თურქეთში, 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. დაშავებულია 900-ზე მეტი ადამიანი.
ამბავი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ინტერნეტსივრცეს იპყრობს, ალბათ ფანტასტიური ჟანრის ფილმის სცენარი უფროა, ვიდრე რეალობა. თუმცა, თურქმა მაშველებმა რამდენიმე ათეული საათიანი ძებნის შემდეგ, 3 და 4 წლის გოგონები ნანგრევებიდან სრულიად უვნებლები გამოიყვანეს.
"ბეტონზე ამოსული ყვავილები" - ასე უწოდა ადგილობრივმა მედიამ, ელიფ ფერინჩეკისა და აიდას. ორივე გოგონა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც კი გამოიყვანეს, დედა და საჭმელი მოითხოვა, აირა, ანუ დედი სახელი და კოფთე, (კოტლეტი) მინდაო. მერე წყალი მინდაო, თქვა... ძალიან შიოდა და წყუროდა. მართლა წარმოუდგენელია, 30 ოქტომბრის შუადღის შემდეგ, როგორ გაძლო ამდენი ხანი ასე, ამ მდგომარეობაში. მიუხედავად ამ სტრესისა, რომ გამოიყვანეს, იღიმოდა. მაშველი ჰყვებოდა, რაღაც ფაიფურის კოვზი მომხვდა ხელში, მტვრის მასა რომ გამეწმინდა და სწორედ მას ჩაავლო ხელი აიდამო... მუშაობის დროს, მაშველები და მოხალისეები სულ ყვირიან, რომ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ხმა გააგონონ, აქ ვართ და თუ ვინმეა შეგვეპასუხეთო... მაშველი ისეთი ბედიერი იყო, ლოყაზე აკოცა, ეს ჩანს ფოტოზე. რომ გამოიყვანა. აიდა იღიმოდა, იმ მაშველ ბიჭს კი, მტვრიან და ჭუჭყიან სახეზე სიხარულის, ბედნიერების, ემოციების ცრემლები ღარებივით გასდევდა...
აიდას ღიმილმა ყველანი შოკში ჩაგვაგდო. მასაც მამა დახვდა. ისიც მიცვალებულს ელოდა და წარმოუდგენელი ემოცია ჰქონდა. უამრავი ადამიანი გადაარჩინეს, მოხუცები, უფროსები, ბავშვების გადარჩენას სხვა ემოცია ჰქონდა. ისე კი, კიდევ კარგი, რომ დღე მოხდა მიწისძვრა, ხალხი სახლში არ იყო, ზოგი ქუჩაში, ზოგი ტრანსპორტში. ღამე რომ მომხდარიყო, ბევრად მეტი მსხვერპლი იქნებოდა, რადგან მძინარე ხალხს ერთიანად მოიყოლებდა.