მიკელე მორონე ახალი ვარსკვლავია, რომელზეც უკვე მსოფლიოს ქალები ლაპარაკობენ. "რუხის 50 ელფერის" პოლონურ ვერსიად აღიარებულ ფილმში "365" დღე მან სიმპათიური და გავლენიანი მაფიოზის მასიმო ტორიჩელის როლი შეასრულა და ქალების საყოველთაო გულთამპყრობელადაც აღიარეს.
მიკელე მსახიობი, მომღერალი და მოდელია. 1990 წლის 3 ოქტომბერს არის დაბადებული იტალიაში. 12 წლისამ დაკარგა მამა - მძიმე ავადმყოფობას ემსხვერპლა. ტრაგედიამ იმდენად იმოქმედა პატარა მიკელეზე, რომ უკვე ზრდასრულმა მამის გარდაცვალების თარიღი - 2003 წლის 18 აპრილი, ამოისვირინგა ტანზე.
იმავე ასაკიდან ოცნებობდა მსახიობის პროფესიაზე. თუმცა საკმაოდ უჭირდა მის ოჯახს - მარტოხელა ქალს სამი შვილით. ამიტომ მიკელე ვერსად ვერ დადიოდა სამსახიობო ოსტატობის შესასწავლად და შინ ვარჯიშობდა - დაუსრულებლად უყურებდა ფილმებს და მერე ასახიერებდა საყვარელ პერსონაჟებს.
18 წლისა ცალკე გადავიდა საცხოვრებლად და ოფიციანტად დაიწყო მუშაობა. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა - ვერაფრით ვერ ახერხებდა ლანგრით სასმელების სწორად დარიგებას. მერე მშენებლად დაიწყო მუშაობა და მხოლოდ 21 წლისას გაუმართლა კასტინგზე, რის შემდეგც მოხვდა ერთ-ერთ პოპულარულ სერიალში. ასე დაიწყო მისი კინოკარიერა.
ნამდვილ ტრამპლინად კი იქცა "365" დღე, ნეტფლიქსის 2020 წლის სერიალი, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა.
მსოფლიოს ქალებს (მათ შორის საქართველოშიც) ძალიან მალე შეუყვარდათ კარგი გარეგნობის, ქარიზმატული მიკელე, რომელიც ამავდროულად შესანიშნავად თამაშობს და უდაოდ ნიჭიერი მსახიობია. ფილმი ნახევრად ეროტიკულია და ინტიმური მომენტების სიმრავლის გამოც აალაპარაკა საზოგადოება.
მიკელემ ფილმის შემდეგ სოლოალბომიც ჩაწერა, რომელშიც ზემოხსენებული ფილმის მთავარი საუნდტრეკიც შევიდა.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მორონემ 2014 წელს იქორწინა ლიბანელ დიზაინერ რუბა საადზე. ამ ქორწინებიდან მიკელეს ორი ვაჟი ჰყავს - ბრანდო და მარკუსი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ ოჯახად მიიჩნეოდნენ, 2018 წელს დაშორდნენ, თუმცა მიზეზები არ გაცხადებულა.
მიკელე ძალიან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს ყოფილ ცოლთან, ბავშვებსაც ხშირად ნახულობს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დედასთან ლიბანში ცხოვრობენ. ყოფილ ცოლს ყოველთვის ულოცავს საჯაროდ დაბადების დღეს და მსოფლიოში ულამაზეს ქალს უწოდებს.
2019 წელს გავრცელდა ხმები, თითქოს მოცეკვავე ელენა დეამელიასთან ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა ჯერაც მარტოხელაა და მისი სავარაუდო ქორწინების შესახებ ხმებიც არ ვრცელდება.