ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ ახალგაზრდა დედის წერილს, რომელიც წუხდა, რომ შვილების გაზრდაში არავინ ეხმარება, საპასუხო გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად უკვე ზრდასრული შვილების დედა გვწერს.
"გამარჯობა, თქვენი ერთგული მკითხველი ვარ, ხშირად ვადევნებ თვალს თქვენს საიტს, მინდა გამოვეხმაურო ახალგაზრდა დედას, რომელიც ჩივის, რომ ბავშვებს მარტო ზრდის და არავინ ეხმარება...
ჩემმა ახალგაზრდობამ და სტუდენტობამ ისე ჩაიარა, ლამაზი მოგონება ბევრი შემომრჩა.
სკოლა დავამთავრე და გავთხოვდი, სწავლა გავაგრძელე სამედიცინოზე, დედამთილი ხელს მიწყობდა, ბავშვებს და სახლის საქმეებს ის უძღვებოდა, არ მაკლდა არც გართობა,, არც მეგობრები, მე და ჩემი მეუღლეც ხშირად მივდიოდით დასასვენებლად ბავშვების გარეშე და მათ ბებიასთან ვტოვებდით, მაშინ თვითონ ბავშვი ვიყავი და გართობა ყველაფერს მერჩია.
როცა წამოიზარდნენ, ვგრძნობდი დისტანციას შვილების მხრიდან, ვხედავდი, რომ ჩემს დედამთილთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე ჩემთან, გული ძალიან მწყდებოდა ამაზე.
ერთხელ მე და ჩემი უფროსი გოგონა რაღაც საკითხზე წავკამათდით და წამომაძახა, ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის რა გაგიკეთებია, როცა დედა გვჭირდებოდა, მაშინაც ბებო გვედგა გვერდითო - ეკალივით მაქვს ეს სიტყვები გულზე, გავჩუმდი და ვერაფერი ვუპასუხე, ჩემი გოგონა მართალი იყო, დედა ყოველთვის შვილების გვერდით უნდა იყოს.
დღევანდელი გადასახედიდან გული მწყდება, რომ მათთან მეტ დროს არ ვატარებდი, გამოვტოვე ყველაზე მთავარი - მათი ბავშვობა, რასაც ვერასდროს ვერაფერი ამინაზღაურებს.
ამიტომ, მივმართავ ახალგაზრდა დედებს, თუ დღეს თქვენ თქვენი თავისთვის დრო არ გრჩებათ, როგორც უწინ, ვერ ახერხებთ გაპრანჭვას, სალონებში სიარულს, გართობას, მეგობრების მონახულებას - ეს დროებითია.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი გაქვთ ცხოვრებაში, პატარები მალე იზრდებიან, ეს დრო კი ისე გაივლის, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, ახლა შესაძლოა, რთულად გეჩვენებათ ის, რასაც შემდეგ ცხოვრების ყველაზე ლამაზ პერიოდად გაიხსენებთ".
ხათუნა 58 წლის