სოფელ შამგონაში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებული ბაკურ სორდია ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მსჯავრებულს 3 წლიანი სასჯელი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივდა და ციხეში 4 წელს გაატარებს. Ambebi.ge აქტიურად აშუქებდა გახმაურებულ ტრაგედიას.
გარდაცვლილი ეკა მიქავას ოჯახის წევრები ბაკურ სორდიას კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლებას მოითხოვდნენ. გარდაცვლილი ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატი ელისო რუხაძე Ambebi.ge-სთან აცხადებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოსგან განსხვავებით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"გამოძიება დაწყებული იყო 115-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თვითმკვლელობამდე მიყვანას. თუმცა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი და იყო 126-ე, ძალადობის მუხლი, რაც ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს. ჩვენ არ ვეთანხმებოდით ფორმულირებას, რომ მან თავი მოიკლა თვითნებურად და ამ თვითმკვლელობას არანაირი კავშირი არ ჰქონდა უმძიმეს ძალადობასთან. წერილობით მივმართეთ ზუგდიდის პროკურატურას, რათა მათ გაესაჩივრებინათ ეს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ მხრივ პრაქტიკა არის მწირი, ვინაიდან თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლთან დაკავშირებული საქმეებზე ხშირად დგება გამამართლებელი განაჩენი ან სხვა მუხლით კვალიფიცირდება. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც პრაქტიკის თვალსაზრისით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - აცხადებს "საფარის" იურისტი.
სამი შვილის დედა, 32 წლის ეკა მიქავა, მეზობლის ეზოში მდებარე ნაგებობაში 2019 წლის 28 დეკემბერს ჩამომხრჩვალი იპოვეს. განაგრძეთ კითხვა