"თავადაც ბევრს ვსწავლობ ჩემი მოსწავლეებისგან. ისინი მაიძულებენ მუდმივ განვითარებასა და განათლებას..." - როცა ექვსი შვილის დედა ამავე დროს წარმატებული მასწავლებელია - მშობლები

"თავადაც ბევრს ვსწავლობ ჩემი მოსწავლეებისგან. ისინი მაიძულებენ მუდმივ განვითარებასა და განათლებას..." - როცა ექვსი შვილის დედა ამავე დროს წარმატებული მასწავლებელია

2020-08-31 20:04:40+04:00

ნინო ვეკუა ქართული ენისა და ლიტერატორის პედაგოგია, ამავდროულად, ექვსი შვილის დედაა და ცოტა ხნის წინ - ბებიაც გახდა. მისი მეუღლე საზოგადოებისთვის ცნობილი მამა პეტრეა. ჩვენი ყურადღება კი ნინომ თავისი პედაგოგიური საქმიანობით მიიპყრო. მის მოსწავლეებს წელს შესანიშნავი შეეგები ჰქონდათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა ჩვენთან.

- ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამთავრებისთანავე დავიწყე აბიტურიენტების მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის. კერძო გაკვეთილები საშუალებას მაძლევდა, დრო ისე გამენაწილებინა, რომ ოჯახს ჩემი ხელი არ მოკლებოდა. ამ ეტაპზე ვსწავლობ დოქტორანტურაში და ვმუშაობ დისერტაციაზე. წარმატებით ჩავაბარე მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდა და ამჟამად ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი კერძო სკოლა „ბრიტანიკაში“, მეათე-მეთორმეტე კლასებს.

- რა არის ყველაზე რთული მასწავლებლის პროფესიაში და რა არის ყველაზე დიდი ადრენალინი?

- ჩემი აზრით, ყველა სირთულე ერთგვარი გამოწვევაა. როდესაც გიყვარს შენი საქმე - საგანი და მოსწავლეები, იქ ყველაფერი ბუნებრივად ეწყობა, ეს იქნება ცოდნის გაზიარება თუ ყურადღების განაწილება. მე ხშირად ვამბობ, რომ თავადაც ბევრს ვსწავლობ ჩემი მოსწავლეებისგან. ისინი მაიძულებენ მუდმივ განვითარებასა და განათლებას. ერთხელ ასეთი დავალება შევთავაზე, ფეისბუქზე ნანახი გრამატიკულ-ლიტერატურული შინაარსის „მიმები“ შეეგროვებინათ საერთო ჩათში და თვითონაც გაეკეთებინათ ანალოგიური, თუკი შეძლებდნენ. - მასწ, როგორ მომწონს, რომ ასეთი თანამედროვე ხართ! - მითხრა ერთ-ერთმა. მე გამეღიმა, რაში გამოიხატება ჩემი თანამედროვეობა-მეთქი?!

ეს შემთხვევა ვუამბე ჩემს მეგობარ პედაგოგს, რომელმაც საუბრის დროს სიცილით მკითხა - მოიცა, ეგ „მიმები“ რაღააო?..

mshoblebi

გაკვეთილის პროცესის მისტიკურობას მღვდელმსახურებას შევადარებდი - ყოველი ფრაზა და ყოველი სიტყვა რაღაც დიადთან მიახლოების, იდუმალებასთან წვდომის გზაა, რამეთუ „პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთი...“

ყველაზე დიდი ადრენალინია შენი შრომისა და ძალისხმევის შედეგის დანახვა, თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ შენი მოსწავლე, როგორ იზრდება და ვითარდება პიროვნულად, ინტელექტუალურად. უდიდესი პასუხისმგებლობაა ადამიანის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა, რადგან პედაგოგი მხოლოდ ცოდნას და გამოცდილებას კი არა, თავის შინაგან სამყაროს, თავის პიროვნულ თვისებებსაც უზიარებს მოსწავლეებს. ამიტომაც ვთვლი, რომ მასწავლებელი უპირველესად მაღალზნეობრივი ადამიანი უნდა იყოს, რათა მარადიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე აღზარდოს მომავალი თაობა.

- გამოცდები დამთავრდა და თქვენმა მოასწვალეებმა უმაღლესი ქულები მიიღეს. რა შეფასებას გააკეთებდით ზოგადად ეროვნული გამოცდების შედეგებზე, ასევე თქვენს მოსწავლეებზე?

- ჩემი ორი მოსწავლე - ზუკა შაყულაშვილი და ტატო ბაღათურია - განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, უმაღლესი ქულები აიღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე საგანში, მათ შორის - ქართულში. სხვებსაც ძალიან კარგი შედეგები ჰქონდათ. ზოგადად, ძლერ ბავშვები მყავდა სადამრიგებლო კლასში და ოთხი ოქროს მედლის კანდიდატია.

ვერ ვიტყოდი, რომ წლევანდელი გამოცდები სირთულით ან სიმარტივით გამოირჩეოდა. ძირითადად ეს აბიტურიენტის ცოდნაზეა დამოკიდებული - რაც იცი, მარტივია, რაც არა - რთული. ისეც ხდება, რომ უმარტივეს შეცდომებს უშვებენ და ცოდნას სრულყოფილად ვერ წარმოაჩენენ. ასეთ დროს ყოველთვის ვამხნევებ აბიტურენტებს, რომ ზედმეტად არ ინერვიულონ რამდენიმე ქულაზე. ცხოვრება კიდევ ბევრჯერ მისცემთ თავის წარმოჩენისა და ცოდნის გამოყენების შანსს.

- რამდენად დიდია მასწავლებლის წვლილი მოსწავლის წარმატებაში, მის მომავალ პერსპექტივებში?

- „კარგი მასწავლებელი ხსნის, ძალიან კარგი - დემონსტრირებას ახდენს, დიადი მასწავლებელი კი შთააგონებს“ - ამბობდა უილიამ არტურ უორდი. მე კი დავამატებდი, რომ ცნობისმოყვარე და ინტერესიანი მოსწავლეები შთააგონებენ მასწავლებელს.

- თუ აქვთ მასწავლებლებს ეს გაცნობიერებული? - პედაგოგს არა მარტო უნდა უყვარდეს თავისი მოსწავლე, არამედ სწამდეს და სჯეროდეს მისი პოტენციალის. დაეხმაროს გახსნაში, საკუთარი თავის ძიებაში და შემატოს თავდაჯერებულობა. კარგ მასწავლებელს შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თავისი მოსწავლის ცხოვრება. მასწავლებელი, რომელიც ვერ აცნობიერებს თავის დიად მისიას, გაკვეთილს არც უნდა ატარებდეს. ორჯერ ორისა თუ მეტაფორა-შედარების ახსნა და „აქედან აქამდე“ მონიშვნა, პედაგოგობას არ ნიშნავს. საბედნიეროდ, ბევრი ღირსეული მასწავლებელი გვყავს, რომელთაც გააზრებული აქვთ თავიანთი როლი საქართველოს მომავლის ფორმირებასა და ჩამოყალიბებაში. ქვეყნის ხვალინდელი დღე განათლების ხარისხზეა დამოკიდებული.

- თქვენი შვილები როგორ სწავლობენ? რამდენად იოლია იყო წარმატებული შენს საქმეში, როცა 6 შვილი გყავს?

- ჩემი შვილებიდან მარიამმა დაამთავრა სწავლა. პატარაობიდანვე გამოირჩეოდა ნიჭიერებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. 70%-იანი გრანტით ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და პირველი კურსიც დახურა. დანარჩენებს ყველას თავიანთი განსაკუთრებული ნიჭები და ინტერესები აქვთ. ვცდილობ, ხელი შევუწყო, რომ თითოეულმა თავისი ნიჭი განავითაროს და საკუთარი გზა იპოვოს ცხოვრებაში.

არ არის მარტივი, გყავდეს ექვსი შვილი და ამავე დროს, პროფესიულადაც წარმატებული იყო, მაგრამ სიყვარული გაძლიერებს, სიყვარული საქმისა და ოჯახისადმი, საკუთარი თავისადმი. ჩემი აზრით, რამდენი შვილიც არ უნდა ჰყავდეს ქალს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საყვარელი საქმე, პროფესია, სადაც საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებას შეძლებს. არც ერთი რჩევა-დარიგება არ მოქმედებს შვილებზე, როგორც მშობლების პირადი მაგალითი. ამიტომ ვეცადოთ, ჩვენ ვიცხოვროთ ისე, როგორც გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ. თუკი ჩვენ არ ვვითარდებით პიროვნულად და პროფესიულად, შვილებს როგორ უნდა მოვთხოვოთ წინსვლა-განათლება? თუ ჩვენ არ ვცხოვრობთ ქრისტიანული მორალით, შვილს როგორ მოვთხოვთ ზნეობრიობას? ამიტომ ჯერ საუთარი თავი უნდა აღვზარდოთ იმ პრინციპებზე, რასაც შვილებს ვასწავლით და ვუქადაგებთ.

mshoblebi

- ცოტა ხნის წინ ბებია გახდით. ამაზეც გვიამბეთ და ზოგადად მრავალშვილიანობის პლუსებსა და მინუსებზე.

- თითოეული ადამიანი ერთი სამყაროა, მთელი გალაქტიკაა. ჩემთვის ყოველი ახალი სიცოცხლის დაბადება ღვთის უდიდესი მადლი და წყალობაა. რომ გითხრათ, ბებიობამ ჩემში რაიმე გარდატეხა მოახდინა, არ ვიქნები მართალი. მხოლოდ ის ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა ვიყო, რადგან კიდევ ერთ ადამიანს, ჩემს პატარა ზუკოს ვჭირდები. თავს ბებიად ვერ ვგრძნობ და ძალიან მიხარია, როდესაც ზუკო ჩემი შვილი ჰგონიათ და არ იჯერებენ, რომ შვილიშვილია. გულწრფელად გეტყვით, სიამოვნებით ვიღებ კომპლიმენტებს. ზოგი ფიქრობს, რომ შვილიშვილის ყოლა აბერებს, მე კი პირიქით, საერთოდ დამავიწყდა, რომ ორმოცის ვხდები. ზუკო სითბოსა და სიყვარულის გარემოცვაში იზრდება. ბიჭები ბიძობენ, სოფია კი დეიდობს. ყველა ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს ბავშვის აღზრდაში. მრავალშვილიანობის ყველაზე დიდი პლუსი ეს ერთმანეთზე ზრუნვა და სიყვარულია.

mshoblebi

- რას ურჩევთ მათ, ვისაც აშინებს ბევრი შვილის ყოლა?

- უფალს და გულს მიენდონ! ღვთის საჩუქარზე უარი არ თქვან. რწმენითა და სიყვარულით ყველა სირთულე დაიძლევა. ვისურვებდი, რომ ყველა ქართულ ოჯახს ჰქონდეს მრავალშვილიანობის სურვილი და შესაძლებლობა, სახელმწიფო კი მეტ ყურადღებას აქცევდეს დემოგრაფიულ პრობლემას.