"გაგიკვირდათ? გაოგნებული ხართ? ქალბატონები უკვე მოემზადეთ, რომ ქვები მესროლოთ?
ნუ იჩქარებთ! არსებობს ერთი ძალიან სერიოზული მიზეზი, რის გამოც საკუთარ ცოლს არ ვეხმარები და არც არასდროს ვაპირებ, დავეხმარო.
ჩემთან ჩაის დასალევად მეგობარი მოვიდა. სამზარეულოში ვისხედით და ცხოვრებაზე ვსაუბრობდით. საუბრისას წამოვდექი და ვუთხარი:
"ჭურჭელი უნდა გავრეცხო და მალე დავბრუნდები."
ჩემი მეგობარი ისე მიყურებდა, თითქოს კოსმოსური რაკეტის მშენებლობის შესახებ ვამხელდი ინფორმაციას. აღტაცებულმა მითხრა: "მიხარია, მეუღლეს რომ ეხმარები. მე არ ვეხმარები იმიტომ, რომ ერთხელ დავეხმარე და არ ეყო. შემდეგ კვირაში იატაკი მოვწმინდე და არც ერთი მადლიერი სიტყვა არ უთქვამს ჩემთვის."
დავუბრუნდი ჩემს ადგილს და ავუხსენი:
- მე არ ვეხმარები ჩემს ცოლს. ჩემს ცოლს არ სჭირდება ასისტენტი, მას პარტნიორი უნდა, რომ გვერდით ჰყავდეს. სახლში სხვადასხვა მოვალეობა გვაქვს და საოჯახო საქმის შესრულება "დახმარება" არ არის, ეს არის საქმეების გადანაწილება. არ ვეხმარები საკუთარ ცოლს სახლის დასუფთავებაში იმიტომ, რომ მეც იმ სახლში ვცხოვრობ და მეც მევალება მისი დალაგება. არ ვეხმარები საჭმლის მომზადებაში, რადგან ჭამა მეც მჭირდება, შესაბამისად, მომზადებაში მონაწილეობა მეც უნდა მივიღო. არ ვეხმარები ჭურჭლის დარეცხვაში, რადგან სადილი მეც მივირთვი და მეც უნდა დავრეცხო. არ ვეხმარები ბავშვების აღზრდაში, რადგან მამობა ჩემი მოვალეობაა. არ ვეხმარები ტანსაცმლის დაუთოებაში, რადგან ის ტანსაცმელი ჩემი და ჩემი შვილებისაა და ხანდახან მეც რომ დავაუთოვო, არაფერი მოხდება.
მე დამხმარე არ ვარ, იმ სახლის ნაწილი ვარ, სადაც ყველა ერთად ვცხოვრობთ. რაც შეეხება ქება-დიდებას, ჩემს მეგობარს ვკითხე, როდესაც მისი ცოლი ასუფთავებს სახლს, რეცხავს ჭურჭელს, ცვლის თეთრეულს, აუთოებს, უვლის შვილებს, ამზადებს საჭმელს, უხდის თუ არა მას მადლობას. მადლობას რომ თავი დავანებოთ, ეუბნება თუ არა თბილ სიტყვებს?
უცნაურია, არა? ცხოვრებაში ერთხელ რომ დაასუფთავე იატაკი, შენ ელოდები მადლობას? რატომ? გიფიქრია ამაზე, მეგობარო?
შეიძლება ფიქრობთ, რომ სახლის საქმეები მხოლოდ ქალის მოვალეობაა. შეაქეთ თქვენი მეუღლე იმ სიტყვებით, რომლითაც თავად გინდათ, რომ მოგმართონ საოჯახო საქმის შესრულებისას.
დაუდექით გვერდში და იყავით ნამდვილი თანამგზავრი, რომელიც სტუმრად კი არ მივა საკუთარ სახლში, იბანავებს, შეჭამს და დაიკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნილებებს. იცხოვრეთ საკუთარ სახლში.
საზოგადოებაში რეალური ცვლილებები სახლიდან იწყება. ასწავლეთ შვილებს ოჯახური თანადგომა!"