1-ელი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 1-ელი ივნისიდან გაიხსენება ასევე ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.
„ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ მუშაობა. 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა. გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. ეს ნაბიჯები მიღებულია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგება.
29 მაისიდან კი ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება, ამთ შორის ყვითელი სამარშრუტო ტაქსებიც.