მეცნიერებმა შეძლეს პირველი ნამდვილად ეფექტური ვაქცინის შექმნა, რომელსაც კორონავირუსისგან დაცვის 90%-იანი ეფექტურობა გააჩნია.
ვაქცინის შემქმნელმა კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech-მა ამ მოვლენას მეცნიერების უდიდესი მიღწევა უწოდეს. კლინიკურ ცდებში მსოფლიოს 6 ქვეყნიდან 43 500 ადამიანი მონაწილეობდა. მათში არავითარი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.
მწარმოებლები სერთიფიკაციის ექსტერნულ პროცედურაზე აპირებენ განაცხადის გაკეთებას, რათა ახალი ვაქცინის გამოყენება ნოემბრის ბოლოს უკვე შესაძლებელი იყოს.
ამ ვაქცინას და მკურნალობის ახალ მეთოდებს მსოფლიოში შეზღუდვების დასრულებაც უნდა მოჰყვეს.
კლინიკური ცდების ბოლო ეტაპზე ამ დროისთვის ათამდე ვაქცინა იმყოფება, მაგრამ ეს პირველია, რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი მაღალეფექტურობა.
როგორც კვლევებმა დაადასტურა, ვაქცინა სტიმულს აძლევს ორგანიზმში ანტისხეულებისა და ტ-ლიმფოციტების წარმოქმნას, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან.
ვაქცინაციისთვის 2 ინექცია კეთდება 3-კვირიანი ინტერვალით. აშშ-ში, გერმანიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკაში და თურქეთში ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა დაადასტურა, რომ მეორე ინექციიდან 7 დღეში კორონავირუსისგან დაცვის ეფექტურობა 90%-ს აღწევს.
კომპანია Pfizer დარწმუნებულია, რომ წლის ბოლოსთვის უკვე 50 მილიონ ვაქცინას გამოუშვებს, 2021 წლის ბოლოსთვის კი წარმოება 1,3 მილიარდამდე გაიზრდება.
თუმცა გარკვეული სიძნელე ამ ვაქცინის გამოყენებასაც ახლავს - მისი შენახვის ტემპერატურა -80 გრადუსია ცელსიუსით.
ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუ რამდენ ხანს გრძელდება მისი ეფექტურობა. კომპანიას ვაქცინის ეფექტურობა ჯერ არც ასკობრივი ჯგუფების მიხედვით გამოუქვეყნებია. თუმცა Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, ისინი მიუახლოვდნენ იმ მიზანს, რასაც მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევა ჰქვია.
ჯერჯერობით ვაქცინის შესახებ მონაცემები სრულად ჯერ არ არის გამოქვეყნებული. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, პიტერ ჰოლბის შეფასებით, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი იმისთვის, რომ ვაქცინამ რეალურად შეცვალოს კოვიდსიტუაცის მსოფლიოში, თუმცა ეს ვაქცინა ამ პროცესში ნამდვილად დიდ გარდატეხას შეიტანს.
ამ მოვლენას აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით საყოველთაო ვაქცინაციამდე თვეებია დარჩენილი და სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება კვლავ აუცილებელია."დღეს გავრცელებული ახალი ამბავი დიდებული სიახლეა, მაგრამ ეს არ ცვლის ფაქტს. დღევანდელი სიახლე მომავალი წლის შეცვლის იმედს გვაძლევს, მაგრამ ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანები უცვლელი რჩება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.