მშობლები, მასწავლებლები, ავტორები თუ გამომცემლები არასდროს შეწყვეტენ იმაზე ფიქრს, როგორი წიგნი დააინტერესებთ მოზარდებს, რას წაიკითხავენ დიდი გატაცებით, რას ისწავლიათ წაკითხულიდან და როგორ შეიყვარებენ წიგნებს.
დღეს პრობლემას არ წარმოადგენს იმ წიგნების ქართველ მკითხველამდე მიტანა, რომლებმაც მსოფლიოში უკვე ძალიან ბევრი ნორჩი მკითხველის გული მოიგეს. მოზარდთა რჩეული წიგნების ქართულ ენაზე თარგმნა გამომცემლობა პალიტრა ელმა დიდი ხნის წინ დაიწყო. ბოლო დროს კი წიგნის მაღაზიებში ახალი გამოცემა, ბრიტანელი მწერლის ვაშტი ჰარდის „ბრაითშტორმი“ გამოჩნდა. ბრიტანეთსა და აშშ-ში ის უკვე ბესთსელერია, ამჯერად კი ქართულ აუდიტორიას იპყრობს. ეს სათავგადასავლო, ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებია, რომელიც არამარტო უმცროსი, უფროსი თაობის მკითხველსაც გაიტაცებს.
„ბრაითშტორმის“ შესახებ მოსაზრებების გამოთქმა მის მთარგმნელს გიორგი გომართელს ვთხოვეთ:
- ეს წიგნი გახლავთ საოცარი, ზღაპრული თავგადასავალი, ძალიან საინტერესო სიუჟეტით. "ბრაითშტორმი" მოგვითხრობს მოგზაურობაზე, თანაც საჰაერო ხომალდით მოგზაურობაზე, ჭეშმარიტების ძიებაზე და რაც მთავარია, პირველ რიგში, ეს ტყუპი და-ძმის ამბავია, რომლებიც ჭკვიანები, მოხერხებულები, გამჭრიახები და უშიშრები არიან და მრავალი დაბრკოლებისა თუ გაუსაძლისი ყოფის მიუხედავად, ცდილობენ დაიცვან ყველაზე წმინდა, რამ - ოჯახი და არ დაუშვან მისი სახელის შებღალვა. წიგნში შეხვდებით ძალიან სახალისო და სახასიათო პერსონაჟებს, მოხვდებით მზიან, ცხელ, ასევე შავბნელ, პირქუშ, ცივ, აქამდე უცნობ მიწებზე და ართურთან და მოდისთან ერთად გაივლით გრძელ გზას, რომელიც მათ მრავალ კითხვაზე გასცემს პასუხს.
- როგორი ჟანრის მოყვარულებს დააინტერესებთ უფრო მეტად?
- "ბრაითშტორმში" დახატული გარემო ძალიან ჰგავს ვიქტორიანულ ეპოქას, სადაც სხვადასხვა მექანიკური საშუალებებით, საჰაერო თუ საზღვაო ხომალდებით მკვლევარები ცდილობენ აღმოაჩინონ აქამდე უცნობი მიწები, იქაური ფლორა და ფაუნა, იქ მცხოვრები ადამიანები. ჩათვალეთ, რომ სხვა სამყაროში მოხვდით, სადაც უამრავი უცნობი, გამოუკვლეველი მიწებია და აღმოჩენების ხანაში ხართ. ასე რომ, წიგნი მეტწილად სათავგადასავლო ჟანრს განეკუთვნება და დიდი სიამოვნებით წაიკითხავს ყველა ასაკის მკითხველი.
- თქვენ, როგორც მთარგმნელი, რით გამოარჩევდით ამ წიგნს?
- წიგნში ბევრი ნაცნობი თემაა წამოწეული, როგორიცაა მეგობრობა, სიმამაცე, ოჯახის სიყვარული, აგრეთვე ყოფიერების უარყოფითი მხარეებიც, სიღატაკე, შური, ამპარტავნება. ძალიან ნათელი და ასევე ბნელი პერსონაჟები გვხვდება, საინტერესო იყო მათი კონტრასტი და ასევე ის ფაქტი, რომ მიუხედავად ამისა, მათ ერთმანეთთან მაინც ბევრი რამ აკავშირებთ. ძალიან საინტერესოა თხრობის სტილიც, რომელიც საოცრად მსუბუქია, მარტივი ენით გადმოცემული, თუმცა იმავდროულად იტევს როგორც კარგი, დასამახსოვრებელი იუმორის მოჭარბებულ დოზას, ასევე მძიმე, სევდიან, ხშირად ცრემლების მომგვრელ მონაკვეთებს. ზოგადად, ყოველთვის სახალისოა, როდესაც სათავგადასავლო ლიტერატურას თარგმნი, სადაც სიუჟეტი მალ-მალე იცვლება ახალი ადგილებითა და ახალი ადამიანებით, თარგმნისას შენც წინ მიდიხარ, არ ჩერდები, ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებ.
წიგნი გამოიცა სერია "ლიბერქიდსის" ფარგლებში. მისი შეძენა შესაძლებელია "ბიბლუსის" ნებისმიერ ფილიალში.
გამოწერის შემთხვევაში, გადადით ბმულზე