ბოლო რამდენიმე დღეა, მედიკამენტი "რემდესივირი" კვლავ აქტიური განსჯის საგანი გახდა. კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც თენგიზ ცერცვაძემ Covid 19-ისგან სწრაფი გამოჯანმრთელება სწორედ ამ პრეპარატს დაუკავშირა. ინფექცური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მისი მკურნალობის პროტოკოლში ამ ანტივირუსული მედიკამენტის ჩართვა პირადი ინიციატივა იყო.
როგორ უყურებენ "რემდესივირის" პერსპექტივას საქართველოში და იქონია თუ არა რეალურად გავლენა თენგიზ ცერცვაძის გამოჯანმრთელებაზე ამ მედიკამენტმა? - AMBEBI.GE ესაუბრა ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ თენგიზ ცერცვაძეს მკურნალობდა.
- თუ დავუშვებთ, რომ ეფექტურია, უნდა გამოიყენებოდეს დაავადების დასაწყისში და ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში, პირველი 7-10 დღის განმავლობაში, როდესაც ვირუსი განიცდის გამრავლებას. მარტივად, რომ გითხრათ, იგი კლავს ვირუსებს და მინიმუმამდე ამცირებს მის რეპლიკაციას, გამრავლებას.
- როგორც მთელს მსოფლიოში, ჩვენთანაც განსხვავებულია მოსაზრებები. ზოგი ეფექტურად მიიჩნევს, ზოგს არ სჯერა მისი. ჯერ ჩვენთან ეს ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომაც არ გვაქვს მისი გამოყენების დიდი პრაქტიკული გამოცდილება.
- ვთვლი, რომ ამ პრეპარატის ეფექტურობა არ არის მაღალი, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში მისი გამოყენება შესაძლებელია, რადგან სხვა უფრო კარგი პრეპარატი ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია.
- რთული სათქმელია, რამ იქონია ბატონი თენგიზის გამოჯანმრთელებაზე გავლენა, ასე ცალსახად გამიჭირდება „რემდესივრთან“ ამის დაკავშირება.