ის, რომ მამაკაცი იპარსავს წვერს და ეწევა სიგარეტს, არ ნიშნავს, რომ ის უკვე "დიდი ბიჭია" ბავშვობა ადამიანის ცხოვრების ის ხანაა, რომელშიც ბევრი მოზრდილი ადამიანი სიამოვნებით დაბრუნდებოდა. მაგრამ ვაი, რომ დრო მიდის და უკან დაბრუნება შეუძლებელია. სამაგიეროდ, ზოგს თურმე ბავშვობაში დარჩენა ხელეწიფება. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ფსიქოლოგის მტკიცე რწმენით, ეს მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ...
მოზრდილ ადამიანებს ბევრი ფაქტორი ზღუდავს, ისინი ხშირად, სხვადასხვა წესისა და სტერეოტიპის ტყვეობაში არიან მოქცეულნი. ბავშვები კი ისე იქცევიან, როგორც სურთ. გარკვეულ წესებს მხოლოდ ამა თუ იმ თამაშის დროს მისდევენ. სწორედ ასეთი მიდგომით გამოირჩევა ბავშვობაში დარჩენილ მამაკაცთა ერთ-ერთი ტიპი.
მარინა რეხვიაშვილი, ფსიქოლოგი:
- ცნება - ბავშვობაში დარჩენილი მამაკაცი - პირობითი გახლავთ. ის, რომ მამაკაცი იპარსავს წვერს, ეწევა სიგარეტს, ილტვის საპირისპირო სქესისკენ, ზის ძვირად ღირებული მანქანის საჭესთან და სვამს ლუდსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელს, სულაც არ ნიშნავს, რომ ის უკვე "დიდი ბიჭია". შესაძლოა, გაესაუბროთ ზრდასრულ მამაკაცს და მიხვდეთ, რომ ის ბავშვობაშია დარჩენილი. ასეთი ტიპის მამაკაცები შესაძლოა, რამდენიმე ჯგუფად დავყოთ. პირველში შედიან მამაკაცები, რომლებიც ასე ვთქვათ, ყოველგვარი წესის გარეშე ცხოვრობენ - ისე, როგორც ამა თუ იმ მომენტში მოესურვებათ. მზად არიან, ნებისმიერ ხერხს მიმართონ, ოღონდაც საკუთარი კაპრიზი აისრულონ. გაიხსენეთ, თქვენი უახლოესი მამაკაცი - მამა, ძმა, ქმარი თუ უბრალოდ მეგობარი - როდის ნახეთ ბოლოს, სიხარულისა და აღტაცებისგან თავბრუდახვეული; როდის გაიცინა ბოლოს მთელი გულით. მსგავსი კითხვები ჩემს ერთ-ერთ პაციენტს, 40 წლის მამაკაცს რომ დავუსვი, იცით, რა მიპასუხა?.. შარშანწინ, ზამთარში, როდესაც მეგობრებთან ერთად ბაკურიანში ვიყავი, დავნაძლევდით, რომ ორსართულიანი სახლის სახურავზე საბუხრე მილით ავძვრებოდი; ისინი მიმტკიცებდნენ - ვერ შეძლებო; უკვე სახურავზე ვიყავი, როდესაც თოვლზე ფეხი დამიცურდა და მიწაზე დავეხეთქე; მართალია, ამის გამო ჩემი მარჯვენა ფეხი თაბაშირში ჩასმული აღმოჩნდა, მაგრამ მაინც ძალზე გახარებული ვიყავი, რადგან თავი ბავშვი მეგონა და ჩადენილი ცელქობის მიზეზით დაზიანებული კიდური სულაც არ მანაღვლებდაო... რასაკვირველია, მხოლოდ ამ ერთი შემთხვევის გამო ვერ ვიტყვით, რომ ეს კაცი ბავშვობაშია დარჩენილი. მაგრამ შემდგომი საუბრისას აღმოვაჩინე, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ გახლდათ: როდესაც სამსახურში ყოფნა მწყინდება, შეუმჩნევლად ვიპარები, კაბინეტიდან ფეხაკრეფით გამოვდივარ ხოლმე, რომ უფროსმა ვერ შემნიშნოს და ან კინოში მივდივარ, ან - ზოოპარკში, ან ქალაქში დავხეტიალებო, - მიამბობდა ჩემი პაციენტი... აღმოჩნდა, რომ მას ასევე ძალიან იტაცებდა: ზღაპრების კითხვა, მულტფილმების ყურება. სხვებისგან მალულად, როდესაც შინ მარტო იყო, საწოლზეც ხტუნაობდა და თავისი შვილის ველოსიპედითაც სეირნობდა ხოლმე ოთახიდან ოთახში... ხშირად უჩნდებოდა სურვილი, რომ რაიმე გაეფუჭებინა. როდესაც ცოლი იკითხავდა – ვინ გატეხა კარის სახელური? ვინ გაკაწრა კარადის კარიო? - ის პატარა ბავშვივით თავს იმართლებდა ან ჩადენილს არ აღიარებდა... ეს პაციენტი ჩემთან ამ პრობლემის გამო როდი მოსულა. მას დეპრესია ჰქონდა და ეს სულაც არ გახლავთ გასაკვირი. თუმცა, მიზეზს თავადაც ვერ აცნობიერებდა. წლების განმავლობაში მას ბევრი ისეთი სურვილი დაუგროვდა, რომელსაც ვერც მალულად და ვერც სხვების დასანახავად ისრულებდა. თუმცა, როგორც მასთან ურთიერთობისას გაირკვა, მას არც
ახდენილი სურვილები აკმაყოფილებდა. "მინდა, რომ ვისაც თმა უკან, ცხენის კუდივით აქვს შეკრული - მოვწიწკნო, ღიპიან მამაკაცებს ენა გამოვუყო, ეზოში ჩავიდე, ხელები რუპორივით პირთან მივიტანო და ბავშვობის მეგობარს შევძახო - გელა, წამოდი, ფეხბურთი ვითამაშოთ-მეთქი", - მიამბობდა პაციენტი. მას არ აკმაყოფილებდა გარემო, რომელშიც ცხოვრობდა. ერთფეროვნად მეჩვენებაო, - ამბობდა. სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა არ შეეძლო. მას უნდა ევლო სამსახურში, რადგან ჰყავდა ოჯახი, რომელიც მის კმაყოფაზე იყო. უნდა მოქცეულიყო ისე, როგორც მისი ასაკის მამაკაცს შეჰფერის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გიჟად მონათლავდნენ და შესაბამის დაწესებულებაში გაამწესებდნენ... არადა, სამწუხაროდ, ასეთის ბავშვობიდან მთლიანად დაბრუნება თითქმის შეუძლებელია - რაოდენ ბუნებრივადაც არ უნდა იქცეოდეს, ის მაინც გარკვეულ დისკომფორტს განიცდის... ბავშვობაში დარჩენილი მამაკაცების მეორე ტიპს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ აღწერილი მოთხოვნები, მაგრამ ისინი ბავშვობის მოგონებებით სულდგმულობენ. ასეთი რამ ძირითადად, იმათ ახასიათებს, ვისაც სრულიად უზრუნველი და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდათ და მოზრდილობის ჟამს, ცხოვრებაში წარმატებებს ვერ მიაღწიეს...
ნატო, 35 წლის:
- როდესაც გავთხოვდი, მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად ცალკე გადავედით. ის დედისერთა გახლავთ, მაგრამ როცა შესაძლებელია, ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მშობლებისგან მოშორებით იცხოვროს, რატომ არ უნდა გამოიყენოს ეს შანსი?.. როდესაც ახალ ბინაში გადავბარგდით, გურამმა უამრავი უსარგებლო ნივთი წამოიღო თან: რაღაც ძველი სათამაშოები, თავისი პირველი კლასის სასკოლო სახელმძღვანელოები, რვეულები, სამთვლიანი ველოსიპედი... როცა ყველა ნივთს თავისი ადგილი მივუჩინე, რამდენიმე, ძალზე ძველი სათამაშო სანაგვე ყუთში გადავყარე. გარკვეული ხნის შემდეგ, ქმარმა ის სათამაშოები მოიკითხა. როცა ვუთხარი, თუ რა გზას გავუყენე, ლამის გაგიჟდა. ისე ვიჩხუბეთ, არასოდეს დამავიწყდება. ეს ყველაფერი ბავშვობაა, ჩემი ცხოვრების ნაწილია, როგორ არ გესმისო?! მიყვიროდა გურამი... მალე შევრიგდით, მაგრამ დროდადრო, დღემდე მსაყვედურობს ამ შემთხვევის გამო. ძალზე უყვარს ამ ამბების გახსენება, რომლებიც ბავშვობაში გადახდენია თავს. ყველა ამბავი უკვე ზეპირად ვიცი. ის კი არც ერთ შანსს არ გაუშვებს ხელიდან, რომ კიდევ და კიდევ მოჰყვეს. მე და მის მეგობრებს უკვე აღარ გვეცინება, ის კი მთელი გატაცებით გვიამბობს ხოლმე. თუ როგორ ჰპარავდა ბებიას ჩურჩხელებსა და ტყლაპს, როგორ იპარებოდა მდინარეზე საბანაოდ, რა უჩუქებიათ მისთვის დაბადების დღეს და როგორ დაისაჯა მთელი მისი კლასი შატალოზე წასვლის გამო... მოყოლისას თვალები უელავს და იგრძნობთ, რომ ძალზე ბედნიერია. ხშირად მეუბნებოდა – დედაჩემი ასე, ხელით მაჭმევდა საჭმელსო, - და მთხოვდა, ხანდახან, მეც პატარა ბავშვივით მეჭმია მისთვის რაიმე... ერთი წლის წინ, ჩემთვის შევიძინე ოთახის ჩუსტები - ვარდისფერი, კურდღლის ყურებითა და ცხვირით. ძალზე მოეწონა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი, შინ მისული, მის ჩაცმას ვეღარ ვასწრებდი, რადგან უკვე გურამს ჰქონდა ფეხები ჩაყოფილი და არაფრის დიდებით არ მითმობდა... სულ ცოტა ხნის წინ კი, მართლაც სასაცილო შემთხვევა მოხდა: გვიან ღამით გამეღვიძა და გურამი საწოლში ვერ აღმოვაჩინე. აივანზე მივაგენი. იდგა და დაბლა იყურებოდა. გვერდით ამოვუდექი და ვკითხე – რატომ არ გძინავს-მეთქი? პასუხის ნაცვლად, გურამმა კიდევ ერთი ამბის მოყოლა დაიწყო: აი, ასეთი მთვარიანი ღამე იყო, როცა ბავშვობაში, ნაძლევით, სასაფლაოზე გავიარეო... დაწვრილებით აღმიწერა თავისი განცდები, თუ როგორ ეშინოდა, საფლავებს შორის მარტო რომ იყო... ამ დროს, საიდანღაც ღამურა გამოჩნდა და გურამს თავთან ჩაუქროლა. შეშინებული, პატარა ბავშვივით ამომეფარა ზურგს უკან და ჩამეკრა. მალევე მიხვდა, რომ კარგად არ გამოუვიდა და თავის მართლება სცადა...
- მისი ასეთი საქციელი პრობლემებს გიქმნით?
- იცით, თითქოს რეალურ ცხოვრებას მოწყვეტილია და დღესდღეობით მხოლოდ იმისთვის ცხოვრობს, რომ წარსული გაიხსენოს... ის შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა და ბავშვობაში მისი ნებისმიერი სურვილი მშობლებისთვის კანონი იყო. როცა დაოჯახდა, დედის მზრუნველობა მოაკლდა, მამაც მატერიალურად ვეღარ ეხმარებოდა, იძულებული გახდა, ოჯახი ერჩინა. ამისთვის ბევრი შრომა მოუხდა. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო იხსენებდა ხშირად ბავშვობას, თითქოს, ამ მოგონებებს იშველიებდა თავის დასაცავად - მაშინ ხომ მართლა ძალზე ბედნიერი იყო...