო არ ვარ მე, რომელსაც გამუდმებით სდევს ეს კომპლექსი და ამიტომ მომინდა დამეწერა, გამეზიარებინა სხვა დედებისთვის და მათი აზრიც გამეგო.
მიუხედავად იმისა, რომ რაც ჩემს ძალებშია, მართლა ყველაფერს ვცდილობ და ვაკეთებ, მაინც სულ მგონია, რომ რაღაცას ვაკლებ შვილებს, რომ უკეთაც შეიძლებოდა, რომ არ ვარ კარგი დედა...
რომ არ ვიმუშავო, არ გამოდის, ოჯახის მდგომარეობიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერი ვქენი, რომ მაქსიმუმ 6 საათამდე ვიყო სამსახურში და 7-ის ნახევარზე ან 7-ზე უკვე სახლში ვარ, მთელ თავისუფალ დროს - სამსახურამდე და სამსახურის შემდეგ, უქმეებზე, შვილებს და მათ საჭიროებებს ვუთმობ. ვცდილობ, ჯანსაღად იკვებონ, ვატარო ხანდახან საინტერესო ადგილებში, ვისერნოთ ჰაერზე, ვისაუბროთ ძილის წინ, ვიყო მათი მეგობარი... რომ არ მემუშავა, მეტ დროსაც გავატარებდი მათთან, თუმცა ვერ შევასრულებდი მათ სხვა მოთხოვნებს, ვერ უზრუნველვყოფდი მათ წრეებს და სხვა საჭიროებებს - მეუღლის ხელფასი მხოლოდ ელემენტარულ საჭმელ-სასმელსა და გადასახადებს ყოფნის. ზაფხულისთვისაც ვაკეთებ ხოლმე დანაზოგს, რომ სადმე წავიყვანო და ჰაერი გამოვუცვალო. მათ სწავლაშიც ჩართული ვარ, ნამდვილად ვმეგობრობ ბავშვებთან - ერთი 8 წლისაა და მეორე - 12-ის...
მაგრამ ამ ყველფრის მიუხედავად, ვერ ვიშორებ განცდას, რომ მაინც რაღაც ისე არ არის. რომ მეტი შემეძლო, რომ მეტი დრო სჭირდებათ გვერდით. თუ რომელიმეს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - თუნდაც პატარა ვირუსი, იმაშიც სულ მე ვიდანაშაულებ თავს - ხომ არ გავაციე, ძაან თხლად ხომ არ გავუშვი ან პირიქით, ბევრი ჩავაცვი და გაიოფლა...
ვცდილობ, არც ძალიან შევზღუდო ჩემი მოთხოვნებით და წესებით და ვერც მეტისმეტ დამოუკიდებლობას ვაძლევ, ისევ ბევრი შიშის გამო - ისეთი უბანი გვაქვს, იმდენი ცუდი რამ ხდება ხშირად და სულ გარჩევები და ჩხუბებია, თავისუფლად ვერ ვუშვებ იმ სივრცეებში, სადაც ვერ დავინახავ. არ მინდა, სიმკაცრე გამოვიჩინო, მაგრამ ხანდახან ესეც საჭიროა, ყველაფერზე თუ დაეთანხმები, საერთოდ არ იმეცადინებენ. ცოტა თუ ხმას ავუწიე, მერე მაგასაც განვიცდი... აი არ ვიცი, რა გავაკეთო. ალბათ უფრო თავდაჯერებული უნდა ვიყო, მაგრამ არ გამომდის. შეიძლება იმის ბრალია, რომ ძალიან ბევრს ვთხოვ საკუთარ თავს, ან ტყუილად დავდევ იდეალებს და იდეალური დედა არ არსებობს. არც მინდა, იდეალური ვიყო, უბრალოდ არ მინდა, რამეში შევცდე. იმდენად დიდია მშობლობის პასუხისმგებლობა და იმდენად წვრილ ბილიკზე გიწევს გასვლა, პატარა შეცდომაც კი შეიძლება დამანგრეველი იყოს შენი შვილის მომავლისთვის და ეს მაშფოთებს.
მირჩიეთ, როგორ მოვიქცე ან გამიზიარეთ, თუ თქვენც ასე ხართ...
ბელა, 40 წლის