11 თვის ანასტასია გოგოლაძე მძიმე დაავადებას ებრძვის და საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ლანჰენგარსისი უჯრედების ჰისტიოციტოზი ლეტერერ-სივეს ავადმყოფობის დიაგნოზი დაუსვეს, რაც უიშვიათესი დაავადებაა. ბავშვი, ოჯახთან ერთად, ახლა თურქეთში იმყოფება და მკურნალობისთვის დიდი თანხაა საჭირო. უფრო ზუსტად შვილის მდგომარეობისა და საჭიროების შესახებ ანასტასიას მამა გიორგი გოგოლაძე გვიყვება:
"2 თვის ასაკში ტანსა და ხელისგულებზე გაუჩნდა სისხლჩაქცევები. მივმართეთ ადგილობრივ პედიატრს, აუღეს სისხლის საერთო ანალიზი, რის შემდეგაც გადაგვამისამართეს ჰემატოლოგთან. 3 აპრილს კი ანასტასია იაშვილის ბავშვთა კლინიკაში მოვათავსეთ, სადაც მდგომარეობის გაუარესების გამო, 21 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში დააწვინეს, რა დროსაც ჩაუტარდა გამოკვლევები. დაუდგინდა ლანჰენგარსისი უჯრედების ჰისტიოციტოზი ლეტერერ-სივეს ავადმყოფობა, რომელიც იშვიათი დაავადება და 1000 ბავშვიდან შეიძლება ერთს აღმოაჩნდეს. 13 ნოემბრამდე ანასტასია ქიმიოთერაპიით იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. თუმცა, მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა. დღეს უკვე თურქეთში ვიმყოფებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური დაფინანსებით 30 000 ლარითა და სოლიდარობის ფონდისაგან მიღებული 30 000 დოლარის დაფინანსებით. დღეის მდგომარეობით, პროფესორთან ვიზიტის შემდეგ მივიღეთ ასეთი ინფორმაცია, რომ პირველ ეტაპზე, ანასტასიას ჩაუტარდება კვლავ ქიმიოთერაპია ოკლადრათი და ამ ქიმიის მაჩვენებლების მიხედვით გადაწყდება დონორის ძებნის ამბავი. რადგანაც ანასტასია დედმამიშვილი არ ჰყავს, დონორის ძებნა თურქეთი მასშტაბით ხდება. პოვნის შემდეგ ოპერაციის ხარჯი 80 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. თუ ქიმიამ შედეგი არ გამოიღო, დროის დაზოგვის მიზნით, მე და ჩემი მეუღლიდან ძვლის ტვინის სინჯების აღებას დაიწყებენ და გააკეთებენ ჰაპლოიდურ გადანერგვას, რაც სანახევრო ძვლის ტვინის გადანერგვას ნიშნავს, 50% ჩემი და 50% ჩემი მეუღლის იქნება. ოპერაცია ძალიან ძვირია, 90 000ამერიკული დოლარი ჯდება, რისი საშუალებაც ოჯახს არ გაგვაჩნია და თითოეულ ადამიანს ვთხოვთ, ვისაც როგორ შეუძლია, დაგვეხმაროს. ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, მეუღლეს რძე ჰქონდა და რძით იკვებებოდა. დაავადების ნიშნები კი 2 თვის ასაკში გამოვლინდა", - ამბობს ანასტასიას მამა.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ:
თიბისი ბანკი : GE63TB7507145064300032
საქართველოს ბანკი: GE04BG0000000162737541
მიმღები : გიორგი გოგოლაძე, ბავშვის მამა