სოციალურ ქსელში მრავალშვილიანი მამის საოცარი ისტორია გავრცელდა, რომელმაც საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. პოსტს ხელოვანი მერი ჭიჭიაშვილი ავრცელებს:
„ტაქსის მძღოლის ისტორიები...
ძალიან ემოციური იყო გურული კაცი... 9 შვილისა და 31 შვილიშვილის პატრონი. აქედან 3 შვილი ნაშვილები... ერთი ვაგზლიდან წამოუყვანია. თურმე 10 კაპიკი უთხოვია, ამას 3 მანეთი ამოუღია, და თან ფიქრობდა წაიყვანდა ტანსაცმელსაც უყიდიდა, რადგან ცივი დეკემბრის დღე იყო და ბავშვს მხოლოდ გაცვეთილი წითელი მაისური ეცვა. ხელი ისევ უკან უნდა წაეღო ჯიბისკენ, როცა ამ დროს 10 წლის ბავშვმა გამოსტაცა 3 მანეთი და გაიქცა.. ეს კაცი გაჩერდა, რაღას იზამდა, მაგრამ ცოტახანში ბავშვი ბრუნდება და აძლევს 2 მანეთსა და 90 კაპიკს უკან. იმ დღის შემდეგ 10 წლის ბიჭი მას სახლში წამოუყვანია და თავის 3 შვილთან ერთად გაუზრდია. შემდეგ 3 წლის გოგო უშვილებია ბავშვთა სახლიდან, 2 დღე უტირია თავის 11 წლის „მომვლელზე", წასულან და ის გოგოც თავისთან წამოუყვანიათ...
დღეს ყველა დაოჯახებული ჰყავს...
მამა გაბრიელის ნათლული ყოფილა. 12 წელი ერთად უცხოვრიათ. ისეთი რაღაცეები მომიყვა. კი მითხრა, თვითონაც არ იცოდა ამ ყველაფერს რატომ მიყვებოდა და რამდენიმეჯერ ახსენა, შემთხვევით არაფერი არ ხდებაო.
მოკლედ, გადმოსვლა აღარ მინდოდა...
25 წუთიანი, ძალიან სასიამოვნოდ ემოციური მგზავრობა იყო.
სული და გული გამითბა...
ასეთ დიდი გულის ადამიანს უფალი არასოდეს დატოვებს".