ჰარმონიული და სასიამოვნო წყვილი - გიორგი ვაშაძე და ქეთი სიჭინავა სამი შვილის მშობლები არიან. პოლიტიკოსის რთული და დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ცდილობს, შვილების აღზრდისა და სწავლა-განვითარების საკითხში მნიშვენელოვანი როლი შეასრულოს და არსებული დრო, მათთან ნაყოფიერი ურთიერთობისთვის გამოიყენოს. გიორგი და ქეთი ოჯახსა და ბავშვთა აღზრდის პრიორიტეტებზე, თავიანთ მეთოდებზე გვესაუბრებიან.
გიორგი:
- ოჯახი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა. სახლში რომ მივდივარ და ჩემს სამ შვილს ვეხუტები, ვეთამაშები, ეს ჩემთვის უდიდესი ენერგიის მომცემია. ზოგჯერ მეხუმრებიან, ტელევიზორში უფრო ხშირად გხედავთო (იცინის). რთული გრაფიკი მაქვს... ჩემთან ურთიერთობა ბავშვებს ძალიან უნდათ ხოლმე და ყველანაირად ვცდილობ, დრო გამოვნახო, ერთი დღე გამოვყო და სადმე გავისეირნოთ, პარკში წავიდეთ, გავერთოთ. ვცდილობთ, ის ცოტა დრო, რაც გვაქვს, ეფექტურად გამოვიყენოთ ურთიერთობისთვის. დილით ადრე ვდგები ხოლმე, რომ სკოლაში წასვლამდე ვეკონტაქტო. პერიოდულად, მათი გაკვეთილების მომზადებაშიც ვმონაწილეობ. შვილებთან მკაცრი არ ვარ, უბრალოდ, თავგასული ბავშვები არ მიყვარს, ასეთი არც მე ვიყავი. მომწონს, როცა კულტურულად იქცევიან, მოწესრიგებულები არიან. ვერასდროს ვიტანდი, მშობლები შვილებს რომ დააყენებენ და ეუბნებიან - მიდი, შეიგინეო. ჩემმა შვილებმა იციან, რომ ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია.
ჩვენი მეორე ბიჭი ძალიან ბეჯითია, უფრო მოწესრიგებული. სკოლიდან რომ მოდის, ჯერ საშინაო დავალებას აკეთებს და თამაშს მერე იწყებს. უფროსი პირიქითაა. სიმართლე გითხრათ, აღზრდის თანამედროვე მიდგომებიდან გამომდინარე, არ მინდა, რაიმე დავაძალოთ, ბავშვს თავისუფალი დროც უნდა ჰქონდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სხვა ბავშვებთან ურთიერთობა და მიხარია, რომ ჩემი სამივე შვილი ძალიან კომუნიკაბელურია, ბევრი მეგობარი ჰყავთ.
მესამე კი გოგონაა და მასაც თავისი განსხვავებულობა აქვს, თითქოს უფრო მეტს ვუთმობთ, უფრო ვანებივრებთ (იცინის). თუმცა, ზოგადად, მე მაინც ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობის მომხრე ვარ. ვაკვირდები ხოლმე ბავშვებს და ჩემი აზრით, მათ დაბადებიდანვე ვუქმნით სტერეოტიპულ გარემოს - გოგონებს სხვანაირად ვექცევით, ბიჭებს - სხვანაირად. ზღაპარსაც კი, გოგონას სხვას ვუკითხვათ, ბიჭს - სხვას. ასევეა, სათამაშოებზეც. მულტფილმებიც კი ისეა შექმნილი, რომ გოგოს სხვა რამის ყურება მოსწონს, ბიჭს - სხვა რამის. როლებს და მოდელებს ვქმნით - გოგონა პრინცესა უნდა იყოს, ბიჭს კი ჰგონია, რომ გმირი უნდა იყოს. ეს ასე განვითარდა, ჩვენ ვზრდით მათ ასეთ გარემოში, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპებია და მერე, ეს განსხვავებულობა საზოგადოებაშიც, სწორედ აქედან მოდის. მერე, მთელი ცხოვრება ამ სტერეოტიპების ნგრევა მიდის. ვფიქრობ, ასეთ საკითხებზე ბევრი უნდა ვიფიქროთ. ქალშიც და კაცშიც ბევრი პოტენციალია, რომლის რეალიზების შესაძლებლობაც არსებობს, მაგრამ სტერეოტიპები ხელს უშლის.
მიშკასა და დაჩის შორის სხვაობა ერთი წელია. უფროს შვილებს ცოტა ეჭვიანობის გრძნობა ხომ აქვთ ხოლმე, როცა ოჯახში პატარა შემოდის და ყურადღება მასზეც ნაწილდება, ამიტომ, თითქოს ცდილობს, რომ დაჩაგროს, მაგრამ ამაზე რაღაცნაირად ვმუშაობთ მე და ქეთი, ვმსჯელობთ ხოლმე, როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ. ხისტ ჩარევებს ვერ ვიტან.
ზაფხულობით, ბავშვები აუცილებლად მიდიან ხოლმე ჩვენს სოფელში, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად, იქაურობა მათაც ძალიან უყვართ და აფასებენ, ბევრ რამეს სწავლობენ. სხვათა შორის, ბიჭებმა ძროხების მწყემსვაც იციან, მოწველაც, მიწას ამუშავებენ და ა.შ. საზღვარგარეთ ბავშვების წაყვანა არ მიყვარს, სასტუმროში შეზღუდულები არიან და თვითონაც მაინც სოფელში ურჩევნიათ ყოფნა, იქ უფრო ერთობიან.
ბავშვობისას, მე და ჩემი ძმა ქუთაისში ჩავდიოდით ხოლმე ბებიასთან, მთელი თვით და ის, თავის მხრივ, საინტერესო რაღაცებს გვასწავლიდა, შრომას გვაჩვევდა. ბებია ვეტერინარია, 85 წლისაა და დღემდე აქტიურად მუშაობს ქუთაისის ბაზარში, ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტია, ღირსების ორდენოსანია. სულ უნდოდა, ჩვენც ეს პროფესია აგვერჩია, მიკროსკოპში დაავადებების ამოცნობაც კი ვიცოდით, მოლეკულები როგორ უნდა დაგვენახა... ერთხელ, პროფილაქტიკაში ხელოსანს მიგვაბარა, მაგრამ მანქანების ელექტრიკოსი ჩვენგან არ გამოვიდა, სამაგიეროდ, მერე, დურგლობის სასწავლად გაგვიშვა, საჭირო იარაღებიც კი გვიყიდა. ჩვენი პატარ-პატარა ნამუშევრებიც გვქონდა. ბებია ძალიან მიყვარს, დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს აღზრდაში. ყურადღებიანი ქალია. ლექსებს გვასწავლიდა, "ვეფხისტყაოსანი" თითქმის ზეპირად ვიცოდით, ასევე, "კაკო ყაჩაღი", ჩემი ძმა კაკო იყო, მე - ზაქრო (იცინის) მერე, მამაჩემი დაგვაყენებდა ხოლმე და ვთამაშობდით (იცინის). სხვათა შორის, მაშინ მივეჩვიე გამოსვლებს. მამა პოლიკლინიკის მთავარი ექიმი იყო ჭიათურაში და დიდი ღონისძიებები რომ ტარდებოდა, მე და ჩემი ძმა გამოვდიოდით ხოლმე...
თამთა დადეშელი