მეგი ვიბლიანი 2014 წლიდან ჩინეთში ცხოვრობს. ქართველი პედაგოგი ჩინურ სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. ქალაქი სადაც მეგი ცხოვრობს, კორონავირუსის გამო ჩაკეტილია და ახლა უკვე უფლებაც არ აქვს, რომ ქვეყანა დატოვოს.
თუმცა, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს საელჩოს შეთავაზებაზე, ბოლო რეისით დაეტოვებინა ჩინეთი და სამშობლოში დაბრუნებულიყო, ახალგაზრდა ქალმა უარი თქვა და საცხოვრებლად ჩაკეტილ ქალაქში დარჩა.
"მეოთხე წელია რაც ქალაქ ჰარბინში ვცხოვრობ, სხვათაშორის ეს ქალაქი რუსეთთან ახლოს მდებარეობს. მყავს ჩინელი ქმარი. ვცხოვრობდით მხიარულად, ბედნიერად, ახლა ერთი თვეა რაც სახლში ვართ კორონავირუსის გამო, მხოლოდ მაღაზიაში გავდივარ პროდუქტების საყიდლად. ჩემი მეუღლე დარბაზშიც დადის სავარჯიშოდ. შიშის გამო ვეღარ ვცხოვრობთ ისე, როგორც მანამდე.
მე დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე ვმუშაობდი, სკოლაში პატარა ბავშვებს ინგლისურს ვასწავლი. მეუღლეს საკუთარი ბარი აქვს და შაბათ-კვირას მასთან ვიყავი ხოლმე. ბევრი მეგობარი გვყავს, ძალიან ინტერნაციონალური ბარი აქვს მეუღლეს და ყველა იქ ვიკრიბებოდით. კორონავირუსის შემდეგ ქალაქში ყველაფერი დაკეტილია. მხოლოდ მაღაზიებია ღია და საკვების ყიდვაა შესაძლებელი. სანამ მაღაზიაში შეხვალ, ტემპერატურას გიმოწმებენ, უსაფრთხოების ზომები სასწაულადაა დაცული.
ასევე ტრანსპორტით რომ გადიხარ უბნიდან, გამოწმებენ, 37.3-ს არ უნდა აღემატებოდეს სხეულის ტემპერატურა. თუ აღმოჩნდა, რომ მეტი გაქვს, გადაგიყვანენ სპეციალურ ადგილას, იზოლირებულად და კორონავირუსზე გამოწმებენ.
- თქვენს ქალაქში სკოლები დაკეტილია?
- დიახ, მაგრამ სწავლა არ გაჩერებულა ინტერნეტგაკვეთილებით ვაგრძელებთ. "ვიჩატით" ყოველდღიურად მაქვს ბავშვებთან ურთიერთობა, ასევე ხმოვანი შეტყობინებებით და ვიდეო მესიჯებით ვურთიერთობთ. ბავშვებს არ ვაგრძნობინებთ, რომ ვირუსის გამო სწავლა დამთავრდა და სკოლაში აღარ დადიან. ჩვეულებრივად უტარდებათ გაკვეთილები.