არ ეგემრიელებათ, ცხოველური ცილების მიმართ მოთხოვნილება დაბალი აქვთ, ღეჭვა ეზარებათ... ბევრ ბავშვს არ უყვარს ხორცი. რატომ? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მთავარი ისაა, რომ არ ეგემრიელებათ, ცხოველური ცილების მიმართ მოთხოვნილება დაბალი აქვთ, ღეჭვა ეზარებათ... ბავშვებს, როცა უარს ამბობენ ამა თუ იმ საკვებზე, თავისებური მიზეზები აქვთ, რომელსაც ყოველთვის ვერ გამოიცნობთ. თავაზობთ 3 მარტივ წესს პატარა ვეგეტარიანელის მშობლებისთვის.
როგორ მოიქცეთ?
ხორციანი კერძების ძალით ჭმევა არ სცადოთ, რადგან ამ მეთოდის სარგებლიანობა ნულის ტოლია. სამაგიეროდ, ბავშვი ძლიერ სტრესს იღებს. თუ ზედმეტი მოგივიდათ, შეიძლება ხორცი და საერთოდ, ჭამაც სამუდამოდ შეაძულოთ.
წესი პირველი
წარმატებული შენიღბვა. ესაა ხორციანი მაკარონი, რომელშიც ხორცს სოუსის სქელი ფენა ფარავს. ისეთი კერძები შესთავაზეთ, სადაც ხორცი უმცირეს ნაკუწებად იქნება დაქუცმაცებული. ასე არც ღეჭვა გაუჭირდება, არც ყლაპვა, შესაბამისად, დისკომფორტიც აღარ ექნება. კარგია ამ დროს გატარებული ხორცის გამოყენება - კატლეტი, გუფთა...
წესი მეორე
წარმატებული ჩანაცვლება - თუ ზემოხსენებული მეთოდი არ ჭრის, ამ შემთხვევაში მოგიწევთ ცილების სხვა გზით მიღება. ესაა თევზი, პარკოსნები (ძირითადად მინდვრის ლობიო, რომელიც ბავშვისთვის საკმაოდ სასარგებლოა), მარცვლეული (განსაკუთრებით წიწიბურა), რომლებიც ხორცის ელემენტებს ჩაანაცვლებს. არც ისაა გამორიცხული, რომ ნამდვილ ვეგეტარიანელს ზრდიდეთ, რომელიც ყველგან იყნოსავს ხორცის სუნს, რაც არ უნდა შენიღბული სახით მიაწოდოთ. ამ შემთხვევაში ჩანაცვლებას ვერ ასცდებით: ლობიოს პიურე, სოიოს კატლეტები (დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი არ არის), ბარდის წვნიანი, თევზეული, სუშიც შეიძლება, ოღონდ არა უმი თევზისგან. ეს ყველაფერი ცილების ნაკლებობას შეავსებს.
წესი მესამე
ახსნა-განმარტებითი მუშაობა: აუხსენით, რამდენად აუცილებელია ხორცი ბავშვის ორგანიზმისთვის. პედიატრსაც სთხოვეთ, ეს ყველაფერი მედიცინის ენაზეც აუხსნას. ბავშვები მიხვედრილები არიან და გაგება არ გაუჭირდებათ.
ხორცის სიძულვილი ბავშვებს ხშირად მხოლოდ საქონლის ხორცის მიმართ აღენიშნებათ. ქათმის და თევზის ხორცს ნორმალურად მიირთმევენ. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, ნუ შეშფოთდებით. თქვენს შვილს ხორცის და ცხოველური ცილების ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები არ დაემუქრება. ასევე არსებობს კიდევ ერთი მიზეზი - სისხლის ჯგუფი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანისთვის ხორცი ნაკლებად საყვარელი და ნაკლებ აუცილებელიც ყოფილა. ყველაზე "მეხორცეები" პირველი ჯგუფის სისხლის მქონენი არიან. თუ თქვენს შვილს მეორე ჯგუფის სისხლი აქვს და ხორცი არ უყვარს, ნუ დააძალებთ. ეცადეთ, ცილები სხვა პროდუქტებიდან მიაღებინოთ და შიგადაშიგ, მრავალფეროვნებისთვის შესთავაზოთ მსუბუქი ხორციანი კერძები.