მინდა, ჩემი გამოცდილება გავუზიარო თქვენს მკითხველებს, მშობლებს და იქნებ, ვინმეს გამოადგეს კიდეც. რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია, თუმცა არ მგონია, ჩემი ამბავი ძალიან გამონაკლისი იყოს.
ახლა მშობლებს ერთი სული აქვთ, როდის გაიხსნება ბაღები, მე კი გაგონებაც არ მინდა და არანაირად არ ვაპირებ, უმცროსი შვილი, რომელიც უკვე 4 წლისაა, ბაღს გავაკარო. საკმაოდ მწარე გამოცდილება დამიგროვდა უფროსთან და მინდა გიამბოთ, როგორ აფუჭებს ბაღი ბავშვს...
ზოგადად, ბაღში ბავშვის მიყვანას არ ვგეგმავდი. თავისუფალი გრაფიკით ვმუშაობ და ბავშვებისთვის საკმაო დრო მრჩება, ეზოშიც ხშირად ჩამყავს და მეგობრებთანაც დავდივართ, ამიტომ თანატოლებთან ურთიერთობის დეფიციტი ჩემს შვილებს არასდროს ჰქონიათ. სადმე წასვლაც რომ მომნდომებია, დედაჩემი ახლოს ცხოვრობს და ადრეც ვტოვებდი მასთან და ახლაც, როცა მჭირდება, მეხმარება. მაგრამ ახლობელ-მეზობლებმა და ჭკუის დამრიგებლებმა ტვინი გამომაცალეს, ბაღი აუცილებელია, სოციალიზაცია, ახალი უნარების სწავლა, სკოლისთვის მომზადება... მოკლედ, უამრავი არგუმენტი დამისახელეს, რატომ უნდა მიმეყვანა ბავშვი ბაღში და ლამის ცუდ დედად გამომაცხადეს, რაკი ბავშვს ამ "გამოცდილებას" ვაკლებდი.
ბოლოს ვერ გავუძელი ამ წნეხს და 3 წლის და 6 თვის იყო ჩემი უფროსი ბიჭი, ბაღში რომ შევიყვანე. ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ბავშვი იყო, ნორმალური მანერებით, ბევრი უნარით და ინფორმაციით, რადგან სულ ვუკითხავდი, ვასწავლიდი, როგორც მშობელი, მას ძალიან ბევრ დროს ვუთმობდი და ეს ეტყობოდა ბევრ რამეში...
რა თქმა უნდა, პირველი ორი კვირა იყო კატასტროფა. სახლის მშვიდი გარემოდან ამდენი ბავშვებით გაძეძგილ სივრცეში რომ აღმოჩნდა, სადაც ყველა ტიროდა და დედა არ იყო სიახლოვეს, ძალიან განიცადა. ყოველ დილას მოთქმით ტიროდა, რომ ბაღი არ უნდოდა. მე მეორე დღესვე დავტოვებდი სახლში, მაგრამ ყველა მარწმუნებდა, რომ პირველი ორი კვირა ძალიან რთულია, ყველა ასეა და მალე მიეჩვევა... დავნებდი ამჯერადაც და ორი კვირა მოთქმა-ვაებით ვიარეთ.
ორი კვირის მერე ნამდვილად აღარ უტირია, თუმცა ბედნიერი ნამდვილად არ იყო. უბრალოდ ბედს შეეგუა და ძალიან უკმაყოფილო სახით მომყვებოდა ბაღისკენ, ხოლო როცა ვტოვებდი იქ, ყოველ ჯერზე ისე მიყურებდა, მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. მერე თავს ვიმშვიდებდი, რომ ეს ყველაფერი მის გამო კეთდებოდა, მისი განვითარებისა და მომავლისთვის...
რა იყო სინამდვილეში და რა ისწავლა?
თავდაპირველდ, მივიღეთ სერიოზული სტრესი. პირველი თვის განმავლობაში ისეთ ემოციებში იყო, ღამე კოშმარები ესიზმრებოდა და უცებ წამოხტებოდა ხოლმე შეშინებული. ერთი თვე ვებრძოლეთ ამ სტრესს ბევრი საუბრით, ჩახუტებით, ხატვით და ა.შ. - მამშვიდებდნენ, რომ ბავშვი სტრესებთან გამკლავებას სწავლობდა.
სრულიად ჯანმრთელმა ბავშვმა დაიწყო ავადობა - ყოველ მეორე კვირას ხან გრიპი ჰქონდა, ხან ახველებდა, ხან სიცხე ჰქონდა. ორშაბათს მივიყვანდი, პარასკევს უკვე ცუდად იყო. მერე ორი კვირა სახლში იყო და ვმკურნალობდით. მამშვიდებდნენ, რომ ბავშვი იმუნიტეტს იმაგრებდა და ავადმყოფობებთან ბრძოლას სწავლობდა...
ასევე "გამოვიწრთეთ" ტილებთან ბრძოლაში, რომლებიც ორჯერ გადაედო ბაღში სიარულის განმავლობაში და ძალიან ძნელად დავამარცხეთ. ასევე მოიხადა ჩუტყვავილა და გარშემო მყოფებმა სიხარულით გვამცნეს, რომ ესეც კარგი ამბავი იყო, რადგან მოხდილი ჰქონდა, აღარ ვიღელვებდით მომავალში ამაზე.
აღარაფერს ვიტყვი სხვა პრობლემებზე - ბავშვმა დაიწყო ცუდი სიტყვების მოტანა ბაღიდან; თუ მანამდე გამართულად საუბრობდა, უცებ ჩლიქინი დაიწყო - სხვებს ბაძავდა; თუ რამეს ვერ იღებდა, ისტერიკულად ტიროდა - ესეც ბაღში ისწავლა თანატოლებისგან, აქამდე ასეთი რამ არ გაუკეთებია; ენატანიობას მიეჩვია და ყვირილს, აგრესიული გახდა და რასაც იქ ხედავდა ბავშვებში, ყველაფერს იმეორებდა... აღარაფერს ვიტყვი ასევე იმაზე, რა პირობებში იყო - 30-მდე ბავშვი ერთ სივრცეში, ღრიანცელი, ალიაქოთი, შეუძლებელი იყო, იქ რამე ესწავლა და რამე გაეგო ახალი და კარგი... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ წელიწადში ისეთი სხვანაირი იყო, თითქოს ვიღაცამ შვილი გამომიცვალა.
რასაკვირველია, საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ კარგზე მეტს ბაღში ცუდს სწავლობდა და სრულიად არ იყო მისთვის სასარგებლო ეს გარემო. აღარავის მოვუსმინე და გამოვიყვანე ბაღიდან. გავაგრძელე ისევ შინაურ გარემოში მისი აღზრდა-განვითარება, 6 წლისა კი მივიყვანე სკოლაში და ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. უბრალოდ კიდევ ვნანობ იმ ერთ წელსაც, რომელიც ტანჯვად გვექცა ორივეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია, ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია და სხვადასხვანაირად ეგუება სხვადასხვა გარემოს, ასევე დავრწმუნდი, რომ თუ აუცილებლობა არაა და გყავს ბავშვის დამტოვებელი, ბაღში მიყვანა მხოლოდ "რამის სასწავლად" და "სოციალიზაციისთვის" სისულელეა და ასევე იმაში, რომ სხვებს არ უნდა მოუსმინო და პირველ რიგში შენს დედურ ალღოს და შვილის თვალებსა და გულს უნდა დაუჯერო, როცა მისთვის აკეთებ რამეს.
ნინო, 27 წლის.