საქართველოში ახალი კორონავირუსი რამდენიმე ბავშვსაც დაუდასტურდა. როგორ შეგვიძლია ბავშვების დაცვა ამ ინფექციისგან და როგორ მიმდინარეობს ეს დაავადება ბავშვებში - პედიატრი
თემურ მიქელაძე გადაცემაში
"დილა უქმეებზე" საუბრობს:
- ვირუსს მხოლოდ ორთვენახევრიანი ისტორია აქვს და ბოლომდე შეუსწავლელია. აქედან გამომდინარე, ძირითადად, ჩინელი მეცნიერების დასკვნებს ვეყრდნობით, რომლის მიხედვითაც, ბავშვებიც ისევე შედიან ინფიცირების რისკჯგუფში, როგორც ზრდასრულები, თუმცა 20 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში ვირუსი, უმეტეს შემთხვევაში, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სიკვდილიანობის შემთხვევებიც, პრაქტიკულად, არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ უსიმპტომო ადამიანების იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია, მაგრამ მათ შეუძლიათ ჩვეულებრივად დააინფიცირონ სხვა ბავშვები თუ ზრდასრულები. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვებში ეს ვირუსი მძიმედ არ მიმდინარეობს.
- არის შანსი, გამოჯანმრთელების შემდეგ რომ მეორედ დაგვემართოს ეს ვირუსი?
- როდესაც გამოჯანმრთელებული პაციენტები გადაამოწმეს, ზოგ შემთხვევაში ვირუსი მათ ორგანიზმში აღარ იყო, ხოლო მომდევნო გადამოწმებისას ნახეს, რომ ტესტის პასუხი სუსტად დადებითი იყო. აღმოჩნდა, რომ შესაძლოა ვირუსმა სხვადასხვა ბიოლოგიურ სეკრეტში 37-40 დღემდეც კი გაძლოს და ეს არ ნიშნავს, რომ მეორადი დაინფიცირებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვირუსს მუტაცია არ განუცდია, უბრალოდ ზოგიერთ ადამიანთან მისი მტარებლობა შესაძლოა 40 დღემდე გახანგრძლივდეს.
- არის თუ არა შესაძლებელი, რომ მაღალმა ტემპერატურამ ვირუსი მოკლას?
- ამასთან დაკავშრებითაც უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ესეც მითია, რადგან ისეთ ქვეყნებში, სადაც მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, სწორედ ახლა დაიწყო შემთხვევების მატება. მაგრამ, ისევე როგორც ნებისმიერ ვირუსს, კორონავირუსსაც უნდა ახასიათებდეს გარკვეული პიკური და შემდეგ კლების პერიოდი. შესაბამისად, ამასაც მალე უნდა ველოდოთ. მე ვთვლი და ჩემი დიდი იმედია, რომ ურთიერთთანადგომით, სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ნელ-ნელა ვირუსს დავამარცხებთ. იქედან გამომდინარე, რომ ვირუსის არც სამკურნალო პრეპარატი არსებობს და არც ვაქცინა, ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, პირადი ჰიგიენური ნირმების დაცვაა.
-ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადებას 18 თვემდე სჭირდება. ზოგადად, ვაქცინის დამზადებას ამხელა დრო სჭირდება?
-შეიძლება რამდენიმე ვაქცინა ერთდროულად შეიქმნას, თუმცა მისი უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი. უნდა შემოწმდეს, გაკეთდეს პირველი და მეორე ფაზის კვლევა, უნდა დააკვირდნენ ჯანმრთელ პაციენტებს, რომ მან ახალი დაავადების წარმოქმნა ან უკვე არსებულის გართულება არ გამოიწვიოს. ამას კი დრო სჭირდება. ამიტომ, როცა ვაქცინა და მედიკამენტი არ გვაქვს, პირადი ჰიგიენური ნორმები უნდა დავიცვათ.
-როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ ბავშვები თვითიზოლაციაში არ ამყოფონ?
-აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადაეცემა, შესაბამისად, ის ჰაერში არ დაფრინავს და ამ გზით არ ხდება დაინფიცირება. ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა არ არის. განსაკუთრებულად მაღალი რისკჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები საკარანტინო, ან თვითიზოლაციის სივრცეში უნდა იყვნენ, რაც თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობაცაა. აქედან გამომდინარე, ბავშვები უპრობლემოდ შეგვიძლია წავიყვანოთ ეზოში თუ სარეკრეაციო ზონებში. ასევე, სოფლებსა და აგარაკებზე. თუმცა, უნდა მოვარიდოთ თავშეყრის ადგილებს. ეზოების დალაგება და მოწესრიგება თითოეულ ჩვენგანსაც შეუძლია. ზოგჯერ ქუჩები ცხოველის ექსკრემენტებითაა დასვრილი. ბავშვები ცხოველებთან კონტაქტს უნდა მოვარიდოთ. როდესაც ეზოში ვუშვებთ, სასურველია, მასზრდასრულიც ახლდეს, რათა დაბინძურებულ საგნებთან შეხების შემდეგ სწორად დავუმუშაოთ ხელები, რომ მაქსიმალურად დავიცვათ არა მხოლოდ კორონავირუსისგან, არამედ ნაწლავთა ინფექციებისა და სხვა ვირუსული ინფექციებისგან. ვთვლი, რომ ერთმანეთის გვერდით დგომით, ექიმებთან, განსაკუთრებით ინფექციონისტებთან და მესაზღვრეებთან სოლიდარობის შედეგად, დროულად დავამარცხებთ ამ ვირუსს.