მიუხედავად ხალხში გავრცელებული პანიკისა და შიშისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მოსახლეობა საბოლოოდ ვერ ითავისებს არსებულ საფრთხეს და ხშირ შემთხვევებში, არ ითვალისწინებენ გარკვეულ რეკომენდაციებს, რომლებსაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) იძლევა.
ქართველი ემიგრანტის შოთა ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, რომელიც ამჟამად ბელგიაში, ქალაქ ოსტენდში იმყოფება, ქვეყნის მასშტაბით დაიკეტა ბაღები, უნივერსიტეტები, ბარები, რესტორნები, კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები, თუმცა, მოსახლეობის ნაწილი სრულ დაუმორჩილებლობას უცხადებს პოლიციას და ამის გამო, გასულ ღამით, ძალოვნები იძულებულები გახდნენ ცრემლსადენი გაზით დაეშალათ თავყრილობა.
„მთლიანად ბელგიაში 600 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან დაინფიცირებული ერთი ბავშვია. დაიკეტა ყველა დაწესებულება და გასართობი ობიექტი. ოსტენდში, სადაც ვცხოვრობ, ხალხი წინააღმდეგობას უწევს პოლიციას და არ ემორჩილება, ამიტომ ისინი იძულებულები არიან თავშეყრის ადგილები ცრემლსადენი გაზით დაშალონ და ასეთი შემთხვევა წუხელ მოხდა.
პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების დეფიციტი არ არის, თუმცა, მარკეტებში, სადაც გაცილებით შეღავათიანი და დაბალი ფასებია, მაგალითად ALDI-ში და LIDI-ში, უშველებელი რიგები დგას. აფთიაქში ვერ იშოვი პირბადესა და სადენზიფექციო ხსნარს. ხსნარისათვის 1 კვირა ვიარე და ბოლოს ერთ აფთიაქში მივიკვლიე პატარა შეფუთვაში, ისიც ცეცხლის ფასად - 15 ევროდ.
ყოველდღიურად გვიგზავნიან სატელეფონო შეტყობინებებს, გვაფრთხილებენ და გვაძლევენ რეკომენდაციებს, რომ დავიბანოთ ხელები 40-60 წამის განმავლობაში და არა 20 წამის განმავლობაში, ისე, როგორც ამას საქართველოში ავრცელებენ.
გვაფრთხილებენ, რომ მოვერიდოთ მოაჯირების, ონკანებისა და სახელურების შიშველი ხელით შეხებას.
უნივერსიტეტიდან აპრილის შუა რიცხვებამდე დაგვითხოვეს. ამბობენ, რომ ამ დრომდე იქნება დაკეტილი ყველა დაწესებულება.
გადაადგილება შეზღუდული არ არის, მაგრამ ხალხმრავალ ადგილებს ამოწმებს და აკონტროლებს პოლიცია“.
ნინო მღვდელაძე