სოფო ფირანიშვილს ჩვენი მკითხველები კარგად იცნობენ. ეს ის ძლიერი გოგოა, რომელმაც კიბო დაამარცხა და ახლა გამუდმებით ცდილობს, ყველას, ვინც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა, მხარში დაუდგეს, ამხნევებს და სიცოცხლისთვის ბრძოლის კიდევ მეტ სტიმულს აძლევს. ეს სოფოს ერთ-ერთი პოსტია მისი ბლოგიდან, რომელსაც ფეისბუქზე აწარმოებს:
"საჯარო გამოსვლებით დიდად არ გამოვირჩევი, თუმცა ეს ის მომენტია, რომ ვეღარ განსაზღვრავ, როგორ და რა დოზით შეიძლება საუბრობდე. თუმცა რომ არა ერთი ადამიანის, მოულოდნელი კითხვა, არც ამ სტატუსს დავწერდი.
- რამდენია შენი სიცოცხლის ხანგრძლივობა?
იმ მომენტში ვერ მივხვდი, რამდენიმე საათის მერე გავიაზრე, რომ მკითხა, კიდევ რამდენ წელს ვიცოცხლებდი.
****
ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა პირდაპირ მითხრეს, რომ კიბო მქონდა, მალევე დადასტურდა, ოსტეოსარკომა, ავთვისებიანი, მესამე სტადია (და ადგილიც კი უიშვითესი შეარჩია).
დიაგნოზი საქართველოში დაისვა, თუმცა არავის გვჯეროდა, რამდენიმე ქვეყანაში გადავამოწმეთ.
მკურნალი ექიმი, უმაგრესი გუნდით, საქართველოში მყავდა, და სანამ ერთ-ერთმა ექიმმა ხელი არ მოიტეხა, ისრაელში არ წავსულვარ (ებრაელი ვარ, ისრაელის მოქალაქე).
***
ბოლო პერიოდია, მეთვითონ ვუხსნი საკუთარ თავს რომ ოსტეოსარკომა არ უდრის სიკვდილის, რომ მართალია გავიკეთე, 9 კურსი ანუ 40 გადასხმა, სამყაროში უძლიერესი ქიმია მაგრამ მაშინვე ხომ არ მოვკვდი და არც მერე მოვკვდები.
მე მესმის, რა მწარეა, როდესაც გეუბნებიან, რომ შეიძლება 5-8 წლის სიცოცხლე გქონდეს დარჩენილი, თუმცა უფრო მეტად მესმის იმ ექიმების, ვინც იძულებულია ეს სიტყვები გითხრათ.
ეს ყველაფერი ხომ საკუთარ თავზე გამოვცადე, მაგრამ მაშინაც და ახლაც, მთელი გულით ვამტკიცებ, რომ ადამიანურ ურთიერთობებს და დამოკიდებულებებს შეუძლიათ გადაწონონ უმძიმესი დაავადებებიც კი.
როდესაც შენს სიახლოვეს, დიაგნოზი “ოსტეოსარკომა” ჩნდება, ურთულესია შეინარჩუნო წონასწორობა,
ძალიან ძნელია ემოციების კონტროლი მაგრამ, ძალიან გთხოვთ, იფიქრეთ როგორი მძიმეა ამ ემოციების გაძლება, სარკომა გადატანილი და სარკომასთან ერთად მცხოვრები ადამიანებისთვის".