დუბაის მმართველის ყოფილ ცოლს, ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინს ჟურნალისტებმა წარსულიდან სკანდალური რომანი „ამოუქექეს“. აღმოჩნდა, რომ ჰაია მეუღლეს ცოლიან მამაკაცთან ღალატობდა. ბრიტანულმა გამოცემებმა დაადგინეს, რომ პრინცესა არამარტო რქებს ადგამდა დიდგვაროვან მეუღლეს, მისი ფულით საყვარელს ძვირფასი საჩუქრებითაც ანებივრებდა.
გასულ წელს პრინცესა ჰაიამ, რომელიც დუბაის ემირის, მოჰამედ იბნ რაშიდ ალ მაკტუმის მეექვსე ცოლი გახლდათ, დაუჯერებელი რამ ჩაიდინა - ცალ ხელში ბავშვით, მეორეში - ჩემოდნით, ქმარს სასახლიდან გაექცა და ჯერ გერმანიაში, შემდეგ ლონდონში დაიდო ბინა.
მაშინ ყველამ იფიქრა, რომ ქალი უბრალოდ, დაიღალა ოქროს გალიაში ცხოვრებით და ტირანი ქმრის ახირებების თმენაც მობეზრდა. თუმცა ახლა გაირკვა, რომ სინამდვილეში ჰაიას გაქცევის მიზეზი თავისუფლების წყურვილი კი არა, სიმპათიური და ათლეტური აღნაგობის მამაკაცი იყო, თანაც უახლოესი გარემოცვიდან. ის პრინცესის პირადი მცველი გახლდათ. ჯერ კიდევ ქორწინებაში მყოფი ჰაია ემირს მასთან 2 წლის განმავლობაში ღალატობდა. სანამ ემირი საქმიანი ვიზიტებით მთელ მსოფლიოში დაფრინავდა, ჰაია პირად მცველთან არამარტო სარეცელს იყოფდა, მისთვის ძვირფას საჩუქრებში ქმრის ქონებასაც ანიავებდა.
ძვირფას საჩუქრებს შორის იყო 50 ათას ფუნტი სტერლინგის ღირებულების იარაღი, ასევე 12 ათასი ფუნტის ღირებულების საათი. ხოლო იმისთვის, რომ პრესასთან ზედმეტი არ ელაპარაკა, 1,2 მილიონი ნაღდი ფულით გადაუხადა.
პირადი მცველი, სახელად რასელი, ცოლიანი გახლდათ. მისმა მეუღლემ იეჭვა ქმრის ღალატი - კაცი ხშირად იგვიანებდა, ტელეფონს გვერდიდან არ იცილებდა, გამუდმებით მესიჯებს გზავნიდა. რა თქმა უნდა, არც ძვირფასი საჩუქრები გამოჰპარვია ფხიზელი ცოლის თვალს. საბოლოოდ კი ცოლმა რასელს რომ ჩანთაში პრეზერვატივები უპოვა, სიმართლეც ათქმევინა და მალე გაეყარა კიდეც. მოგვიანებით მისმა მეგობარმა პრესასთან ისაუბრა, რომ რასელის ცოლს არასოდეს სჯეროდა, რომ მისი ქმარი პრინცესის მიმართ სერიოზულ გრძნობებს განიცდიდა. „ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ პრინცესა რასელს მხოლოდ ფულის წყალობით ინარჩუნებდა. გულუხვად ასაჩუქრებდა, რომ მუდამ მის გვერდით ყოფილიყო“.
როგორც ჩანს, რასელსა და ჰაიას ერთად ყოფნა არ ეწერათ. სავარაუდოდ, მათი რომანი ჰაიას გაქცევამდე დასრულდა. ახლა პრინცესა ბრიტანეთში ცხოვრობს და ლონდონში იორდანიის საელჩოში საპატიო თანამდებობას იკავებს.
ვინ არიან შეიხთა ცოლები - ოქროს მდინარე და შეზღუდული თავისუფლება