მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, ნაპოვნია!
"ლოტო 6/42"-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა. "საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ" ყველაზე იღბლიან ადამიანს ბათუმში, დევნილთა დასახლებაში მიაგნო.
1 182 454 ლარი 77 წლის ვალიკო კვაჭაძემ და მისმა შვილმა გიორგი კვაჭაძემ მოიგეს.
დღე ჩვეულებრივი იყო... ჯერ რიგში იდგა სოციალურად დაუცველების სასადილოში, შემდეგ შვილმა გამოუარა და სახლისკენ ერთად გაემართნენ, გზად ჯიხურთან შეჩერდნენ. 18 იანვარს „ლოტო 6/42“-ის ბილეთი შეიძინეს. ციფრებიც ერთად შეავსეს - მამა კარნახობდა, შვილი კი ბილეთს ავსებდა.
ბევრი იფიქრეს, განსაკუთრებით ბოლო ციფრზე დაფიქრდნენ და საბოლოოდ ეს კომბინაცია დასვეს - 17, 24, 25, 29, 33 და 36. კომბინაცია, რომელმაც კვაჭაძეების ცხოვრება წამიერად ზღაპრულ სიუჟეტად აქცია და სამუდამოდ უკეთესობისკენ შეცვალა.
ბილეთის შეძენამდე ერთი დღით ადრე, 17 იანვარს ვალიკო კვაჭაძეს 77 წელი შეუსრულდა. მანამდე ის და მისი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების მძიმე ყოფით ცხოვრობდა. უკვე რვა წელია, საკუთარი ბინა დაგირავებული აქვთ და ბათუმის დევნილთა დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ.