ქვეყანაში გრიპის მეორე ტალღა არ დაწყებულა. პირიქით, შემთხვევები მკვეთრადაა შემცირებული. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განგვიცხადა.
"დეკემბრის ბოლო ორი და იანვრის პირველი კვირა პიკი იყო. იანვრის მეორე კვირიდან შემცირება დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მეორე ტალღას მარტისთვის უფრო ველოდებით. ვაკვირდებით სიტუაციას. ახლა ქვეყანაში ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს. მომართვიანობის გაზრდა არც სასწავლო პროცესის განახლებას გამოუწვევია. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამინდი. თოვლი, წვიმა და დაბალი ტემპერატურა უფრო მეტად განაპირობებს დახურულ სივრცეში თავშეყრას. ამინდი შედარებით უფრო კარგია და ესეც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. "- ამბობს ივნე ჩხაიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, ჯერ-ჯერობით ისევ გრიპის პირველი ტალღაა.
"B ტიპის ვირუსთან ერთად წამოსულია რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელიც გრიპის მაგვარ სიმპტომატიკას იწვევს და თუ მომავალში მცირედი მატება იქნება, შესაძლოა მას დავუკავშიროთ. ვაკვირდებით სიტუაციას"- ამბობს ხათუნა ზახაშვილი
გრიპის ნიშნებია მაღალი ტემპერატურა, 38 გრადუსი და მეტი, საერთო სისუსტე, თავისა და ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი.
რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი იწვევს სასუნთქი გზებისა და ფილტვების ინფექციებს. ის იმდენად ხშირია, რომ თითქმის ყველა ბავშვში გვხვდება 2 წლამდე. ვირუსი ზრდასრულებშიც გვხვდება.
მოზრდილებში და უფროსი ასაკის ჯანმრთელ ბავშვებში რესპირატორულ-სინციტიალური ინფექციის სიმპტომები მსუბუქია და წაგავს ზოგადი გაციების გამოვლინებებს. დისკომფორტის მოსახსნელად სახლის პირობებში მიღებული ზომები, როგორც წესი, საკმარისია.
ვირუსით ინფექცია, ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მძიმედ მიმდინარეობს, განსაკუთრებით ნაადრევად გაჩენილ ბავშვებში და ახალშობილებში, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებათ. ვირუსმა შესაძლოა სერიოზული ავადმყოფობა გამოიწვიოს მოხუცებში და გულისა და ფილტვის დაავადების მქონე ზრდასრულებში. ინფექცია ასევე რთულად მიმდინარეობს სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.
თამარ იაკობაშვილი