ეკატერინე კუკულაძე ლანჩხუთიდანაა და ორი წელია ძმასთან ერთად იტალიაში ცხოვრობს. ისინი ალდომორის უნივერსიტეტში სწავლობენ. იტალიაში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინია გამოცხადებული. და-ძმა სოციალურ ქსელში ოჯახის მეგობართან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი ადამიანი ეხმაურება. როგორც ეკატერინე ამბობს, ამ გზით ცდილობენ კარანტინის რეჟიმში დროის გაყვანას. ის ჩვენთან საუბრისას შექმნილ მდგომარეობას აღწერს:
- ამჟამად, იტალიაში ვართ. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სასწავლო დაწესებულებებში შეჩერებულია სწავლა და კარანტინში ვიმყოფებით. კარანტინი უკვე მეორე კვირაა, გრძელდება. ჯერჯერობით, 3 აპრილამდე გარეთ გასვლა სპეციალური სერთიფიკატის საშუალებით შეიძლება, რომელშიც მითითებული იქნება გადაადგილების მიმართულება, რაც იმის დამადასტურებელია, რომ უმიზეზოდ არ დავდივართ ქუჩებში. მუშაობს მხოლოდ აფთიაქები და გარკვეული სუპერმერმარკეტები.
- ვინც ამ წესს არ დაემორჩილება, რა ბერკეტია მათთვის ამოქმედებული?
- ქუჩაში პირბადისა და ხელთათმანების გარეშე გასვლის შემთხვევაში 206 ევროთი დაჯარიმდები. ქართველების ოფისია გახსნილი და აღნიშნული სერთიფიკატის აღება იქ შეგვიძლია. ქუჩაში პატრული დგას და ყველა მოქალაქეს ამოწმებს.
- საკვებსა და მედიკამენტებზე დეფიციტი ხომ არ იქმნება?
- ჯერჯერობით, არ არის დეფიციტი და მოსახლეობაც ემორჩილება დადგენილ წესებს. ყველა ვინარჩუნებთ სიმშვიდეს.
- სასწავლო დაწესებულებები ონლაინ სწავლებაზე ხომ არ გადავიდნენ?
- დიახ, უნივერსიტეტებში და სკოლებშიც ონლაინ სწავლა მიმდინარეობს. თუ გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაქსიმალურად ვცდილობთ გარეთ არ გავიდეთ.
- ყველაზე მეტად რა გიჭირთ კარანტინის რეჟიმში?
- გარეთ გასვლა გვინდა, ჩაკეტილ სივრცეში, რა თქმა უნდა, რთულია დიდი ხნით ყოფნა.
- საქართველოდან ალბათ ღელავენ შექმნილი მდგომარეობის გამო, რა შეგიძლია უთხრა მათ?
- უამრავი ადამიანი გვკითხულობს და აღელვებულები არიან. მოვუწოდებ, რომ არ ჩავარდნენ პანიკაში და ჰქონდეთ პოზიტიური განწყობა, თუ ვირუსის ნიშნები აქვთ, დარჩნენ სახლში და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები.
თამარ იაკობაშვილი