ელექტროენერგიაზე გაძვირებული გადასახადის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში ის მოქალაქეები, რომლებიც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზრდილს ფასს ვერ იგრძნობენ, რადგან სხვაობას მთავრობა მთლიანად დაასუბსიდირებს. თუმცა, ამის მიუხედავად, უამრავი ადამიანი წერს, რომ ელექტროენერგიაზე წინა თვეებთან შედარებით, გაცილებით მეტი გადასახადი მიუვიდათ. ფაქტზე კომპანია "თელასს" მივმართეთ და ვკითხეთ, რატომ გამოთქვამს ამდენი ადამიანი პრეტენზიას და რა უნდა გააკეთონ, თუ თვლიან, რომ მისული გადასახადის შესაბამისი ელექტროენერგია არ დაუხარჯავთ:
"იმ ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ, განცხადება უნდა დაწერონ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კომპანიიდან მივლენ და შეამოწმებენ მრიცხველს. თუ დაფიქსირდება რაიმე დარღვევა, "თელასი" აიღებს პასუხისმგებლობას და შესწორდება. გარდა ამისა, მოქალაქეებს ჩვენს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შეუძლიათ დაწერონ განცხადება, მიუთითონ სრული საკონტაქტო ინფორმაცია, აბონენსტის ნომერი, დაუკავშირდებიან და ადგილზე მივლენ. ყველა განცხადება ინდივიდუალურია და ოპერატიულად განიხილება. ჩვენ თვითნებურად ტარიფის გაზრდის ან შეცვლის უფლება არ გვაქვს. ეს არის რეგულირებადი სფერო და სემეკის მიერ დაწესებული წესების შესაბამისად ხდება მომხმარებლის მომსახურება. თავად კომპანიასაც ამოწმებს სემეკი, ამიტომ, ჩვენი მხრიდან გაზრდილ გადასახადებზე საუბარი არ არის. ზამთარში ყოველთვის იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანებს შეუძლიათ მოგვმართონ და 10 დღის განმავლობაში ჩვენგან დასაბუთებულ პასუხს მიიღებენ. თუ ჩვენი არგუმენტი მათთვის არასაკმარისი იქნება, მაშინ შეუძლიათ ენერგოომბუდსმენს მიმართონ და იქ იდაონ."- გვითხრეს "თელასში"
თამარ იაკობაშვილი