თვითიზოლაციის პირობებში ზოგიერთ ადამიანს პანიკა იპყრობს, ზოგიერთისთვის კი გამოსავალი სიყვარულის გაზიარებაა. სად არის რომანტიკის ადგილი მაშინ, როცა ოთხ კედელში ხარ გამოკეტილი? ბრუკლინელმა წყვილმა ყველას აჩვენა, თუ როგორ შეიძლება გაამრავალფეროვნოთ მოსაწყენი დღეები.
ახალგაზრდა ფოტოგრაფი ბრუკლინიდან ერთი თვე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ვიდრე არ დაინახა გოგონა, რომელიც მის მეზობლად სახლის სახურავზე ცეკვავდა. ჯერემი კოენი მოიხიბლა ახალგაზრდა, ენერგიული გოგონათი და გადაწყვიტა, ხელის აწევით მისალმებოდა. გოგონამაც უპასუხა მისალმებაზე და ეს ჟესტი საბედისწერო შეხვედრად გადაიქცა.
ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, რომ დრონისთვის საკუთარი ნომერი მიემაგრებინა და მეზობლად გაეშვა. ამ მეთოდმა გაამართლა! მალე მან უცნობისგან ესემესი მიიღო. ჯერემიმ გადაწყვიტა, რომ ეს ისტორია გადაეღო.
მეორე დღეს ბიჭმა თორი (ასე ჰქვია გოგონას) დაპატიჟა. მას ძალიან გაუკვირდა, რადგან მთელი ქალაქი კარანტინშია მოქცეული. მაგრამ, ჯერემის უკვე მზად ჰქონდა გეგმა, რომლითაც გოგონას გულს მოიგებდა.
ბიჭი დაუკავშირდა მეზობელს და რომანტიკული ვახშამი დაგეგმა. ორივეს სუფრა საკუთარ აივანზე ჰქონდა გაშლილი და ერთმანეთს FaceTime-ის გამოყენებით ეკონტაქტებოდნენ. "საოცრად გამოიყურები" - ყვიროდა ფოტოგრაფი.
ჯერემი კოენმა, როგორც პროფესიონალმა ფოტოგრაფმა, გოგონას რამდენიმე ფოტო გადაუღო, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.
ფოტოგრაფის გამომწერები მოუთმენლად ელოდნენ, როდის მოაწყობდა წყვილი ვირტუალურ შეხვედრას, თუმცა კოენმა გადაწყვიტა, რომ გოგონას რეალურად შეხვედროდა. შეხვედრისთვის ფოტოგრაფმა მოამზადა ყვავილების თაიგული და უზარმაზარი გამჭირვალე ბურთი, რომელშიც თავად ჩაჯდა და ისე გავიდა ქუჩაში.
"ვფიქრობ, არავინ ელოდა მოვლენების მსგავს განვითარებას, მათ შორის, არც თორი. ეს მისთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, უამრავი ადამიანი მიჭერს მხარს და თუ სხვა ადამიანებს ბედნიერებას მივანიჭებ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა."- ამბობს ჯერემი.
როგორც ჩანს, სიყვარულს არ სჭირდება კონკრეტული დრო და ჯერემსა და თორის ვერც კარანტინმა შეუშალა ხელი.