ხშირად ისმის კითხვა, რას აკეთებს სახელმწიფო მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, სინამდვილეში რა ეკუთვნით ასეთი ოჯახების შვილებს და რისი მოთხოვნა შეუძლიათ კანონიერად. ამ კითხვებით დედაქალაქის მერიასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ.
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მერიის დაფინანსებით სხვადასხვა სპორტულ და სახელოვნებო წრეებზე უფასოდ სიარული შეუძლიათ. საინტერესოა, რა შემთხვევაში ენიჭება ოჯახს მრავალშვილიანის სტატუსი და რას მოიცავს მათთვის გათვალისწინებული პროგრამა.
"თუ სოციალურად დაუცველ ოჯახში სამი ან მეტი არასრულწლოვანი ჰყავთ და მათი სარეიტინგო ქულა 70 000-ზე დაბალია, თითოეულ ბავშვზე 50-50 ლარს აიღებენ. თავად მოქალაქეს განცხადებით მომართვა არ სჭირდება. მას შემდეგ, რაც დედას შეეძინება მესამე ან მეტი შვილი, ბაზაში ჩაამატებენ და სოციალური მომსახურების სააგენტო მონაცემებს ჩვენთან გადმოგზავნის. მუშავდება ინფორმაცია, რის შემდეგაც "თიბისი ბანკში" უმზადდებათ სპეციალური ბარათი, შეტყობინების სახით იღებენ ინფორმაციას, რომ ბარათი გასატანი აქვთ და ყოველი თვის 20 რიცხვიდან თვის ბოლომდე მიიღებენ თანხას." - ამბობენ თბილისის მერიაში.
გარდა ამისა, სოციალურად დაუცველ ოჯახებში, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა, მერიისთვის განცხადების მიმართვის შედეგად მე-3 ახალშობილზე ერთჯერადად 300 ლარს გადაეცემა, მე-4 ახალშობილზე - 500 ლარი, ხოლო მე-5 და შემდეგ ახალშობილზე -1000 ლარი. თანხის მისაღებად უნდა წარადგინონ
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობების ასლები ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ იმ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და უფრო დაბალია თბილისის მერია ხელოვნებისა და სპორტის სკოლაში თითო მიმართულებას უფინანსებს. ანუ ერთ წრეს ხელოვნებიდან, ერთს - სპორტიდან. სულ თითო ბავშვს უფინანსებს მაქსიმუმ ორ წრეს. თბილისის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრებში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში 30 ლარს შეადგენს, ხოლო მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში წრეების მიხედვით განისაზღვრება:
მხატვრული კითხვა - 25 ლარი; საგნობრივი წრეები, მუსიკალური მიმართულება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 30 ლარი; გიტარის შემსწავლელი წრე, სპორტული მიმართულება - 40 ლარი; ქორეოგრაფიული სტუდია - 50 ლარი ფეხბურთი - 50 ლარი ტანვარჯიში - 35 ლარი ცურვა - 70 ლარი სხვა სახეობები - 30 ლარი აღნიშნულ წრეებზე სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ნებისმიერი ოდენობის ბავშვს შეუძლია სიარული.
"ერთ ბავშვს შეუძლია იაროს როგორც სპორტულ სკოლაში, ასევე ხელოვნების სკოლაშიც, თუმცა მხოლოდ თითო სახეობაზე"- აცხადებენ თბილისის მერიაში.
ზოგადად, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ანიჭებს.
"მრავალშვილიან ოჯახს სტატუსის დადგენა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ 4 ან მეტი შვილი ჰყავს. შვილების ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მიღება შეუძლია როგორც დედას, ასევე მამას. საჭიროა ბავშვის დაბადების მოწმობის წარდგენა, ასევე მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ ბაზაში ბავშვების დაბადების შესახებ გვაქვს ინფორმაცია, დაბადების მოწმობის წარდგენის ვალდებულება აღარ აქვთ. შესაბამისი განცხადების ფორმას ადგილზევე ავსებენ. ნაშვილები ბავშვის შემთხვევაშიც დადგინდება სტატუსი." - გვითხრეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
მრავალშვილიან ოჯახებზე ფულადი დახმარება მხოლოდ რეგიონებში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით გაიცემა.პროგრამა მოიცავს: გურიას, იმერეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სამეგრელო/ზემო სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთს. ფულადი დახმარება ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და შეადგენს: მაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის 200 ლარს, ხოლო სხვა დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 150 ლარს
თამარ იაკობაშვილი