ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას და საყვარელ ადამიანთან შეხვედრას ცხოვრებაში. მაგრამ გიგანტური ადამიანებისთვის ეს ძალიან რთულია. ერთმა წყვილმა მოახერხა ეპოვნა ერთმანეთი, თუმცა ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.
ანა ჰეინინგის დედას მესამე ბავშვზე რთული მშობიარობა ჰქონდა. ისიც, მისი ქმარიც და მშობლებიც საშუალო სიმაღლის იყვნენ. თუმცა ბავშვი 7-კილოგრამიანი დაიბადა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ანას კიდევ 10 და-ძმა გაუჩინეს მშობლებმა. ანა ყოველთვის განსხვავდებოდა თავისი დედმამიშვილებისგან. 4 წლის ასაკში 1 მ და 37 სმ. იყო. 6 წლისა - დედას გაუტოლდა, 11 წლის - 188 სმ. და 96 კგ. იყო. 15 წლის - 2 მეტრი და 10 სანტიმეტრამდე გაიზარდა და კიდევ აგრძელებდა ზრდას. ამასთან, ანა ძალიან პროპორციულად იზრდებოდა და რეკორდულ სიმაღლემდე - 243 სმ.-მდე გაიზარდა.
ანა განათლებული ქალი იყო, უყვარდა ლიტერატურა, მუსიკა და უზომოდ უყვარდა სწავლა. 1862 წელს მან მიიღო ცნობილი ცირკის მფლობელის, ტეილორ ბარნუმის წინადადება, ნიუ-იორკში გადასვლასა და ცირკში მუშაობაზე. ყოველთვიური ანაზღაურება 1000 დოლარი და სწავლისათვის საკმარისი თავისუფალი დრო ჰქონდა. გამოსვლების შუალედში სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, სამსახიობო ოსტატობას და ვოკალს. ერთხელ თეატრის სცენაზე ლედი მაკბეტიც ითამაშა. მისი გიგანტური ფორმები არ უშლიდა ხელს, ყოფილიყო ბედნიერი.
1865 წლის 13 ივლისს ბარნუმის მუზეუმში ხანძარი გაჩნდა. კიბეები ცეცხლის ალში გაეხვა. სხვებმა ფანჯრებიდან გადახტომა მოახერხეს. ანა თავისი ზომებიდან გამომდინარე ვერ გამოეტეოდა ფანჯრის რაფებიდან. საბედნიეროდ, მესამე სართულზე აღმოჩნდა გასასვლელი და იქ მყოფები ანას დაეხმარნენ დაბლა ჩამოსვლაში. 18 ძლიერ მამაკაცს ეჭირა თოკი, რის მეშვეობითაც ანა დაბლა ჩამოვიდა. ამ ამბის შემდეგ, ოჯახს დაუბრუნდა, რათა სტრესისგან გამოსულიყო. თუმცა გარკვეული დრო რომ გავიდა, ცირკში დაბრუნდა და გასტროლებზე გაჰყვა. სწორედ იქ შეხვდა თავის სიყვარულს.
მარტინ ვან ბიურენ ბეიტ სიატვისი, მომავალი საცოლისგან განსხვავებით, ნორმალური წონის დაიბადა. 6-7 წლამდე ნორმალურად ვითარდებოდა. შემდეგ დაიწყო არანორმალური ზრდა. 14 წლის ასაკში მისი სიმაღლე 210 სმ, ხოლო წონა - 140 კგ იყო.
მარტინი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ გაიწვიეს ომში. ომიდან დაბრუნების შემდეგ სკოლას აღარ დაუბრუნდა. გადაწყვიტა, ცირკში მისულიყო, რაც უფრო შემოსავლიანი იქნებოდა. აქ შეხვდა თავის სიყვარულს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოძღვარი, რომელმაც წყვილს ჯვარი დაწერა, 191 სმ. სიმაღლის იყო და ახალდაქორწინებულთა ფონზე საკმაოდ დაბალი ჩანდა. ქორწილში მოიპატიჟეს დედოფალი ვიქტორია, რომელმაც ალმასებით მოჭედილი ოქროს საათი აჩუქა შეუღლებულებს.
ქორწინებიდან ერთ წელიწადში წყვილმა მიწის ნაკვეთი შეიძინა და ააშენეს სახლი, სადაც კომფორტულად გრძნობდნენ თავს. ჭერის სიმაღლე 4.3 მ, კარები - 2.6 მ. ავეჯიც სპეციალური შეუკვეთეს. სახლის უკანა ნაწილი, სადაც მოსამსახურეები ცხოვრობდნენ, ჩვეულებრივი სიმაღლის იყო, რათა იქ მცხოვრებლებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ.
ამის შემდეგ აღარც ჰქონიათ ბავშვის გაჩენის მცდელობა.
ანა ბეიტსი 41 წლის ასაკში, 1888 წელს, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.
მარტინმა სპეციალური შეკვეთით დაამზადებინა სასახლე.
ანას სიკვდილის შემდეგ, ბეიტსი მეორედ დაქორწინდა. ოღონდ ამჯერად ჩვეულებრივი სიმაღლის ქალზე და 1919 წლამდე იცხოვრეს ერთად. ბეიტსმა 82 წელი იცოცხლა, რაც გიგანტური ადამიანებისთვის არ იყო ტიპიური.