ეს საკითხი მარტო საქართველოში არ აღელვებთ პრობლემა, რომელიც ძალიან ბევრ მშობელს აერთიანებს, ბავშვების წიგნებით დაინტერესებაა. ყველას გვინდა, ჩვენი შვილების საყვარელ გატაცებად სწორედ წიგნი იქცეს და არა ვირტუალური თამაშები. როგორც ჩანს, ეს საკითხი მარტო საქართველოში არ აღელვებთ. არა მარტო მშობლები, თვით გამომცემლებიც ათასგვარ ხერხს მიმართავენ, რომ რაიმე განსხვავებული, ასაკზე ორიენტირებული, გემოვნებაზე მორგებული წიგნები შესთავაზონ უმცროს მკითხველებს. ილუსტრაცია, ლამაზად გაფორმებული ტექსტი, წერის მარტივი სტილი და რაც მთავარია, საინტერესო სიუჟეტი საბავშვო გამოცემისთვის აუცილებელი ხდება.
ქართული გამომცემლობების დახმარებით ყველაზე წარმატებულ უცხოური პროექტები აქაური ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება. ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული პროექტი გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ გამოცემული "ჯერონიმო სტილტონი" გახდა.
ეს იტალიური პროექტია, რომელიც მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ სერიის არაერთი წიგნი თუ კომიქსი გამოიცა სხვადასხვა ენაზე. წარმატებულია მისი მულტსერიალიც. ჯერონიმო ერთი სიმპათიური თაგვია, რომელსაც ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს. როგორც პალიტრა L-ში აცხადებენ, წიგნი წარმატებით იყიდება. განსხვავებული სიუჟეტი და ხალისიანი თხრობის მანერა, როგორც ჩანს, ჩვენი ბავშვებისთვისაც თავშესაქცევი აღმოჩნდა. ალბათ, ქართველი ავტორების ნაწარმოებებიც რომ ასე "იფუთებოდეს", მულტსერიალებად გამოდიოდეს და მათი გმირების სათამაშოები იყიდებოდეს, ბევრად მეტ ბავშვს დავაინტერესებდით.
კითხვის წახალისების ერთგვარი ხელის შემწყობია საბავშვო ჟურნალებიც. ჟურნალმა "საბავშვო კარუსელმა", რომელიც 4-8 წლის ბავშვებზეა ორიენტირებული, ჯერონიმო თავის მკითხველსაც წარუდგინა.
"ჯერჯერობით უცხოური გმირები მეტი პოპულარობით სარგებლობენ. ჯერონიმო ჩვენს რეალობაში ახალია, თუმცა დიდი შანსი აქვს, რომ ქართველმა ბავშვებმაც შეიყვარონ. ჯერონიმო ხომ თავად არის წიგნების და გაზეთის გამომცემელი. ანუ წიგნების და კითხვის პოპულარიზაცია ამ გმირთან განუყრელია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჯერონიმო ჩვენი რუბრიკების ხშირ-ხშირი სტუმარი გახდეს. საერთოდ, ჟურნალს დიდი როლი მიუძღვის ბავშვის კითხვისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, აზროვნების განვითარებაში. პატარა, რომელიც თავიდანვე ეჩვევა წიგნებს, ჟურნალში მოცემული სახალისო აქტივობების შესრულებას, მომავალში აუცილებლად იქნება ინტერესიანი მოსწავლე და აქტიური მკითხველიც", - აცხადებენ "საბავშვო კარუსელის" რედაქციაში.
ბავშვს რომ კითხვის ინტერესი გაუჩნდეს და მკითხველად ჩამოყალიბდეს, ამისთვის გარკვეული რეკომენდაციები არსებობს. ამ რეკომენდაციებში ძირითადად, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ბავშვს არც უნდა დააძალოთ კითხვა და არც უნდა აუკრძალოთ, იკითხოს ისე, როგორც თავად სურს. ასე ნელ-ნელა შეუყვარდება კითხვა და თანდათან კითხვის წყურვილი და უნარჩვევებიც ჩამოუყალიბდება.
ფრანგმა მწერალმა, დანიელ პენაკმა მშობლებს რამდენიმე წესი შესთავაზა:
ბავშვს უნდა დაუტოვოთ უფლება...
1. არ წაიკითხოს.
2. გადაახტეს გვერდებს.
3. არ დაამთავროს წიგნის კითხვა.
4. გადაიკითხოს.
5. ხანდახან რეალური წარმოსახვითით ჩაანაცვლოს.
6. იკითხოს, სადაც გაუხარდება.
7. იკითხოს, რაც უნდა.
8. თითი ატაკოს წიგნში სასურველ ადგილებში.
9. წაიკითხოს ხმამაღლა.
10. გაჩუმდეს წაკითხულის შესახებ.