წლებია, ფსიქოლოგები მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებით განგაშს ტეხენ - რომ სმარტფონები ტვინის უჯრედებს კლავენ, რომ ახალგაზრდებში შფოთვის დონეს ამაღლებს და მთელი თაობა დეპრესიამდე მიჰყავს. თუმცა ასევე წლებმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდებისთვის ტელეფონებისა და ინტერნეტის აკრძალვა არც გამოგვდის და არც შედეგი მოაქვს. თურმე არც ისე ცუდად გვქონია საქმე - ახალი კვლევა ადასტურებს, რომ აუცილებელი არ არის, ბავშვებს ტელეფონები წავართვათ.
აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი მაიკლ ჯენსენი კოლეგებთან ერთად ჩატარებულ მასშტაბური კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. ჯენსენის გუნდმა 9-15 წლის 2 ათასი მოზარდი გამოიკვლია. ისინი დღეში 3-ჯერ ავსებდნენ ანკეტებს, სადაც ფიქსირდებოდა მათი განწყობა. დღის ბოლოს კი ჯამდებოდა, რა დროს გაატარა თითოეულმა გაჯეტებთან.
მკვლევარებისთვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ გაჯეტი ხშირად არათუ არ აუარესებდა, პირიქით, უმაღლებდა განწყობას ბავშვებს, უქვეითებდა შფოთვის დონეს და ამცირებდა დეპრესიის სიმპტომებს.
კვლევის 400-მა მონაწილემ ექსპერიმენტიდან ერთი წლის შემდეგ გაიმეორა ანკეტების შევსების ციკლი. გაჯეტი კვლავ არ აღმოჩნდა ფსიქოლოგიური დარღვევების მიზეზი.
მეტიც, მკვლევარებმა გაჯეტების მოხმარების რამდენიმე დადებითი მხარეც კი აღმოაჩინეს. მაგალითად, ვინც ბევრს "ჩათაობს", მას დეპრესია ნაკლებად აწუხებს. ვინც კონტენტის შექმნით არის გატაცებული (ტექსტები, ვიდეოები, ფოტოები), ფსიქიკური ჯანმრთელობა შესანიშნავ ფორმაში აქვთ.
საინტერესოა, რა საფრთხეებს ამტკიცებენ პატარ-პატარა კვლევები, როცა ასეთ მასშტაბურ კვლევაში არავითარი დამაზიანებელი ფაქტორი არ გამოიკვეთა.
მაგალითად, 2017 წელს ამერიკელი ჯენ ტვენჟი ამტკიცებდა, რომ გაჯეტების მომხმარებლებში დეპრესიის რისკი სამჯერ მაღალი იყო მათთან შედარებით, ვინც ამ მოწყობილობებით არ სარგებლობდა. ოქსფორდელმა მკვლევარებმა გამოიკვლიეს ეს მონაცემები და ვერავითარი კავშირი ვერ იპოვეს. პირიქით, დაამტკიცეს, რომ მოზარდებში შფოთვასა და დეპრესიას სათვალის ტარება უფრო იწვევს, ვიდრე სმარტფონი.
სხვათა შორის, გაჯეტებსა და ახლომხედველობას შორისაც პირდაპირი კავშირიც ჯერჯერობით ვერ მტკიცდება. ეკრანის აკრძალვის რეკომენდაცია კი საბჭოთა წლებიდან მომდინარეობს, როცა კინესკოპური ტელევიზორების უარყოფით მხარეებზე საუბრობდნენ.
რა თქმა უნდა, მეცნიერებიც მნიშვნელოვნად თვლიან, თუ რაზე ხარჯავენ ბავშვები ეკრანთან გატარებულ დროს. მეგობრებთან კომუნიკაცია ან რაიმეს შექმნა დადებითად მოქმედებს განვითარებაზე, ხოლო ვიდეოების უაზროდ, საათობით ყურება, რა თქმა უნდა, განვითარების შემაფერხებელია. ამიტომ, თუ ონლაინ სამყაროს ეპოქაში თანატოლებთან ურთიერთობას და აქტიურობას წაახალისებთ, ეს ბავშვს უფრო სასიკეთოდ წაადგება, ვიდრე გაჯეტების სრული აკრძალვა.