ნინო ვეკუა ქართული ენისა და ლიტერატორის პედაგოგია, ამავდროულად, ექვსი შვილის დედაა და ცოტა ხნის წინ - ბებიაც გახდა. მისი მეუღლე საზოგადოებისთვის ცნობილი მამა პეტრეა. ჩვენი ყურადღება კი ნინომ თავისი პედაგოგიური საქმიანობით მიიპყრო. მის მოსწავლეებს წელს შესანიშნავი შეეგები ჰქონდათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა ჩვენთან.
- ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამთავრებისთანავე დავიწყე აბიტურიენტების მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის. კერძო გაკვეთილები საშუალებას მაძლევდა, დრო ისე გამენაწილებინა, რომ ოჯახს ჩემი ხელი არ მოკლებოდა. ამ ეტაპზე ვსწავლობ დოქტორანტურაში და ვმუშაობ დისერტაციაზე. წარმატებით ჩავაბარე მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდა და ამჟამად ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი კერძო სკოლა „ბრიტანიკაში“, მეათე-მეთორმეტე კლასებს.
ეს შემთხვევა ვუამბე ჩემს მეგობარ პედაგოგს, რომელმაც საუბრის დროს სიცილით მკითხა - მოიცა, ეგ „მიმები“ რაღააო?..
გაკვეთილის პროცესის მისტიკურობას მღვდელმსახურებას შევადარებდი - ყოველი ფრაზა და ყოველი სიტყვა რაღაც დიადთან მიახლოების, იდუმალებასთან წვდომის გზაა, რამეთუ „პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთი...“
ყველაზე დიდი ადრენალინია შენი შრომისა და ძალისხმევის შედეგის დანახვა, თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ შენი მოსწავლე, როგორ იზრდება და ვითარდება პიროვნულად, ინტელექტუალურად. უდიდესი პასუხისმგებლობაა ადამიანის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა, რადგან პედაგოგი მხოლოდ ცოდნას და გამოცდილებას კი არა, თავის შინაგან სამყაროს, თავის პიროვნულ თვისებებსაც უზიარებს მოსწავლეებს. ამიტომაც ვთვლი, რომ მასწავლებელი უპირველესად მაღალზნეობრივი ადამიანი უნდა იყოს, რათა მარადიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე აღზარდოს მომავალი თაობა.
ვერ ვიტყოდი, რომ წლევანდელი გამოცდები სირთულით ან სიმარტივით გამოირჩეოდა. ძირითადად ეს აბიტურიენტის ცოდნაზეა დამოკიდებული - რაც იცი, მარტივია, რაც არა - რთული. ისეც ხდება, რომ უმარტივეს შეცდომებს უშვებენ და ცოდნას სრულყოფილად ვერ წარმოაჩენენ. ასეთ დროს ყოველთვის ვამხნევებ აბიტურენტებს, რომ ზედმეტად არ ინერვიულონ რამდენიმე ქულაზე. ცხოვრება კიდევ ბევრჯერ მისცემთ თავის წარმოჩენისა და ცოდნის გამოყენების შანსს.
- თუ აქვთ მასწავლებლებს ეს გაცნობიერებული? - პედაგოგს არა მარტო უნდა უყვარდეს თავისი მოსწავლე, არამედ სწამდეს და სჯეროდეს მისი პოტენციალის. დაეხმაროს გახსნაში, საკუთარი თავის ძიებაში და შემატოს თავდაჯერებულობა. კარგ მასწავლებელს შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თავისი მოსწავლის ცხოვრება. მასწავლებელი, რომელიც ვერ აცნობიერებს თავის დიად მისიას, გაკვეთილს არც უნდა ატარებდეს. ორჯერ ორისა თუ მეტაფორა-შედარების ახსნა და „აქედან აქამდე“ მონიშვნა, პედაგოგობას არ ნიშნავს. საბედნიეროდ, ბევრი ღირსეული მასწავლებელი გვყავს, რომელთაც გააზრებული აქვთ თავიანთი როლი საქართველოს მომავლის ფორმირებასა და ჩამოყალიბებაში. ქვეყნის ხვალინდელი დღე განათლების ხარისხზეა დამოკიდებული.
არ არის მარტივი, გყავდეს ექვსი შვილი და ამავე დროს, პროფესიულადაც წარმატებული იყო, მაგრამ სიყვარული გაძლიერებს, სიყვარული საქმისა და ოჯახისადმი, საკუთარი თავისადმი. ჩემი აზრით, რამდენი შვილიც არ უნდა ჰყავდეს ქალს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საყვარელი საქმე, პროფესია, სადაც საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებას შეძლებს. არც ერთი რჩევა-დარიგება არ მოქმედებს შვილებზე, როგორც მშობლების პირადი მაგალითი. ამიტომ ვეცადოთ, ჩვენ ვიცხოვროთ ისე, როგორც გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ. თუკი ჩვენ არ ვვითარდებით პიროვნულად და პროფესიულად, შვილებს როგორ უნდა მოვთხოვოთ წინსვლა-განათლება? თუ ჩვენ არ ვცხოვრობთ ქრისტიანული მორალით, შვილს როგორ მოვთხოვთ ზნეობრიობას? ამიტომ ჯერ საუთარი თავი უნდა აღვზარდოთ იმ პრინციპებზე, რასაც შვილებს ვასწავლით და ვუქადაგებთ.