საქართველოში ბოლო პერიოდი კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა შეინიშნება. მას შემდეგ, რაც 25 ახალი შემთხვევიდან, 17 მესტიის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა დაწესდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დაიცვან ყველა რეგულაცია და გაითვალისწინონ, რომ კორონავირუსი არსად წასულა.
"სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება ის, რომ კორონა არის ჩვენ გვერდით. შედეგი სახეზეა - საკმაოდ მნიშვნელოვანი შემთხვევები გვაქვს - სოფელი ლენჯერი, ლენჯერთან დაკავშირებული შემთხვევები თბილისში. ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებული გავხდებით, ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ. წესები გამკაცრდება, ერთადერთი შემიძლია მოვუწოდო ყველას, ვინც მესტიის რაიონში დარჩენილია, მაქსიმალურად დაიცვან ნიღბის ტარება ყველგან, დახურულ სივრცეებში, ასევე დაიცვან დისტანცია მათ შორის, ღია სივრცეებშიც." - განაცხადა პაატა იმნაძემ. როგორც დავრწმუნდით, ვირუსმა შეიძლება ნებისმიერ რეგიონში მოულოდნელად შეგვახსენოს თავი. ამიტომ დავინტერესდით და ვკითხეთ სხვადასხვა რეგიონში მყოფ მოქალაქეებს, მათ ირგვლივ რამდენად იცავენ დაწესებულ რეკომენდაციებს:
გამხმარი დეზობარიერებია თითქმის ყველგან, მოვალეობის მოხდის მიზნით იკეთებენ პირბადეს, ოღონდ ნიკაპზე, ტაქსის მძღოლებს ხშირ შემთხვევაში არ უკეთიათ და ინტრიგანი ხარ, თუ ეტყვი გაიკეთეო. სალონებში შესვლისას არის საჭირო და შიგნით რაც ხდება, გაგაოცებთ. სტომატოლოგიურებში აქვთ ნაყიდი ერთჯერადი ხალათები, რომლებიც, რეგულაციის თანახმად, ყოველ ახალ ვიზიტორზე უნდა ცვალონ, რაც ცხადია, არ ხდება. თერმოსკრინინგი უაზრო სისულელეა, ტემპერატურა თუ გიფიქსირდება, კონდინციონერის ქვეშ გაყენებენ და გაგრილებენ. კორონა არ არსებობს, ხალხი პირში გიძვრება და თუ მოერიდე, უზრდელი ხარ. სადეზინფექციო ხსნარი თუ გაქვს და წესებს იცავ, "მოგცლია რა", მოკლედ ძალიან ცუდ დღეში ვართ და ჯერ სად ვართ. რეგიონებში ისე იქცევიან, გეგონება არც გაუგიათ არაფერი პანდემიაზე. ხაშური, სენაკი, ზუგდიდი, მესტია მოვიარე. უმეტეს შემთხვევაში, პირბადე არც კი იციან, რა არის. გლდანის რაიონში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, პარკებში ერთმანეთს ასხედან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ასევე "ბირჟებზეც" კორპუსებთან, ტრანსპორტს რაც შეეხება, ყველას ცხვირი აქვს გამოყოფილი პირბადიდან და უკვე მაღაზიებშიც აღარ იკეთებენ. თვითშეგნება 0. ყველაზე ამაყი და ამავდროულად შეუგნებელი ერი ვართ. რომ არა ჯარიმის შიში და კონტროლიორი, იქაც არ გაიკეთებდა ბევრი. უბნის მარკეტებში არავის უკეთია და არც არავინ გთხოვს, რომ შენ გაიკეთო. რაჭაში ვიყავი, არსად პირბადე არ უკეთიათ, არც მაღაზიებში, არც აფთიაქში. ყველგან გამოკრულია, მაგრამ არავინ იკეთებს. დისტანციასაც არავინ იცავს. იმერეთში წავედი, ყველას ფორმალურად უკეთია პირბადე. ბაზარში შესვლისას აუცილებელი მოთხოვნაა, მაგრამ ხალხი არ იცავს რეკომენდაციებს. ტრანსპორტში ხალხმრავლობაა და შეუძლებელია დისტანციის დაცვა. წალკიდან, სოფ. საყდრიონიდან შეგეხმიანეთ. ჩვენთანაც, ისე, როგორც ყველგან, ყველა დაწესებულება, მაღაზიები და ასე შემდეგ იცავს რეკომენდაციებს. პირბადის გარეშე არ შევდივართ. ტარდება თერმოსკრიმინგი, ვიცავთ დისტანციას. მაგრამ, ამის მეორე მხარეა, ახლა სოფლებში მიმდინარეობს მაგ. თივის დამზადება, რამდენიმე ოჯახი ერთმანეთს ეხმარება ანუ ერთად მუშაობრე. ცელავენ, აგროვებენ, პრესავენ და მანქანებით სახლებში ეზიდებიან... ბავშვები ეზოებში ერთად დარბიან და თამაშობენ. ქალები ერთად ყავას მიირთმევენ. ხალხს არ უნდა დაიჯეროს, რომ კორონა არსებობს! ბაღის შენობას, მიუხედავად იმისაც რომ არ ფუნქციონერებს, სადეზინფექციო ხსნარით ვამუშავებთ. იმედი გვაქვს, სექტემბრიდან მშვიდობიანად გავაგრძელებთ სასწავლო პროცესს! დღეისათვის საქართველოში კორონავირუსის 1264 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1054 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.
თამარ იაკობაშვილი