65 წლის თამარ ხმალაძე კონდიტერია. აცხობს ტორტებს და ამზადებს ტორტისთვის საჭირო ორიგინალურ, ძალიან დახვეწილ და სხვებისგან განსხვავებულ დეკორაციებს, რაც უამრავი ადამიანის მოწონებას იმსახურებს ხოლმე. მით უმეტეს, რომ ქალბატონი თამარი თითქმის 40 წელია ამ სფეროშია და მის ტორტებს გაფორმების გარდა გემოც გამოარჩევს. ამბობს, რომ პირველად ტორტი 23 წლის ასაკში გამოაცხო. რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში მისთვის და როგორ ახერხებს დახვეწილი დიზაინის შექმნას, თავად გვიამბობს:
- პირადად ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ისევ ძველებურად ვაკეთებ ტორტს. ახალ რაღაცებსაც ვამატებ, მაგრამ ძირითადად მაინც ძელებური სტილით მივდივარ. საკონდიტრო სფეროში ბევრი რამ შეიცვალა. ისეთ რაღაცებს აკეთებენ, თვალები მიფართოვდება ხოლმე. ეს ყველაფერი რომ გააკეთო, უკეთესი პირობებია საჭირო, ამიტომ მე ისევ "შინაურულ" გზას ვირჩევ.
- ადრე ინტერნეტი არ იყო და, შესაბამისად, დეკორისთვის იდეების მოფიქრება ახლა უფრო მარტივია. თქვენ რამდენად გაგიმარტივათ საქმე ამ ყველაფერმა?
- იდეები ყოველთვის მქონდა. რაღაც რომ მაქვს გასაკეთებელი, გონებაში მთელ სახლს მოვივლი ხოლმე. ვფიქრობ, რა მაქვს ისეთი, რითიც შეიძლება, რომ გავაკეთო. ინტერნეტით თითქმის არ ვსარგებლობ. თავად დამოუკიდებლად ვახერხებ რაღაცების მოფიქრებას. ინტერნეტი მხოლოდ იმაში დამეხმარა, რომ უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგო ჩემი საქმიანობის შესახებ.
- როგორ ახერხებთ ასეთი დახვეწილი დეკორის შექმნას ტორტისთვის?
- ცოტა უცნაურია, მაგრამ ეს ყველაფერი გამომივიდა იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა. მოვალეობის მოხდის ან საჭიროების გამო არაფერს ვაკეთებ. ალბათ ეს მეხმარება იმაში, რომ ის, რაც ვიცი, კარგად გამომივიდეს.
- ხატვა თუ გეხერხებათ და ეს თუ გეხმარებათ ნამუშევრების შექმნაში?
- ხატვა საერთოდ არ შემიძლია. მარტივი რაღაცის დახატვასაც კი ვერ ვახერხებ. ძერწვა უფრო გამომდის. ფიგურებს, ყვავილებს ვაკეთებ, ოღონდ, მასაც ჩემებურად - კომპიუტერის დესკტოპზე მაქვს ხოლმე დაყენებული ნამდვილი ყვავილის თუ ფიგურის ფოტო და ვცდილობ, მას დავამსგავსო. რაღაცნაირად გამომდის.
- ყველაზე ხშირად რა ხერხებს მიმართავენ, რომ ლამაზი ვიზუალის უკან არაჯანსაღი და იაფფასიანი ინგრედიენტები გამოიყენონ და რაზე უნდა მიუთითებდეს ტორტის წარმოუდგენლად მაღალი ან დაბალი ფასი?
- ამაზე ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ცხოვრებაში არაფერი გამიყალბებია, არავინ მომიტყუებია. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ უვნებელი პროდუქტები გამოვიყენო. სხვები რას აკეთებენ, არ ვიცი. იმაზე მეტი მიჯდება, ვიდრე საკონდიტროს საბითუმო ფასებში. თუმცა, ყველას თავისი საქმე აქვს. რაც შეეხება სიიაფეს, მეც არ მჯერა, რომ იქ ყველაფერი ნატურალურია. ძალიან მცირე თანხას ვიღებ, მინიმალურს. დავიანგარიშე ერთი საკონდიტროს ფასი და ზუსტად ისეთი ფასი უდევთ, რამდენიც მე მხოლოდ მასალა მიჯდება. რანაირად უნდა დავიჯერო, რომ იქ ყველაფერი სუფთა და ჯანსაღია. მასალა რომ 40 ლარი გიჯდება და 30 ლარად ყიდი, როგორ უნდა დაიჯერო, რომ პროდუქტი ნორმალურია.
- რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ყველაზე ხშირად დიასახლისები, როდესაც სახლში აცხობენ ნამცხვარსა და ტორტს?
- ძალიან ბევრი ფრაზა გამიგია, როდესაც ამბობენ, რომ კვერცხი ცივი უნდა იყოს ან პირიქით, თბილი და ოთახის ტემპერატურის. ამბობენ ასევე, რომ სიწყნარეში უნდა ითქვიფებოდეს... აბსოლუტურად არც ერთ დოგმას არ ვაქცევ ყურადღებას. რა მომენტში როგორი კვერცხიც მაქვს, იმას ვიყენებ. მაცივარში თუ მაქვს, მაცივრიდან ვიღებ, მაღაზიიდან თუ მომაქვს, იმას ვიყენებ, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა და ვერაფერი შევამჩნიე, რომ სხვაობას აძლევდეს. ძალიან ბევრი რაღაც არის, რაზეც მეუბნებიან, რომ აუცილელად ასე უნდა იყოს. თუმცა, მე არ მიმიქცევია ყურადღება ამისთვის.
- რას ურჩევთ დამწყებ მცხობელებს ან იმ ადამიანებს, ვისაც არ გამოსდით?
- თუ გინდა რაღაცის გაკეთება, აუცილებლად გამოგივა. მთავარია, ძალიან გინდოდეს. ყველაფერი, რაც მიცდია, გამომივიდა, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა. არ ვიცი, მე ამას ვაბრალებ. ამბობენ ხოლმე, სხვანაირი ხელი სჭირდება გამოცხობასო... ხელი არაფერ შუაშია. როდესაც ტორტს ვაკეთებ, თუ იმ დღეს რაღაცამ ხასიათი გამიფუჭა, აუცილებლად აისახება ხოლმე მასზეც. ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ყველაფერი უნდა დაიწყო სიხარულით, მონდომებით, სულითა და გულით. ცოტა ხნის წინ ტორტი გავაკეთე და მეგობარმა მომწერა, რომ გავჭერით, ისეთი შეგრძნება დაგვრჩა, რომ საკუთარი შვილებისთვის აკეთებდიო. მართლა ასე ვაკეთებ. ამიტომ, ყველაზე მთავარია განწყობა და ძალიან დიდი სურვილი.
- ეს თქვენთვის ძირითადი საქმიანობაა?
- დიახ, თუმცა პროფესიით მათემატიკოსი ვარ. უნივერსიტეტის დასრულებისას პატარა მყავდა, მუშაობა ვერ დავიწყე. ვიდრე წამოიზარდა, ეს საქმეც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მათემატიკის მასწავლებლობა იყო ჩემი ოცნება. მაგრამ, ეს არანაკლებ საყვარელი საქმეა. შეკვეთით ვამზადებ ტორტებს. მათემატიკა არც ახლა მეჯავრება და დიდი სიამოვნებით ვხსნი ლოგიკურ ამოცანებს.
- უპასუხისმგებლო დამკვეთები რამდენად ხშირად გხვდებიან ხოლმე?
- უპასუხისმგებლო რამდენად ჰქვია არ ვიცი, მაგრამ კურიოზული შემთხვევა რამდენჯერმე იყო. მაგალითად, 2 კვირის წინ, დაახლოებით საღამოს 9 საათზე მირეკავს ადამიანი, 12 საათისთვის ტორტი მინდაო. რას წარმოვიდგენდი, იმავე საღამოს 12 საათს თუ გულისხმობდა? ვიფიქრე, მეორე დღეზე ამბობდა. ვუთხარი, რომ წინა დღით შეკვეთებს არ ვიღებდი... ასე ყოფილა რამდენჯერმე. ძირითადად კმაყოფილები არიან მომხმარებლები და უამრავ მადლობასა და კომპლიმენტს ვიღებ როგორც ჩემს პირად გვერდზე, ასევე ჩემი ტორტების გვერდზეც. მიხარია, როცა ვკითხულობ ხოლმე.
- ხომ არ შეგიძლიათ რაიმე მარტივი რეცეპტი გაგვიზიაროთ?
- შემიძლია გითხრათ, მაგრამ ჩემი მოფიქრებული არ არის. წამიკითხავს ძალიან დიდი ხნის წინ. 45 წლის წინ შემთხვევით ჩამივარდა ხელში რუსული საკონდიტრო წიგნი. ერთი დღით ვითხოვე. ტორტებისა და ნამცხვრების სურათები იყო. ფურცვლაში წავაწყდი ორ რეცეპტს და მას შემდეგ ყოველთვის ვიყენებ. ყველაზე აღფრთოვანებული რითიც დავრჩი, ვაშლის პიურეთი გაკეთებული ბანანივით ნამცხვრები იყო. ცომი რომ მოვზილე, ვიფიქრე, რომ ნიგვზით უკეთესი იქნებოდა. საოცრება გამოვიდა. ჩვენთან ასეთ ნამცხვარს სიგარეტებს ეძახიან. უმარტივესი ცომი აქვს. უნდა მხოლოდ კარაქი, არაჟანი, არაყი და ფქვილი. აფუებას არ უნდა ელოდო. 5 წუთში იზილება. დოზები ასეთია:
400 გრამი კარაქი 4 სუფრის კოვზი არაჟანი 2 სუფრის კოვზი არაყი ეს ყველაფერი უნდა აითქვიფოს და შეეზილოს იმდენი ფქვილი, რამდენითაც გაბრტყლება იქნება შესაძლებელი. გავყოთ მთელი გუნდა 4-5 ნაწილად და მრგვალად გავაბრტყელოთ. თითოეული გაბრტყელებული ცომი დაიჭრება რამდენიმე ნაწილად და მივიღებთ სამკუთხედის ფორმას. თავში ჩავდებთ ნიგვზის ბურთს და გადავახვევთ. ერთი ჭიქა ნიგოზი და ორი კვერცხის ცილა სჭირდება. შაქარი გემოვნებით უნდა დავამატოთ, რადგან ცომს არ აქვს. ნიგვზიანი ბურთულა ხელში ოდნავ უნდა დავაგრძელოთ, ჩავდოთ ცომში და გადავახვიოთ. არ უნდა გაწითლდეს. ამ ნამცხვრის მთელი საიდუმლოება ესაა. როგორც კი გაწითლდება, აბსოლუტურად სხვანაირი ხდება და სხვა დანარჩენებს ემსგავსება, უნდა იყოს ძალიან, ძალიან თეთრი.
- ერთ-ერთ ჯგუფში თქვენ მიერ დადებულმა საზამთროს მურაბამ, დახვეული ქერქებით, უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა. რომ მოგვიყვეთ, როგორ მოამზადეთ.
- პირველად როდესაც დავდე, მართლა ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო. კომენტარში დამიწერეს კიდეც, ამას ბებიაჩემი აკეთებდაო. დაახლოებით 5 წლის წინ სურათი მაქვს ნანახი. გავაკეთე და სასწაულად ლამაზი გამოვიდა. პირველად დავპოსტე ჯგუფში. მას შემდეგ ისეთი სურვილი გაუჩნდათ ადამიანებს, რომ თავადაც აკეთებენ. საზამთროს მურაბის უამრავი რეცეპტი არსებობს. გადავათვალიერე ისინი, რატომღაც ამოვარჩიე ერთ-ერთი, რომელიც ჩაყრისთანავე არ იხარშება და ზოგიერთი სხვა მურაბასავით ორ დღეზე ნაწილდება ხარშვის პროცესი. წონები ჩემ მიერ გამზადებულ ფორმებზე გადმოვიყვანე და მოვხარშე. ძალიან მიყვარს და სასწაულად ლამაზია:
იხილეთ ვიდეოგაკვეთილი:
Video როგორ მოვამზადოთ საზამთროს დახვეული ქერქის მურაბა - ვიდეოგაკვეთილი კონდიტერ თამარ ხმალაძისგან
დავთალე საზამთროს კანები კარტოფილის სათლელით (გამოვიდა 1.300 კგ), დავახვიე და ბამბის თეთრი ძაფით შევკარი (ხის ჩხირებითაც შეიძლება), ჩავყარე სოდიან (ამ წონის ქერქზე 2 სუფრის კოვზი სოდა, წყალი იმდენი, რომ დაფაროს ქერქები) წყალში 5 საათით, შემდეგ გავრეცხე კარგად, ჯამში ჩავყარე ნახევარი ჭიქა შაქრის ფხვნილი, ჩავასხი წყალი და რომ ადუღდა, ჩავყარე საზამთროს კანები, ვადუღე 10-15 წუთი, ისევ გავავლე ცივ წყალში და კარგად რომ გაცივდა, დავაცალე ძაფები. ავადუღე სიროფი (1.800 ლ წყალი და 1 კგ შაქრის ფხვნილი), ჩავყარე კანები, ვადუღე ნახევარი საათი და გამოვრთე, მეორე დღეს დავაყარე კიდევ ერთი კგ შაქრის ფხვნილი, წამოვადუღე. დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე დავამატე ვანილი, ლიმნის მჟავა და 7 მარცვალი მიხაკი (მეტი აღარ მქონდა, თორემ მიყვარს მიხაკის გემო). სასწაულად ხრაშუნა და ქათქათა ფერის გამოვიდა.
თამარ იაკობაშვილი