3 წლის გოგონას დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა შვილმა სახლში ყველაფერი საღებავებით მოხატა და სჭირდება სპეციალისტის რჩევა, რა უნდა გააკეთოს მსგავს სიტუაციაში, როგორი უნდა იყოს მისი მიდგომა:
"10-15 წუთი აბაზანაში შევედი. როდესაც გამოვედი, დავინახე, რომ ჩემი 3 წლის გოგონას გუაშითა და ფლომასტერებით წიგნები, სათამაშოები, საბაშვო სავარძელი, ხალიჩა, საკუთარი ხელები, ფეხები, სახე ... ყველაფერი მოუხატავს. ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მალევე ავიყვანე საკუთარი თავი ხელში. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი მსგავს სიტუაციაში? დასჯა გამოსავალია?"- წერს ის.
ფსიქოლოგი კი ამბობს:
"უპირველეს ყოვლისა, ადრეული ასაკი სამყაროს შეცნობის ხანაა. ეს პროცესი კი შესაძლოა უფროსებისათვის ზოგჯერ მოულოდნელად და უსიამოვნოდ წარიმართოს. თქვენ 3 წლის გოგონასთვის საოცარი ფერთა სამყარო გააღეთ და აღმოჩნდა, რომ მას შეუძლია დამოუკიდებლად რაღაც დახატოს, სცადოს. ამ ასაკში ბავშვი ჯერ კიდევ ექსპერიმენტატორია. მისთვის ძალიან საინტერესოა რაღაც ახლის შექმნა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 3 წელი, ეს არის კრიზისული ასაკი, რომელსაც "მე თვითონ" ჰქვია. დამოუკიდებლად სურს ბავშვს მოსინჯოს საკუთარი ძალები და სამყარო შეიცნოს. როგორც ჩანს, თქვენს გოგონას ძალიან აინტერესებს, გაიგოს, რა მოხდება, თუ საღებავებს არა მხოლოდ ფურცელზე, არამედ ტანსაცმელზე, სათამაშოებსა და საკუთარ სხეულზე გადაიტანს. რა თქმა უნდა, დედისთვის ეს ძიების პროცესი რთული აღსაქმელია, რადგან ბავშვმა შეიძლება 10 წუთში არიოს დალაგებული სახლი, რაღაცები დაყაროს და დაალაქაოს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ამ დროს ბრაზის გამოხატვით თრგუნავთ მის ბუნებრივ მოთხოვნილებას, რომ სამყარო შეიცნოს. თუ თქვენ აუკრძალავთ, ეჩხუბებით, საღებავებს წაართმევთ და დაუმალავთ, მსგავსმა ქცევამ შესაძლოა მომავალში ცნობისმოყვარეობისა და სწავლისადმი ინტერესის დაქვეითება გამოიწვიოს. დაითრგუნოს მისი შინაგანი სურვილები და მისწრაფებები.
ამიტომ, მსგავს სიტუაციაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, ბავშვის ინტერესის მხარდაჭერაა, თუმცა ცოტა სხვა მიმართულებით. მისი თანდასწრებით დაიწყეთ დალაგება, როდესაც თქვენი შვილი დაინახავს, რომ ნივთებს საღებავი შორდება, მის სახესა და სხეულზეც აღარ რჩება კვალი, შეუფასებელ გამოცდილებას მიიღებს ახალ საქმიანობასა და თქვენთან ურთიერთობაში."