ჩვენი მკითხველი ხშირად გვწერს და გვიზიარებს ცხოვრებისეულ ამბებს. რაც კარანტინი დაიწყო, მამაკაცების წერილებმა იმატა. გთავაზობთ ერთ-ერთ შეტყობინებას. ამჯერად გვწერს 35 წლის მამაკაცი, რომელიც ახალი რეალობის გამო, დედისა და ცოლის გაუთავებელი კამათის მსხვერპლია.
„მეორე კვირაა სახლში ვარ. ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ვმუშაობ. რამდენიმე კაცი და მეც მათ შორის, დროებით სახლში გაგვიშვეს. გვითხრეს, რომ დროებით ამ სიტუაციას უნდა დავემორჩილოთ და ყველაფერი რომ ჩაივლის, დაგვაბრუნებენ, თუმცა ეს როდის იქნება, ღმერთმა უწყის...
პირველად ჩემს ცხოვრებაში ვზივარ უსაქმურად, ოთხ კედელში გამოკეტილი, ბოლთას ვცემ ოთახებში.
რაც სკოლა დავამთავრე, მას მერე ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ. მამა ადრე დაიღუპა და მე და ჩემი ძმა შრომას ბავშვობიდან მივეჩვიეთ.
ხშირად ფიზიკურადაც ბევრჯერ მიმუშავია კაპიკების გამო.
სახლში ყოფნის პირობებში კვირის დღეები, საათები ამერია... ვუსმენ დედაჩემისა და ჩემი ცოლის გაუთავებელ კინკლაობასა და კამათს.
ჩემს ცოლს დედაჩემის გაკეთებული და დალაგებული არ მოსწონს, დედაჩემს კი პირიქით - მისი.
როგორ ახერხებენ ქალები ასე ყველაფერზე ჩხუბს, მართლა გულწრფელად მიკვირს. ორივე ცალ-ცალკე ჩუმად მიჩიჩინებს, რომ ჩავერიო და მისი მხარე დავიჭირო.
იმდენად ჩვეულებრივია მათთვის ყოველდღიური კამათი ელემენტარულზე, უკვე მეც აღარ მერიდებიან. ვერ აცნობიერებენ, რომ ორად ვიხლიჩები.
ვერც ერთის მხარეს დავიჭერ, მაშინ, როცა არც ერთი არ არის მართალი, ჩემი აზრით.
ჯერ ორი კვირა გავიდა, უკვე ძალიან მიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება. მირჩევნია ისევ ის გაჭირვებული დრო იყოს. გადაღლილი, ხშირად სიმძიმის თრევით გადატყავებული ხელებით დავბრუნებულვარ სახლში, მაგრამ ამ ყოფას, რომ შემეძლოს, დაუფიქრებლად იმ დროში გავცვლიდი... თავს ისედაც უუნაროდ ვგრძნობ და განვიცდი ამ სიტუაციას და ესენი მიმატებენ. ნებისმიერ წვრილმანს კონფლიქტად აქცევენ. პირველად ვინანე, რომ თავი არ გადავდე კიდევ მეტად და ცალკე თუნდაც პაწაწინა ბინა არ ვიყიდე. ნამდვილად ჯობდა, ამ ალიაქოთს.“
გია, 35 წლის