ფოტოგრაფი მარი ნაკანი საკუთარ შვილებთან არსებულ თბილ ურთიერთობაზე საუბრობს და მოუწოდებს საზოგადოებას, ამ ყველაზე რთულ ვითარებაში დატკბნენ ურთიერთობებით.
"17 წლის განმავლობაში, ყოველ ღამე ძილის წინ ვუწვები და ვეჭორავები, ყველაფერს განვიხილავთ, სახალისოს და მტკივნეულს, ძველს და ახალს.
ახალგზარდა მშობლები ხშირად მეკითხებიან, როგორ გავზარდე ლიტუკა ასეთი კეთილი, ზრდილობიანი და მშვიდი.
პასუხი მარტივია: - ურთიერთობა
შვილს ხშირად სჭირდება დედასთან ჩახუტება, მისი გულის ცემის გაგება, დედის დაბანილი თმის ნოტიო სურნელი, დედიკოს გაკეთებული ერბოკვერცხის მირთმევა ლოგინში, დედასთან ერთად კინოების ყურება, მერე მათი განხილვა.
მე ხშირად ვუყვები ხოლმე შვილებს 90-იანი წლების სიტუაციებს.
ბავშვებს არ ჯერათ რომ ტელეფონები არ გვქონდა, საბავშვო არხები არ არსებობდა ტელევიზორში, შუქი არ იყო, თბილი წყალი და გაზი არ იყო.
უკვირთ, რომ სანთლის შუქზე ვმეცადინეობდით და მთელი ოჯახი ხუთ ნაწილად ვიყოფდით თვეში ერთხელ ნაყიდ სნიკერსს.
სინამდვილეში მე ამან გამზარდა, ესაა გუნდურობა, გაჭირვების ერთად გადატანა.
რა ჯობია, საღამოს მთელი ოჯახი ერთად რო დაჯდება და ჩაის სვამს, ხმამაღლა თამაშობთ ქალაქობანას და ვირობანას, გემობანას და დამალობანას.
ახლა ზუსტად ეგ დრო დადგა, მეგობრებო! გამოვიტანოთ დადებითი ამ ყოვლადსაკაცობრიო სახლში გამოკეტვით.
იქნებ ეს სჭირდებოდა მსოფლიოს? იქნებ სწორედ ჩვენი გიჟური რიტმის შენელება სურს ბუნებას, იქნებ კარგია, რომ დღეს ჩინელმა ბავშვებმა ცაში აიხედეს და ქარხნებისგან დაბურული ნაცრისფერი ცის მაგიერ ლურჯი ფერი დაინახეს და გაუკვირდათ?!
ბუნება გვკარნახობს, რომ შევჩერდეთ, ღრმად ამოვისუნთქოთ და ჩავხედოთ ბავშვებს თვალებში, გადავფურცლოთ მითოლოგიის წიგნი, წავუკითხოთ გალაკტიონი, ვაჟა, მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, ლადო, ტიციანი...
რა გვჭირს, მეგობრებო?! ნუთუ რთულია რამდენიმე ხნით ავიღოთ პაუზა და ჩვენს შვილებს დავუთმოთ ის ყველაზე ძვირფასი რამ, რასაც ჰქვია დრო.
დროა გავცეთ სიყვარული, მოვეფეროთ ბებიას, კერძი გავუკეთოთ ბაბუას, თმა შევუღებოთ დედას და ხმამაღლა ვიმღეროთ მამასთან ერთად, ნარდი, ქსოვა, ჭადრაკი ვასწავლოთ შვილებს, ხატვის კონკურსები მოვაწყოთ, ძველი ფოტოები გადმოვალაგოთ და მოგონებები დავწეროთ, იქნებ წერა გვეხერხება? იქნებ ზღაპარი მოვიგონოთ და შვილთან ერთად დავასურათოთ?
რამხელა სიკეთეა სახლში დაჯდომა!
ცხოველები არ გყავთ?
მე 37 წელი მძულდა კატები და დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ შვილების გამო ფისო შევიძინე. იცით, რამდენ რამეს კურნავს კატა? რამხელა სიმშვიდე შემოაქვს ოჯახში? ცადეთ იყოთ ბედნიერები".
თეკლა ჟვანია