ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეყვარებულ ბავშვებს ხშირად ეშინიათ და რცხვენიათ სიყვარულის სახელით ჩადენილი სისულელეების. ეშინიათ და რცხვენიათ საკუთარი მამების, დედების, უფროსი და-ძმების... შედეგად იმახინჯებენ ფსიქიკას, იღუპავენ თავებს, აუბედურებენ სხვებს.
ჩემი შვილი შეყვარებულია და არაფერია ახლა ჩემთვის იმაზე ლამაზი და მშვენიერი, ვიდრე მათი საოცარი ურთიერთობა. მათი ამბავი არის ჩვენი ოჯახის მთავარი თემა, ჩვენი მეგობრები პირველ რიგში მათზე გვეკითხებიან, დიდი და პატარა ფეხის წვერებზე ვტრიალებთ მათი სიყვარულის ირგვლივ.
გაცნობამდე, „ავანსად“ შევიყვარე უცნობი პატარა გოგო, არც მიკითხავს, რა ეროვნებისაა, მაღალია თუ დაბალი, რა ფერის თვალები აქვს, მშობლები ვინ არიან...
მათი ურთიერთობა არის აქ და ახლა, და ესაა მთავარი. ხვალ, ზეგ - ხვალ-ზეგ-მა იცის. მე ის ვიცი, რომ შეყვარებული შვილი ყველაზე კარგი შვილია და მანაც იცის, რომ სიყვარულის სახელით ჩადენილი არც ერთი სისულელისთვის არ გაკიცხავს თავისი ოჯახი, რომლისგანაც ერთადერთი აკრძალვა აქვს მხოლოდ: არ გაბედოს და უღირსად არ მოექცეს თავის გოგოს!
კითხვა: ბიჭი რომ არის, იმიტომ ხომ არ შევუერთდით ამ ამბავს ასეთი სიმშვიდით? არამცდაარამც - ზუსტად ვიცი, როცა ჩემს ქალიშვილსაც შეუყვარდება ვინმე,ისევ ოჯახი იქნება მისი პირველი და უპირობო მხარდამჭერი.
რა უნდოდა, ამით ეთქვა ნანას?
პირველ რიგში იავნანა ჩემი შეყვარებული ბავშვებისთვის და მეორე რიგში მოკრძალებული რჩევა მშობლებს: შეიყვარეთ თქვენი შვილების სიყვარულები - ეს პირველ რიგში ისევ თქვენ გაგხდით ბედნიერს!
ჟურნალისტი, მწერალი, მრავალშვილიანი დედა ნანა აკობიძე