მარტა ბარამიძემ ფულის საჭიროება ადრეული ასაკიდანვე გააცნობიერა. ჯერ ისევ არასრულწლოვანი გახლდათ, როცა ბათუმში საკუთარი კომპანია შექმნა. ამჟამად, მარტა ტელერუბრიკას უძღვება და ასევე, კულინარიული გადაცემის პროდიუსერიც გახლავთ... მშრომელ გოგონას, რომელიც ფართო საზოგადოებამ "მასტერშეფიდან" გაიცნო, შემდეგ კი - "ჩემი ცოლის დაქალებშიც" გამოჩნდა, თავისი მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მკითხველისთვის გაზიარება ვთხოვეთ...
- ფულის მნიშვნელობა და საჭიროება ბავშვობაში გავაცნობიერე, როცა სასწავლო წლის დაწყების წინ, სკოლის ფორმა, წიგნები, რვეულები და სხვა სასკოლო ნივთები მჭირდებოდა, რომელთა შეძენის საშუალება არ მქონდა. მერე ძირითადად, სხვის მიერ უკვე გამოყენებული წიგნების, ჩანთის, სასკოლო ფორმის მოძიება მიწევდა. მივხვდი, რა მაგარი იქნებოდა, ფული მქონოდა და ყველაფერი ახალი მეყიდა.
- შემოსავლის საკუთარი წყაროს ძებნა როდის დაიწყე?
- ჯერ კიდევ მეორე კლასში ვიყავი. ზუსტად ახალი სასწავლო წელი იწყებოდა და ვფიქრობდი, ფული როგორ მეშოვა. ჯართის შეგროვება დავიწყე. გულმოდგინედ ვაგროვებდი. თუ სადმე რკინის პატარა ნაჭერი ეგდო, ჩემთვის ის უკვე ფული გახლდათ. მახსოვს, 1 კილო ჯართის ჩაბარება 20 თეთრი ღირდა. იმდენი შევაგროვე, რომ ხუთასზე მეტი ლარი ავიღე. ჯართის ჩასაბარებელ პუნქტში ტომრები მე და ჩემმა მეგობარმა მივიტანეთ, დიდი ურიკით (რომელიც 2 ლარად ვიქირავე). ადგილზე მისულებს ღიპიანი კაცები დაგვხვდნენ. ორმა ბავშვმა ამდენი ჯართი რომ მივიტანეთ, ცოტათი ალმაცერად შემოგვხედეს - რამე ხომ არ მოიპარესო? მერე, როცა ნახეს, რაც გვქონდა შეგროვებული, შოკში ჩავარდნენ (
იცინის)...
- რაში გამოიყენე მიღებული თანხა?
- პირველ რიგში, ვიყიდე სკოლის ფორმა, წიგნები, რვეულები... თუ ვინმეს დახმარება სჭირდებოდა, ცოტ-ცოტა ფული მივეცი. სახლში ბევრი საჭმელი მივიტანე. მერე გარკვეული თანხის გადადებაც მოვახერხე, რომელსაც მთელი წელი ვიზოგავდი, რათა სკოლის ბუფეტში ყოველდღე 20-თეთრიანი "პონჩიკი" თუ "პერაშკი" მეჭამა.
- შენს გამზრდელ მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?
- არანაირი, რადგან დიდად არც კითხულობდნენ, საიდან რა "მოდიოდა და მიდიოდა"... ჩემს ერთ-ერთ კლასელს შინ ვალდებულება ჰქონდა, რომ სკოლიდან დაბრუნებულს სახლი დაელაგებინა (მისი მშობლები მუშაობდნენ). სახლის დალაგება ისე ეზარებოდა, რომ კანფეტების სანაცვლოდ, სახლს მე ვულაგებდი. ასეთი "ბარტერი" გვქონდა (
იცინის).
- პროფესია როგორ აირჩიე?
- ბავშვობაში მსახიობობა მსურდა. სპექტაკლებს სულ ვესწრებოდი. რეჟისორებს ვეუბნებოდი, რომ თეატრალურში ჩაბარება მინდოდა და ვთხოვდი, რეპეტიციებს დამასწარით-მეთქი. მსახიობებს რომ ვეუბნებოდი, - მეც თეატრალურში ჩაბარებას ვაპირებ-მეთქი, თავზე ხელს გადამისვამდნენ (მათ შორის, ქალბატონი მარინა კახიანიც) და მპასუხობდნენ, - შვილო, არ გინდა. წადი, რამე ნორმალური პროფესია აირჩიე, არ იცი, ჩვენი ცხოვრება როგორიაო (
იღიმის)... საბოლოოდ, როცა ეროვნული გამოცდების დრო დადგა, 1 თვე ძალიან კარგ პედაგოგთან ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვემზადებოდი. დავმეგობრდით კიდეც და დღემდე ახლო მეგობრები ვართ. მას რომ ვუყურებდი, თავის საქმეს როგორ კარგად აკეთებდა, თავისი ცოდნითაც და ფინანსური თვალსაზრისითაც საუკეთესო დონეზე იყო, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე. ასეც მოვიქეცი... ცოტათი "პროტესტანტი" სტუდენტი გახლდით: უნივერსიტეტში რაც არ მომწონდა, ხმამაღლა ვამბობდი, რის გამოც ლექციებიდანაც მაგდებდნენ... ბათუმში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის დასრულების მერე, თბილისში ჩამოვედი, ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე... შემდეგ პოლიტიკური პარტიის პიარის მიმართულებით ვმუშაობდი. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში პიარსა და მარკეტინგს ვსწავლობდი...
განაგრძეთ კითხვა