მსახიობისა და სახალსო არტისტის, გიორგი შავგულიძის დაბადებიდან 110 წელი გავიდა. უამრავი ბრწყინვალედ შესრულებული როლის პარალელურად, მის ცხოვრებაში არსებობდა შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ტრაგედიაც. საინტერესო ისტორიები ტელეწამყვანმა და თეატრმცოდნემ ნიკოლოზ წულუკიძემ მაყურებელს "იმედის დღის" ეთერში გააცნო.
"საინტერესოა, როგორ ისწავლა ჟორა შავგულიძემ კინტოურის ცეკვა. მარჯანიშვილთან რეპეტიციას გადიოდა, "მზის დაბნელება საქართველოში" იდგმებოდა. კინტოს ჟორა თამაშობდა და ამ დრო ლადო გუდიაშვილმა შეიხედა. როდესაც მარჯანიშვილმა ლადო გუდიაშვილი დაინახა, უთხრა, გეხვეწები, კინტოურის ილეთები ასწავლეო და მანაც იქვე, სარეპეტიციო დარბაზში, ჟორა შავგულიძეს აჩვენა, როგორ უნდა იცეკვოს ადამიანმა კინტოური. როდესაც პრემიერა გაიმართა, ლადო გუდიაშვილი წერს, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც მე სცენაზე დავინახე იმიტომ, რომ ჟორა შავგულიძეს სრულიად სხვა ინტერპრეტაციით ჰქონდა გაკეთებული კინტოს სახეო. როდესაც გუდიაშვილის 60 წლის იუბილე გაიმართა, ოპერის თეატრში, 60 საფეხური ჩამოდიოდა ავანსცენამდე. უცებ ჩაბნელდა დარბაზი, აინთო შუქი, მიანათა ჟორა შავგულიძეს, რომელიც კინტოს პოზაში იდგა და მაყურებელმა ტაში დაუკრა. საფეხურებზე რომ ჩამოდიოდა, 60 სხვადასხვა მოძრაობას აკეთებდა, რომელიც იმეორებდა გუდიაშვილის იმ ფრესკებსა და ტილოებს, რომლებსაც ის კინტოებისთვის ხატავდა. მაყურებელი აღფრთოვანებული იყო, რადგან არც ერთხელ კინტოს ჟესტიკულაცია, მიმიკა და სილუეტი არ გამეორებულა. ასე განასახიერა იმერელმა კაცმა თბილისელი კინტო, რომელიც ქართული თეატრის ისტორიაში შევიდა. ისტორიაში შევიდა მისი სახელი და გვარიც, გიორგი შავგულიძე, რომელიც სრულიად შემთხვევით მოხვდა თეატრალურ სამყაროში. ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1928 წელს, როდესაც კოტე მარჯანიშვილი იძულებული გახდა, რომ წასულიყო თბილისიდან და დაეარსებინა ქუთაის-ბათუმის თეატრი, თეთრ ხიდზე გადადიოდა და ხედავს, რომ ერთი მშვენიერი, მოხდენილი ყმაწვილი ხიდიდან რიონში ხტება. ისე მოეწონა ეს ყმაწვილი, კოტე მარჯანიშვილმა შესთავაზა, რომ თეატრში მისულიყო სამუშაოდ. ჟორა შავგულიძემ ქუდი მოაძრო, გადავარდა წყალში და ხვალ მოვალო, ქვემოდან ამოსძახა. მერე ეს სცენა ელდარ შენგელაიას ფილმში "არაჩვეულებრივი გამოფენა" ვნახეთ. მეორე დღეს გიორგი შავგულიძე ხიდიდან პირდაპირ თეატრში მივიდა და ასე დაიწყო ქართულ თეატრში მისი მოღვაწეობა. კოტე მარჯანიშვილის შემოქმედებითი თილისმა იყო, რაც დადგა ქუთაის-ბათუმის თეატრში და შემდეგ უკვე ჩამოვიდნენ თბილისში, აქ გააგრძელა ამ თეატრმა მოღვაწეობა და შემდგომში "მარჯანიშვილის თეატრი" ეწოდა, ყველაფერში როლი ჰქონდა. ვერიკო ანჯაფარიძე წერდა და ჩანაწერიც არსებობს, რომ ჟორას წიგნის კითხვა არ უყვარდა და გაოცებულები ვიყავით, კაცს, რომელსაც წიგნის კითხვა არ უყვარდა, საიდან იცოდა ამდენი რამე პერსონაჟის შესახებო. თამაშობდა ბერძნულ პიესასა თუ ქართულში, ყველა პერსონაჟი ზუსტად იმ ეპოქას ასახავდა, რომელი ეპოქის წარმომადგენელიც იყო ესა თუ ის გმირი.
ყველაზე რთული, რაც იმ პერიოდში მსახიობისთვის იყო, უკიდურესი გაჭირვებაა, რაშიც უწევდა ჟორა შავგულიძეს ცხოვრება. ორი შვილი ჰყავდა, ნახევრად სარდაფში ცხოვრობდა. ერთი შვილი ნესტის გამო გარდაეცვალა. იმიტომ, რომ ნახევრად სარდაფში ვერ მოახერხეს მისი გადარჩენა. მეორე შვილი, როდესაც დაავადდა და ისევ სარდაფში აგრძელებდნენ ცხოვრებას, ჟორა შავგულიძის მეუღლემ, ლიზიკო ვაჩნაძემ, პატარა წერილი დაწერა, რომელიც შვილს, ნუკრი შავგულიძეს, მისცა და უთხრა: შენ კლასელს, კანდიდ ჩარკვიანის შვილს, ჩაუდე ჩანთაში და იქნებ, წაიკითხოს ბატონმა კანდიდმა ეს წერილი და შემდეგ ჩვენს გაჭირვებასაც რამე ეშველოსო. რამდენიმე დღეში, როდესაც ნუკრიმ კანდიდ ჩარკვიანის შვილს წერილი მისცა, ურეკავენ ქალბატონ ლიზიკო ვაჩნაძეს. ლიზიკო ვაჩნაძე მიდის და გასაღებს აძლევენ. იმდენად ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა ეს გასაღები, უთქვამთ, დროზე წაიღე შენი სახლის გასაღები, სხვამ არ შეგასწროთო. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ქალისთვის, დედისთვის, რომელსაც ერთი შვილი სწორედ იმ სარდაფში ცხოვრების გამო გარდაეცვალა, რომ მეორე შვილს გადაარჩენდა. მივარდა ქმართან, ჟორა შავგულიძე ვერ მიხვდა მისი გახარების მიზეზს, აიტაცა ხელში და ასე შეცვივდნენ სახლში, ოროთახიან ბინაში, სადაც გააგრძელეს ცხოვრება. სრულიად ახალგაზრდა, 49 წლის ასაკში, დიდებული არტისტი გარდაიცვალა. ტროლეიბუსმა გაიტანა. მძღოლს, რომელიც თავს იკლავდა მერე, როცა გაიგო, რომ ჟორა შავგულიძე მოვკალიო, ტროლეიბუსზე სწორედ მისი ფოტოები ჰქონდა გაკრული. ვერიკო ანჯაფარიძემ მიცვალებულს გაარტყა, როგორ გაბედე შენ ამ ქვეყნიდან წასვლა და მარჯანიშვილის თეატრი დაობლებაო."- იხსენებ ნიკოლოზ წულუკიძე.