"გამარჯობა, როგორ ხარ-თქო რომ გკითხო, ცოტა უხერხულია, მეც ეგრე ვარ. მიხარია, რომ გადავრჩით და ცოცხლები ვართ. ახლა ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ, უფრო მეტი სიკეთით სავსე. მართალია არ გვაკლდა სიკეთის კეთება, მაგრამ გავაასმაგოთ. ექიმები ისეთ ამბებს ჰყვებიან, ახლიდან დაბადებულები ვართ. ხოდა ეს ცხოვრება ჩვენი ყოფილა. ჯანმრთელობას გისურვებ.
ბევრ სიკეთეს და გახარებას ცხოვრებაში. ყოველთვის ყველას იღბალს ვუსურვებდი ხოლმე და ეს 100 პროცენტით სიმართლეა. ჩვენ იღბლიანები ვართ. წინ დიდი ცხოვრება გველოდება. არ მახსოვხარ ექსკურსიიდან, მიხარია, რომ კარგად ხარ", - ეს წერილი ერთ-ერთია იმ წერილებიდან რომელიც კლინიკაში მყოფმა სიკვდილს გადარჩენილმა ნატალია თხელიძემ თამუნა (თამო) არღვლიანს გასამხნევებლად მისწერა.
თამუნა არღვლიანი, ნატალია თხელიძე და ხატია დევსურაშვილი რომ გადარჩენილიყვნენ, მართლა მთელი საქართველო ლოცულობდა ამისთვის. უფლის წყალობით და ექიმების ძალისხმევით გონზე მოსული გოგონები, თურმე თავადაც ამხნევებდნენ ერთმანეთს. არც თამო არღვლიანს დაუტოვებია ნატალიას წერილი უპასუხოდ. წარმოუდგენელია ამ საოცარი გოგონების თავს გადახდენილი ამბების მოსმენის შემდეგ არ დარწმუნდე, რომ უფალი სასწაულს ახდენს. ულამაზესი თამო არღვლიანი ახლა სახლშია, თავის თბილ გარემოში, ოჯახის წევრებთან ერთად და რეაბილიტაციას გადის. იმ საშინელი ავარიის შემდეგ ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა, როცა ინტერვიუ ვთხოვე, უარი მითხრა. უამრავი ჟურნალისტი მირეკავს, მაგრამ ჯერჯერობით საუბრისგან თავს ვიკავებო. მაგრამ დავითანხმე და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მასთან.
იმ საბედისწერო დღეს თამო თავის თანამშრომლებთან ერთად წავიდა შატილში. ის "სისაურების" ხინკლის სახლში მუშაობდა.
მთელი ერთი თვე მეგონა, ყველანი კარგად იყვნენ და მკურნალობდნენ სხვადასხვა კლინიკებში, მაგრამ მერე გავიგე რაც მოხდა. ჩემს გარდაცვლილ მეგობრებზე საუბარი მიჭირს. საოცრად კარგი ადამიანები იყვნენ. მთელი გზა ვიცინოდით და ვსაუბრობდით, ფოტოებს ვიღებდით, რას წარმოვიდგენდი თუ უკანასკნელად ვხედავდი მათ. ჩემთვის მტკივნეულია მათზე წარსულში საუბარი. ბატონი დავით სისაური ძალიან კარგი ადამიანი იყო, ლია ასლამაზაშვილი, ქეთი ზაკალაშვილი... მიჭირს მათზე წარსულში საუბარი, ძალიან რთულია იმ ყველაფრის გახსენება. თქვენ რომ ნორმალური ინტერვიუს ვერ გაძლევთ, ამასაც განვიცდი, მაგრამ მიჭირს საუბარი ამ თემაზე. განაგრძეთ კითხვა