სცენარისტი მათე მაყაშვილის ამ ემოციურ პოსტს დედაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ავტორის ნებართვით, მის ჩანაწერს ჩვენს მკითხველებსაც ვთავაზობთ:
"გუშინ დედაჩემის დაბადების დღე იყო.
საჯაროდ დღეს მოგილოცავთ.
ეს ფოტო მიყვარს, ნახეთ როგორი ლამაზი და ლაღია. მეც არა მიშავს, ძალიან ბედნიერები ვჩანვართ.
გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ დედაჩემი გმირია. 4 შვილი გაზარდა 90-იანებში, ეგ ოთხი თავისი, თორემ საკლასო ოთახებშიც ზრდიდა სხვებს.
5 ადამიანს გვემსახურებოდა, გვირეცხავდა, საჭმელს გვიკეთებდა. უწყლობაში, უდენობაში.
თან ისე, რომ პროფესიულად მუდმივად ვითარდებოდა.
ჩვენ კიდევ სულ ყირაზე გადავდიოდით, მოვიდოდა დაღლილი, სახლს დაალაგებდა, მაგრამ 5 წუთში ისევ დასალაგებელი ხდებოდა. ფეხბურთის ბურთი ხან რას მოხვდებოდა, ხან რას.
ხელებიც ხშირად ჰქონდა გადაყვლეფილი რეცხვის გამო, მაშინ სარეცხი მანქანები არ იყო. ეგ ხელები დღემდე მახსოვს, მაშინ შევპირდი, სარეცხი მანქანას გიყიდი, რომ გავიზრდები-მეთქი, საბედნიეროდ ჩემ გაზრდას არ დაელოდა და თავადვე იყიდა. მაგრად გამიხარდა, ვღელავდი და არ მომწონდა ეგ ფაქტი, რომ დედაჩემი ბევრს შრომობდა. მინდოდა, დედოფალი ყოფილიყო.
დროთა განმავლობაში დედაჩემთან გაუცხოვება წამოვიდა, ალბათ უკვე თინეიჯერობიდან.
არა, არც ჩხუბი, არც კონფლიქტი არაფერი მსგავსი.
უბრალოდ, რომ დავფიქრდი მივხვდი, რომ დედაჩემს ვერ ვგრძნობდი, ვხედავდი მხოლოდ ფუნქციას, დედას.
მის მიღმა რომ ადამიანი იყო თავისი ემოციებით, ტკივილებით, სიძლიერებით, ბრძოლებით, მაგას ვერ ვაცნობიერებდი, თითქმის 30 წელი.
საერთოდ კაცები ეგრე ვართ, გვიჭირს ქალის ემოციების გრძნობა.
ქალებიც უფრთხიან ემოციების გამოხატვას.
ისიც უნდა ითქვას, რომ მასკულინურ სამყაროში ფემინური ემოციები იჩაგრება. არა მხოლოდ ქალებში, კაცებშიც.
ჩვენც ვთრგუნავთ ჩვენს ფემინურ საწყისს, იმის შიშით, რომ არ დავიცინოთ, ქალოია არ გვიწოდონ.
ამას მაშინ მივხვდი, როდესაც დედაჩემის გაცნობიერება დავიწყე, მივხვდი, რომ რაღაცებს ვერ ვიღებდი, იმასაც მივხვდი, რომ ეს რაღაცეები ჩემი ნაწილი იყო, იმასაც მივხვდი, რომ წინ ვერანაირად ვერ წავიდოდი, თუ ამას არ მივიღებდი.
გაჩნდა განზრახვა, რომ დედაჩემი აუცილებლად უნდა შემეყვარებინა, დანარჩენი თავისთავად მოხდა.
როცა ვიგრძენი უპირობო სიყვარული და მადლიერება, ვერ აგიღწერთ, ეს რამხელა სიხარული იყო.
ვუყურებ, ვფიქრობ მასზე და ცრემლები მდის.
მაგრამ ამას უძღოდა ერთი მტკივნეული გაცნობიერება, რომ დედაჩემი არ მიყვარდა.
ამის გამო სულ ბოდიშის მოხდა მინდება, მაგრამ მთელი ცხოვრება ყოველდღე და ყოველწამს ბოდიში რომ ვიხადო, მაინც არ ეყოფა.
ახლა როგორ ცუდ განწყობაზეც არ უნდა ვიყო, სულ რომ მთელი სამყარო მძულდეს, საკმარისია დედაჩემზე გავიფიქრო, რომ მომენტალურად სიყვარულით ვივსები.
ცოტა ხნის წინათ მცირე სასწაული მოხდა.
ბევრგან შემხვედრია მედიტაციები, მზეს რომ უნდა დაუკავშირდე, მისგან ენერგია აიღო, შემოუშვა სხეულში და ა.შ. რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ არ გამომდიოდა მაინცდამაინც.
იმ დღეს გორში ვიყავი, დილით დამეზარა ჩემი პრაქტიკების გაკეთება და აივანზე გავედი.
მზე იყო, თვალები დავხუჭე და თავისით, დაუკითხავად შემოვიდა. აქ ვიგრძენი კავშირი მზის ცნობიერებასთან. ვუყვვარდი და ზრუნავდა. ჩამკიდა სხივები და შემოიპარა მთელ სხეულში. ნეტარების ცრემლებიც მადინა, მადლიერებითაც ამავსო, უსაფრთხოების განცდაც მომცა.
შემოვბრუნდი სახლში, ვითომც არაფერი, ჩემს სულიერ განცდებში ვარ.
დედაჩემი მიყვება ისტორიას.
როცა პატარა იყავი და ძუძუს გაჭმევდიო, სოფელში ერთი ქალი მოვიდა და მითხრა, ძუძუს როცა აჭმევ, მაგ დროს მზეს მიუშვირეო, ჰოდა გამოვდიოდი და ასე გაჭმევდი მზეზე მიშვერილსო.
აი, მაგის გაგება უნდოდა ჩემს ემოციურ განწყობას?
თან დედაჩემი ბჟალავაა, ბჟა მეგრულად რძესაც ნიშნავს და მზესაც.
თან კოლხების დიდი წინაპარი ჰელიოსია, აიეტის მამა და მზის ღმერთი.
მოიტანა.
ყველაფერი ერთ პაზლად შეიკრა და ღრმად დავრწმუნდი, რომ დედაჩემის მაგ ქმედებამ, უდიდესი გავლენა იქონია ჩემი შემდგომი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, არადა ვითომ ხომ არაფერი, მაგრამ აი დარწმუნეებული ვარ, რომ მას მერე მზეს ვყავდი თავისი მფარველობის ქვეშ.
დედა მნიშვნელოვანი რამეა რა, მით უმეტეს ბიჭის ცხოვრებაში.
იმ დღეს ვბაზრობდით და იმ დასკვნამდე მივედით, რომ დედა კი არ უნდა შეიყვარო ან რამე, დედა უნდა გააცნობიერო და როცა ამას იზამ, დანარჩენი ავტომატურად მოხდება.
დედას ვერ შეიყვარებ, თუ არ გააცნობიერე. იმიტომ, რომ წყენები ბუნებრივია, ყველა შვილს აქვს. თანაც არ ახსოვს.
ბავშვობაში პატარა რამეც კი ძალიან გწყინს და გიხარია. თან ამ წყენებს არ გამოხატავ, ქვეცნობიერში დევნი, და ძალიანაც რომ მოგინდეს შეყვარება, გაგიჭირდება, იყო ტოტალური.
მაგრამ საკმარისია დედის ცხოვრებაზე დაფიქრდე, მის ბავშვობაზე, მოზარდობაზე, მის პრობლემებზე.
ყველა წყენა ქრება, სასაცილო ხდება და მერე უკვე სადღაც გცხვენია შენი თავის და ბოდიშის მოხდა გინდება.
ამდენს იმიტომ ვწერ, რომ მინდა, ყველამ გააცნობიეროთ დედები, ამის გარეშე წინ ვერ წავალთ, ვერც კარიერაში, ვერც პირად ცხოვრებაში, სულ "ჩეპეები" იქნება, ვერც მივხვდებით რატომ.
ამის გარეშე არა აქვს აზრი საერთოდ არაფერს.
გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ადამიანებს რომ ვხვდები, უმრავლესობას ძალიან მარტივ რამეებზე ეტყობა, დედის თემა დამუშავებული აქვს თუ არა, ალბათ მეც მეტყობოდა.
თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ დედაშენი მზრუნველი და კეთილია, მის შეყვარებას რა უნდა, აი დედაჩემი უხეში, ცივი და მკაცრიაო, მაგრამ ერთ რამეში უნდა მენდოთ რა, ყველას ზუსტად ისეთი მშობელი გვყვავს, როგორიც საჭიროა ჩვენი განვითარებისთვის. ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია.
თუ არ გრძნობთ სიყვარულს, პირველ რიგში აღიარეთ, რომ ეს ასეა, დანარჩენი თავისით წავა, აღიარება ყველაზე რთული მომენტია.
მართლა იცვლება ცხოვრება. სასწაულისკენ.
ჰოდა ამ სტატუსით დედებს გაუმარჯოთ.
ყველას გისურვებთ დედების გაცნობიერებას".