კვებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ორგანიზმის გაძლიერებასა და ვირუსების მიმართ მდგრადობაში. რა უნდა გავითვალისწინოთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად, რომელი პროდუქტები დაგვეხმარება ამაში და რა შემთხვევაში შევხვდებით ვირუსს მოუმზადებლად, ამ თემაზე მედიცინის დოქტორმა, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მარი მალაზონიამ გადაცემაში "პირადი ექიმი" ისაუბრა:
- ათწლეულების მანძილზე გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ C ვიტამინით ორგანიზმის დიდი დოზით დატვირთვა, შეიძლება ინფექციების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალება იყოს. თუმცა, გავიდა წლები და ეს მოსაზრება კვლევებით არ დადასტურდა. დღეს, დანამდვილებით ვიცით, რომ C ვიტამინის მიღება ყველანაირი ვირუსის თავიდან ასაცილებლად უნივერსალური საშუალება არ არის. აღმოჩნდა, რომ ე.წ. ანტიოქსიდანტები ანუ ანტიდამჟანგავები, რომელშიც მხოლოდ C ვიტამინი არ შედის, არამედ A, E ვიტამინები, აგრეთვე ისეთი ელემენტები, როგორიცაა მაგალითად სელენი, ანტიდამჟანგავების ეს კომბინაცია ძალიან კარგ შედეგს იძლევა იმისათვის, რომ ადვილად გავუმკლავდეთ ინფექციას, განსაკუთრებით თუ ამის საფუძველი ანთებაა.
მინესოტას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრმა, რომელიც დეტალურად სწავლობდა ვირუსული ინფექციებით დაზიანებულ სმენასა და სასუნთქი გზების დაცვის პრევენციულ საშუალებებს, გამოაქვეყნა რეკომენდაციები. კონკრეტული პროდუქტებით ავტომატურად ვერ დავიცავთ თავს ვერც დაავადებებისგან და ვერც გართულებებისგან, მაგრამ დაგვეხმარება, რომ გავაძლიეროთ ორგანიზმი. ყველაზე ეფექტურად ჩაითვალა ომეგა 3 -ით მდიდარი საკვების მიღება, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, თევზის. თუ ალერგიული ფონი არ გვაქვს, სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში შეიძლება ნიგოზი და თხილიც განვიხილოთ. მეორე გახლავთ ე.წ. B ჯგუფის დამხმარე ვიტამინები. ასეთია B12 ვიტამინი, რომელიც ძალიან კარგად იცავს სმენის ნერვს, და ფოლიუმის მჟავა, რომელიც, ნაკლებობის შემთხვევაში, ნერვულ სისტემაზე აუცილებლად დატოვებს კვალს, მათ შორის, სმენის ნერვზეც. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა მწვანე პროდუქტი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის გამძლე გარემო პირობების მიმართ. თერმული დამუშავების, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების დროს იკარგება. ამიტომ როდესაც მწვანე პროდუქტს ვიყენებთ, უმჯობესია კვების წინ, ახალი მომზადებული, ნედლი სახით მივიღოთ. რაც შეეხება B12 ვიტამინს, შეგახსენებთ, რომ მისი ძირითადი წყარო ცხოველური წარმოშობის ისეთი პროდუქტია, როგორიცაა ღვიძლი. ნაწილობრივ ის ხორცშიცაა, შედარებით ნაკლები რაოდენობითაა კვერცხსა და რძის ნაწარმშიც. არაცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სამწუხაროდ, B12 ვიტამინის წყაროდ არ გამოდგება.
არაერთი კვლევით დადგინდა, რომ ვირუსებს მოუმზადებლები ვხვდებით, თუ მაღალკალორიულ კვებაზე ვართ, გვაქვს საკვებში დიდი რაოდენობით მარილისა და შაქრის გამოყენების ჩვევა. მარილი ორგანიზმში წყალს აკავებს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, არ უზრუნველყოფს უჯრედებს საკმარისი წყლით. მან შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება, მაგრამ არ შეავსოს უჯრედები საკმარისი წყლით. გარდა ამისა, ორგანიზმი ვირუსებისთვის მოუმზადებელია, თუ ვიყენებთ პროცესირებულ პროდუქტებს, გზიან სასმელებს. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია მზეზე არასაკმარისი დროით დაყოვნება და D ვიტამინის ხარვეზი, ძალიან ბევრი პროდუქტისა თუ პრეპარატის გამოყენება, რომელიც ერთი მხრივ ასუსტებს ჩვენს იმუნიტეტს და მეორე მხრივ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, მათ შორის სმენის ნერვზეც. ასეთი ეფექტის შეიძლება იყოს ანტიბიოტიკები. არ ღირს ზეთის დიდი რაოდენობით, მათ შორის მცენარეული ზეთის, გამოყენება, თუ მასში დიდი რაოდენობითაა ომეგა 9. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ომეგა 9 ხელს უწყობს ანთებითი პროცესის განვითარებას.