მსოფლიო აღარ მოძრაობს, სახლშია. არავინ იცის, რა დროში დავამარცხებთ კორონავირუსს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს შინ ყოფნისას შევინარჩუნოთ ერთგვარი რიტმი...
ამას კარგად ახერხებს ზაზა ფაჩულია, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად სან ფრანცისკოშია. როდესაც ვწერთ "კარგად ახერხებსო", იქვე უნდა მივამატოთ - მეტ-ნაკლებად, რადგან იზოლაციამ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა, მგალითად: სრულყოფილად ვერ შევასრულებთ იმას, რაც სატრენაჟორო დარბაზში უნდა გაგვეკეთეინა და ა.შ.
ზაზას ამერიკაში დავუკავშირდით და ცოტა უჩვეულო ინტერვიუ გამოვიდა. თუ აქამდე საქართველოს ნაკრებზე, NBA-ზე, ჩემპიონობაზე ველაპარაკებოდით, ახლა ომზე, ოჯახზე, წიგნებსა და შინ ვარჯიშზე ვისაუბრეთ.
"შინ, ოჯახთან ერთად ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ გარეთ არ გავიდე, ხალხთან ახლო კონტქატზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ძირითადად კომპიუტერითა და ტელეფონით მაქვს კომუნიკაცია როგორც სამსახურის, ასევე პირად საქმეზე.
მსოფლიოში მძიმე მდგომარეობაა. ვირუსის გავრცელება დიდი ხანია დაიწყო და დღეს არ ჩანს ვადა, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. ბევრი ამბობს და ვეთანხმები - ერთგვარ ომში ვართ, გვყავს უხილავი მტერი, რომელსაც ერთად ვებრძვით. ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს. ძალიან ცუდია, რომ დაავადებულთა რიცხვი ისევ ზევით მიდის, დაღმართისკენ ჯერ არ წასულა...
ეს თავისთავად სტრესის მომგვრელია. ბევრს უჭირს, ბევრიც იმ კატეგორიის ადამიანია, ესა თუ ის საქმე ახალი დაწყებული აქვს, კოროვანირუსმა კი შუა გზაზე შეაწყვეტინა. ეს არის ომი, რომელშიც მოგებული არავინაა, ბევრი ადამიანი ავადდება და იღუპება.
ჩვენი ამოცანაა ერთად დავამარცხოთ ვირუსი. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ თუ სპეციალისტების რჩევას მოვუსმენთ და მითითებებს ზედმიწევნით კარგად შევასრულებთ. კორონავირუსი მსოფლიოს მტერია, რომელიც ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა დავამარცხოთ. ვგულისხმობ ფსიქოლოგიურად, ფინანსურად ან თუნდაც სიტყვით გვერდში დადგომას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
იზოლაციის პირობებში ვერ ვხედავ მიზეზს, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს ვარჯიშში ან თვითგანვითარებაში. 24 საათის განმავლობაში საამისოდ დრო აუცილებლად უნდა გამონახო. შინ მარტო არ ვვარჯიშობ - ჩემს მეუღლესთან, თიკასთან და ბავშვებთან ერთად ვხალისობ. ექსტრემალურმა მდგომარეობამ კრეატიული აზროვნებაც გააღვივა - ნამდვილად არ მეგონა, რომ ოდესმე სავარჯიშო დარბაზში ვერ წავიდოდი, ამიტომ საჭირო აქსესუარები სახლში არ მაქვს. ხან ბავშვს ავიყვან და ისე ვვარჯიშობ, ხან სხვა ორიგინალურ ხერხს მოვიფიქრებ... ეს დროის დადებითად გატარების მშვენიერი საშუალებაა. თან, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. განაგრძეთ კითხვა