დედის რძე ჩვილისთვის საუკეთესო საკვებია, თუმცა ლაქტაციის პერიოდში და მის შემდეგ, სრულად იცვლება მკერდის ფორმა. ლაქტაციის შემდეგ სარძევე ჯირკვლებში მიმდინარეობს ქსოვილის უკუგანვითარება, რა დროსაც მკერდი კარგავს სიმკვრივეს. შესაძლოა მკერდს უწინდელი მდგომარეობა არ დაუბრუნდეს, თუმცა სრულებით შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ფორმა. ამისთვის საჭიროა რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ.
ცილა და С ვიტამინი
მკერდის ელასტიურობაზე პასუხისმგებელია კოლაგენი, ამიტომ ყოველ დღე მიირთვით 100 გრამი უცხიმო ხორცი ან თევზი. მიირთვით ერთი-ორი ჭიქა რძე. მნიშვნელოვანია მიიღოთ ვიტამინი С ტაბლეტის ფორმით ან ყოველდღიურად მიირთვათ ციტრუსების ახლად გაწურული წვენი.
მასაჟი
მკერდის გასამკვრივებლად საუკეთესო საშუალებაა მასაჟი. თუ წყლის ჭავლით ყოველდღიურად ჩაიტარებთ მასაჟს, ამით გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას. წრიული მოძრაობით ჩაიტარეთ მკერდის მასაჟი, რის შემდეგაც თქვენი მკერდი გახდება უფრო მკვრივი და დაჭიმული. ასევე, ყოველ დღე მკერდზე დაიდეთ კომპრესები: თავდაპირველად რამდენიმე წუთით მიიდეთ ცხელ წყალში დასველებული პირსახოცი, შემდეგ კი - ცივ წყალში დასველებული.
დამატენიანებელი ნიღაბი
მკერდის გარეგნული იერსახისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სარძევე ჯირკვლების კანის მდგომარეობას. ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში მკერდი ხდება გამომშრალი, გამოფიტული, ამიტომ საჭიროა ტენიანობის აღდგენა. ამისათვის გამოიყენეთ კანის დამატენიანებელი ნიღაბი.
გთავაზობთ დამატენიანებელი ნიღბის მარტივ რეცეპტს
ათქვიფეთ ორი კოვზი ხაჭო და ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ფორთოხლის ან ლიმონის წვენი. წაისვით ნაზავი სარძევე ჯირკვლებსა და დეკოლტეს მიდამოებში. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან გვირილას ნაყენით.
მერი ბლიაძე