"ნეტავ შემძლებოდა, ეს წერილი მეოთხედი საუკუნის წინ დედაშენისთვის დამეწერა... ეს არის ახალშობილი შვილიშვილისთვის ბებიის მიერ დაწერილი წერილი, რომელიც 24 პუნქტისგან შედგება. დარწმუნებული ვარ, წერილი ყოველი ჩვენგანისთვის ახლობელი და გულშიჩამწვდომი იქნება.
"ნეტავ შემძლებოდა, ეს წერილი მეოთხედი საუკუნის წინ დედაშენისთვის დამეწერა... ძალიან ვნანობ, მაგრამ მაშინ 25 წლის ვიყავი და მსგავსზე არაფერზე მიფიქრია. სამაგიეროდ, უამრავი სხვა საქმე მქონდა: დილით ადრიანად მესაუზმებინა შვილი, წამეყვანა საბავშვო ბაღში, შემდეგ გავქცეულიყავი ლექციებზე, საღამოს დამელაგებინა სახლი და მომემზადებინა ვახშამი.
ბაბუაშენი ღამის ცვლაში მუშაობდა და არავინ მყავდა მომხმარებელი. დედაშენი კი ხშირად ავადმყოფობდა, არ ეძინა მთელი ღამე და განუწყვეტლივ ტიროდა. საქმე დროის უქონლობაშიც არ იყო. 25 წლის ასაკში მხოლოდ ერბოკვერცხის მომზადების რეცეპტს თუ გაუზიარებ შვილს. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ 50 წლის ასაკშიც ბევრი ვიცი ცხოვრების შესახებ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მე შენი ბებია ვარ, ჩვენ (გინდა თუ არა შენ) ბევრი საერთო გვაქვს და მე ვოცნებობ, რომ ბედნიერი იყო.
1. ნუ შეგეშინდება დაცემის
ველოსიპედიდან, საქანელიდან, ციგურებიდან და სწორი ადგილიდანაც კი. მტკივნეული იქნება (ხანდახან ძალიანაც), მაგრამ ისწავლი, იყო მოხერხებული, სწრაფი და ადგე მაშინაც კი, როცა მხოლოდ ტირილი გენდომება.
2. ნუ შეგეშინდება ჩხუბის, ბიჭებთანაც კი; მით უმეტეს, პატარა ბიჭებთან
გეტყვიან, "გოგოები არ ჩხუბობენ" და დაგცინებენ ჩალურჯებული თვალის გამო, მაგრამ ნუ დაუჯერებ მათ. იმის უნარი, დაიჭირო შენ დასარტყმელად მოღერებული ხელი და უპასუხო დაუფიქრებლად, არც ისე ცუდი ტონია. სხვათა შორის, კარგ ჩხუბში საერთოდ ვერ გრძნობ ტკივილს, ხოლო დალურჯებული თვალი ერთ კვირაში გაივლის.
3. ნუ გეშინია ძაღლების
იმიტომ, რომ შენს მშობლებს ორი ჰყავთ, მე და ბაბუაშენს 3 გვყავდა, და იმედი მაქვს, რომ ყველა მათგანი გეყვარება, რადგან სხვა გზა არ გაქვს.
4. ნუ შეგეშინდება ილაპარაკო ის, რასაც ფიქრობ
აუცილებელი არ არის, იყო "ზრდილობიანი გოგო" და გაჩუმდე, როცა შეგიძლია, რომ იკამათო. არ ხარ ვალდებული, რომ დაფარო შენი აზრი "მეგობრობის" გამო, არც "სიყვარულისთვის." თუ შენგან მხოლოდ ლოიალურობას მოელიან, ჭირსაც წაუღია მასეთი მეგობრობა და სიყვარული.
5. ნუ შეგეშინდება საკუთარი შეცდომების აღიარების. ნუ შეგრცხვება ბოდიშის მოხდის
მხოლოდ ძლიერ გოგოებს შეუძლიათ ეს! შენ ხომ სწორედ ასეთი გაიზრდები. საშინლად რთულია თქვა: "მაპატიე, არ ვიყავი მართალი. როგორ გამოვასწორო ეს ყველაფერი"? მაგრამ როცა ამას ისწავლი, ვეღარავინ დაგამარცხებს.
6. ნუ შეგეშინდება დაბალი შეფასების მიღების
არა მარტო სკოლაში (თუმცა სკოლაშიც). 2-იანი არც ისე ცუდი ნიშანია. სამაგიეროდ, შენ გაიგებ, სად არის შენი სუსტი წერტილი და რაზე უნდა იმუშაო. და დაიმახსოვრე, რომ ცუდი ნიშანი არ ნიშნავს, რომ შენ ხარ ცუდი. ეს, უბრალოდ, მოტივაციაა, რომ იმოქმედო.
7. ნუ შეგეშინდება წაგების
წაგება – დაცემასავით არის. რაც უფრო მტკივნეულია, მით სასარგებლოა. თუ წააგე (ბიოლოგიის ოლიმპიადაში ან კლასში ყველაზე ლამაზი ბიჭისთვის ბრძოლაში), დაიმახსოვრე, ამან ძალიან გაზარდა შენი შანსები, მოიგო შემდეგ ჯერზე. ახლა ხომ შენ ზუსტად იცი, სად შეგიძლია დაარტყა.
8. ნუ შეგეშინდება არაპოპულარულობის
ჯერ ერთი, ეს გაივლის; მეორეც, შენი "არაპოპულარულობა" – საუკეთესო მიზანია, დაკავდე რაიმე უჩვეულოთი. სანამ ყველა ეს "მეფე-დედოფლები" საღამოებზე ივლიან, დროს გაატარებენ კაფეებსა და ბარებში, ინტერნეტში, შენ ისწავლი მიზანში სროლას, ცხენზე ჯირითს ან პინგვინების მოთვინიერებას. 20 წლის "პოპულარულები" ჯერ კიდევ ინტერნეტში იბოდიალებენ, შენ კი წახვალ შენს პირველ ექსპედიციაში ანტარქტიდაზე.