პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" მე-16 სეზონი დაიხურა. როგორც ყოველ სეზონზე, პროექტში წელსაც ბევრი ახალი პერსონაჟი გამოჩნდა, მათ შორის, "ტროლების უფროსი" ელვირი. ამ როლის შესრულება გადამღებმა ჯგუფმა ნიკა ქავთარაძეს მიანდო. ნიკას კარიერის განმავლობაში თავი არაერთ ამპლუაში მოუსინჯავს, თუმცა სერიალში როლი პირველად ითამაშა და არცთუ ურიგოდ. როგორ აფასებს ნიკა ქავთარაძე სერიალში თავის ნამუშევარს, როგორ მოირგო უარყოფითი როლი, მიიღო თუ არა მისი შექმნილი ელვირი მაყურებელმა და რას ურჩევდა პერსონაჟს, ამაზე ambebi.ge-სთან თავად საუბრობს.
"ჩემი სერიალში შესვლა ნამდვილად რისკი იყო, მაგრამ ეს ასე პირდაპირ არ მომხდარა, სინჯები გადამიღეს, იმსჯელეს და როლზე ამის შედეგად დამამტკიცეს... ყოველი გადაღების დღეს ძალიან ვნერვიულობ, რადგანაც რისკი, რომ მაყურებელი ჩემს დანახვაზე სხვა მიმართულებით არ წავიდეს, სულ არსებობს, მით უმეტეს, რომ გარეგნული თვალსაზრისითაც არაფერი შემიცვლია... მაგრამ არის თაობა, რომელმაც თქვენგან განსხვავებით, ახლა გამიცნო, საერთოდ არ იციან, ვინ ვარ, არც ახსოვთ, აქამდე რას ვაკეთებდი, რადგანაც მაშინ პატარები იყვნენ... ამიტომ, ვიღაცებისთვის მე ვარ მხოლოდ ელვირი. ამას მერე მივხვდი, როცა ჩემი მონაწილეობით პირველი სერია გავიდა", - გვეუბნება ნიკა ქავთარაძე, რომელსაც სასცენო მუშაობის გამოცდილება ნამდვილად აქვს, მაგრამ პროფესიით მსახიობი არ არის, თუმცა ამას როლის შექმნაში, ვფიქრობ, ხელი არ შეუშლია... ასევე რისკი ისიც იყო, რომ არამსახიობს ასეთი უარყოფითი პერსონაჟის როლი უნდა ეთამაშა...
"მთელი ჯგუფი ზრუნავს იმაზე, რომ ტიპაჟი შედგეს, მეც ვზრუნავ... ამიტომ, როდესაც გამოცდილი ადამიანები, დარწმუნებულები იყვნენ გადაწყვეტილებაში, სახე აირჩიეს, - ეს მამშვიდებდა, თორემ მსახიობი რომ არ ვარ, ფაქტია! თანაც ისეთი ხაზით შევედი სერიალში, რომელიც ჩვენს ცხოვრებაშიც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ანუ ტროლებს და ბოტებს ვგულისხმობ", - აღნიშნავს ნიკა ქავთარაძე.
- როდესაც პერსონაჟის ხასიათს მიხვდი, რამდენად კომფორტული იყო ამ პერონაჟთან შენი მიახლება?
- ტიპს იმდენი უარყოფითი თვისება აქვს, დადებითი საერთოდ, არაფერი გააჩნია. თავის ქცევებით, მანერებით იმდენად გროტესკული ტიპაჟია, რომ მსგავსი, კონკრეტული პერსონა არც არსებობს ალბათ, რომელსაც მიბაძავ და როლს ასე შექმნი. ასე რომ, არავის მანერების "დამუღამება" არ დამჭირდა. სრულიად ახალი გმირის შექმნა მომიხდა, (არა)ჩვეულებრივის.
აქ კი უკვე ჩემი წარმოსახვის ტიპი მყავდა, რომელიც არის უპრინციპო, ყველაფერზე წამსვლელი, მასში ბევრი ვიღაცის ცუდი თვისებაა თავმოყრილი. ერთი შეხედვით რთული როლია, მაგრამ მაინც ადვილი, იმიტომ, რომ არ თამაშობ ყველასთვის ნაცნობ ტიპს. ტროლების დირექტორი ხომ არავინ იცის როგორია?! ეს ხომ არ არის რომელიმე ცნობილი, რეალური პერსონა, ირიალურია.
- დამაჯერებელია შენ მიერ შესრულებული როლი, ამას ბევრი აღნიშნავს. როგორ შეძელი?
- ადრეც მითქვამს, ქეთი დევდარიანმა მითხრა, - იცოდე, ისე მოხდება, ქუჩაში ნიკას ნაცვლად ყველა ელვირს დაგიძახებსო, რაც გამართლდა... ხოლო თუ ჩემი როლი შედგა, ეს უკვე მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც გადაღების მიმართ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას იღებს. ამას გადამღებ ჯგუფში ყველა გრძნობს და თავის საქმეს კარგად აკეთებს და საბოლოოდ გამოდის ნამუშევარი კარგი, მეტიც, იდეალური.
გადაღებისას ჩემი, პიროვნული უკან მაქვს გადადებული და სრულიად მინდობილი ვარ რეჟისორს, ადამიანს, ვისაც ეს პროცესი მიჰყავს. ასეთი კარგი რეჟისორები, როგორიც ამ სერიალს ჰყავს, იშვიათია. საშუალებას არ გაძლევენ, რომ ზედმეტად ინერვიულო. შეიძლება, 2-3 სერია ტიპის ძიებაში ხარ, მაგრამ მერე შენს ნამუშევარს ნახულობ და ცდილობ, ხასიათი მეტად დაიჭირო და უფრო კონკრეტული ტიპი შექმნა - ეს პროცესის ნაწილია.
- შენი პერსონაჟის შესახებ ცუდი კომენტარები წამიკითხავს...
- ელვირი რატომ უნდა უყვარდეთ? ისეთი ცუდი და ბოროტი ტიპია, სიყვარულს არ უნდა იმსახურებდეს. უბრალოდ, ვიღაცებს მაინც უყვართ... მაგრამ ჩემზე არ შემხვედრია კომენტარი, როლს ცუდად აკეთებსო. თორემ, ვიმეორებ, ელვირი მოსაწონი რომ არ არის, ამას რა თქმა უნდა?! ის კი არა, ინტერნეტში სალომე შარვაძის გმირს, ქეთის "პუტავდნენ", ბულინგი მოუწყვეს, განიხილავდნენ - ქმარს უღალატაო...აერთოდ, ეს ადამიანები ამ სერიალს ასე აღიქვამენ, ნაწილს ეს პერსონაჟები კონკრეტული ტიპები ჰგონია. უნდთ, მათ ჭკუაზე იარონ. ვიმეორებ, უცნაური ისაა, რომ ასეთი დონის უარყოფითი გმირი ვიღაცებისთვის საყვარელი პერსონაჟია. ეს კი რეჟისორების დამსახურებაა. განაგრძეთ კითხვა