სამედიცინო პროტოკოლის თანხამად, კოვიდინფიცირებულები, რომლებსაც არ აქვთ თანმხლები ქრონიკული დაავადებები და ექნებათ დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა, სასტუმრო-საკარანტინო სივრცეებში განთავსდებიან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით სწორედ საკარანტინო სივრცეებში მოხდება მათი მკურნალობა ექიმების ზედამხედველობით და ეს პროცესი დღეიდან დაიწყება.
როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, სასტუმროებში სამკურნალოდ არ გადავლენ არასრულწლოვნები და 65 წელს გადაცილებული პაციენტები. მისი განმარტებით, მკურნალობას საკარანტინო სივრცეში უსიმპტომო პაციენტები გაივლიან.
„დღეიდან სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ამოქმედდება სასტუმროს მომსახურებით კარანტინში პაციენტების მკურნალობა. ბათუმში უკვე მიმდინარეობს საავადმყოფოდან პაციენტების სასტუმროში გადაყვანა. კლინიკურ ჯგუფთან ერთად განვსაზღვრეთ ის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ჩვენი ექიმები იხელმძღვანელებენ. შემდეგი მიდგომა იქნება, 65 წელზე ზევით პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში და 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც კოვიდ ინფექცია აქვთ დადასტურებული და ამავე დროს არ აქვთ არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება, უსიმპტომობის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ მკურნალობა გაიარონ სასტუმროების ქსელში.
პირველ ეტაპზე სამი სასტუმროა გამოყოფილი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს. კოვიდინფიცირებულებისთვის არის 600 საწოლი საავადმყოფოებში, აქედან დატვირთულია 65%. არსებობს რესურსი, რომ იქ მოთავსებული პაციენტები გადავიყვანოთ სასტუმროებში. ბათუმში მოხდა გაფილტვრა და ბათუმში ჰოსპიტალებში მოთავსებული პაციენტების 15% დღეს გადავა სასტუმროში“,-განაცხადა მინისტრმა.